ახალი პლანეტის პოვნას დედამიწის გადარჩენა სჯობს — პრინცი უილიამი

ახალი პლანეტის პოვნას დედამიწის გადარჩენა სჯობს — პრინცი უილიამი

პრინცი უილიამი მდიდარ ადამიანებს მოუწოდებს, რომ დედამიწის გადარჩენაზე იყვნენ ორიენტირებულნი და არა კოსმოსური ტურიზმის განვითარებაზე. "ბრწყინვალე გონების მქონე ადამიანები პლანეტის მდგომარეობის გამოსწორებაზე უნდა ფიქრობდნენ, ნაცვლად იმისა, რომ აქედან წასასვლელ ადგილს ეძებდნენ", — ამბობს უილიამი BBC-თან მიცემულ ინტერვიუში.

პრინცმა Earthshot Prize-ის შესახებაც ისაუბრა, რომლის მიზანიც იმ ადამიანების წახალისება და დაჯილდოებაა, ვინც დედამიწის გადარჩენაზე ზრუნავს. სახელწოდებას თუ დავაკვირდებით, ეს მიუთითებს 1960-იან წლებში ამერიკის "moonshot" ამბიციაზე, როცა ჯონ კენედიმ პირობა დადო, რომ შემდეგი 10 წლის განმავლობაში მთვარეზე ადამიანს გაგზავნიდა.

იმის ფონზე, რომ რიჩარდ ბრენსონი და ილონ მასკი კოსმოსურ ბიზნესს ავითარებენ, პრინცი უილიამი ამბობს, რომ მას კოსმოსში მოგზაურობის ინტერესი არ აქვს და უფრო მნიშვნელოვანი იმაზე დაფიქრებაა, თუ როგორი ზიანი ადგება გარემოს კოსმოსური ფრენებისას გამოყოფილი ნახშირბადით.

პრინცმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს შორის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული შფოთვა დღითიდღე იზრდება. ეს კი სწორედ ის ადამიანები არიან, რომელთა მომავალსაც საფრთხე ყველაზე მეტად ემუქრება. უილიამის თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით მისი შთაგონება მამას, ედინბურგის ჰერცოგ ჩარლზს, უკავშირდება, რომელიც "კლიმატის ცვლილებაზე იმაზე უფრო ადრე საუბრობდა, ვიდრე ადამიანები ამას სერიოზულად აღიქვამდნენ".

Earthshot Prize-ის ხუთი გამარჯვებული თვის ბოლოს გამოვლინდება და თითოეული ფულად ჯილდოს მიიღებს.