გუშინ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ორი განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
მიუნჰენის „ბაიერნი“ სტუმრად ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა გერმანელების გამარჯვებით დასრულდა - 2:0. იუპ ჰეინკესის ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ იტალიელებს ერთი თავით სჯობნიან. „ბაიერნმა“ მეტოქე მეორე მატჩშიც დაამარცხა - 2:0.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მიუნჰენური კლუბის ბრაზილიელი მცველი დანტე გამოცემა „Goal.com”-ს ესაუბრა. სამხრეთ ამერიკელის მტკიცებით, მისი გუნდი შარშანდელ შეცდომას აღარ გაიმეორებს და ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში აუცილებლად გაიმარჯვებს.
„გასულ წელს მიუნჰენში, ლონდონის „ჩელსისთან“ დასანანი დამარცხების შემდეგ ფეხბურთელებმა პირობა დადეს, რომ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში აუცილებლად გაიმარჯვებდნენ. ჩვენი გუნდისთვის სეზონი მეტად წარმატებულად მიმდინარეობს. წინა კვირას გერმანიის ჩემპიონის წოდება ოფიციალურად გავიფორმეთ. ამჟამად ჩვენს წინაშე ქვეყნის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების ამოცანა დგას.“ - განაცხადა დანტემ.
ხვალ შვეიცარიაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის კენჭისყრა გაიმართება. დღეს დილით „ბაიერნის“ პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი ვებ-გვერდს „sport 1. de”-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ ნახევარფინალში მეტოქედ დორტმუნდის „ბორუსიას“ ისურვებდა.
„ნახევარფინალურ ეტაპზე სუსტი გუნდები აღარ არიან. ამის მიუხედავად მოწინააღმდეგედ დორტმუნდის „ბორუსიას“ ვისურვებდი. ამ გუნდს კარგად ვიცნობთ და გერმანიის პირველობაზე მათთან თამაშის დიდი გამოცდილება გაგვაჩნია.“ - განაცხადა ფრანც ბეკენბაუერმა.