კოლუმბიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელ რადამელ ფალკაოზე წამყვან ევროპულ კლუბებს ნამდვილი ომი აქვთ გამოცხადებული.
გასულ წელს გავრცელდა ცნობა, რომ რადამელი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებდა. „სამეფო გუნდის“ ხელმძღვანელობა „ატლეტიკოსთვის“ სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდას აპირებდა. მაშინ ფალკაომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ კიდევ ერთი სეზონი დიეგო სიმეონეს გუნდში გაეტარებინა, „რეალში“ კი 2013 წლის ზაფხულში გადასულიყო.
დღეს დილით გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ ფალკაო კარიერას სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.
ცნობილი გახდა, რომ ბრიტანულმა გუნდმა კოლუმბიელთან წინასწარი მოლაპარაკება უკვე ჩაატარა და მისი თანხმობაც მიიღო. მანჩესტერელები „ატლეტიკოს“ 50 მილიონ ევროს ურიცხავენ. ამ გარიგების შესახებ მხარეები უახლოეს მომავალში ოფიციალურად განაცხადებენ.
2011 წელს „ატლეტიკოს“ კარის დარაჯი დავიდ დე ჰეა ფერგიუსონის კლუბში გადავიდა. იმ დროიდან ამ ორი გუნდის ხელმძღვანელობას შორის თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.
ესპანური გამოცემის მტკიცებით, ფალკაოს დიდ ბრიტანეთში გადასვლის ამბავი საბოლოოდ გადაწყვეტილია. ამის მიუხედავად არ არის გამორიცხული, რომ 27 წლის ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალოს და მადრიდის „რეალში“, „ჩელსიში“ ან „მანჩესტერ სიტიში“ აღმოჩნდეს.