გიგა ბოკერია: ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ჯგუფები გზას უკეტავენ აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ძალადობის პროვოცირება აინტერესებს

გიგა ბოკერია: ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ჯგუფები გზას უკეტავენ აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ძალადობის პროვოცირება აინტერესებს

როცა ხელისუფლება ასე იქცევა, როგორც წესი, ყველაფერზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ამიტომ არის ნიშანდობლივი ის სამარცხვინო ამბავი, რაც ვიხილეთ დღეს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია საპროტესტო აქციისკენ მიმავალი ავტოკოლონებისთვის გზის გადაკეტვის მცდელობას.

ბოკერიას განმარტებით, ხელისუფლებას სამოქალაქო მშვიდობა არ აინტერესებს.

„როდესაც ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ჯგუფები გზას უკეტავენ საპროტესტო აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს, თან ასეთი სიძულვილის კონტექსტით, ეს ივანიშვილის რეჟიმის პირდაპირ უტიფარ განცხადებას ნიშნავს, რომ სამოქალაქო მშვიდობა კი არ აინტერესებთ, პირიქით, ძალადობის პროვოცირება აინტერესებთ. როცა ასე იქცევა ხელისუფლება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა როგორც წესი, ეკისრება მას, ამიტომ არის ნიშანდობლივი ის სამარცხვინო ამბავი, რაც ვიხილეთ დღეს“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები თბილისში მიმავალ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ცოცხებით დახვდნენ. "ქართული ოცნების" აქტივისტები სამეგრელოში, იმერეთში და კახეთში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციისკენ მიმავალ ადამიანებს სხვადასხვა შეძახილით აცილებდნენ.