Volvo 460,769 ხარვეზიან ავტომობილს უკან გამოიხმობს

Volvo 460,769 ხარვეზიან ავტომობილს უკან გამოიხმობს

შვედური ავტომწარმოებელი, Volvo, საკუთარ ძველ მოდელებზე აღმოჩენილი უსაფრთხოების ბალიშების პრობლემების გამო 460,769 ავტომობილს უკან გამოიხმობს. როგორც აღმოჩნდა, აირბაგების პრობლემა იმდენად დიდია, რომ საავარიო სიტუაციის შემთხვევაში ფატალური შედეგის დადგომის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება.

კომპანიამ შეერთებული შტატების უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანოს განუცხადა, რომ ინციდენტისას აირბაგში მოთავსებულმა ინფლატორის ფრაგმენტმა სიცოცხლის მოსპობაც შეიძლება გამოიწვიოს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაში წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, Volvo-სათვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფატალური ინციდენტის შესახებ არის ცნობილი. შესაბამისად, სამომავლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, შვედური ავტომწარმოებელი აღნიშნული მოდელის ყველა ავტომობილს უკან გამოიხმობს, რაც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

როგორც აღინიშნა, დეფექტიანი აირბაგების მქონე ავტომობილები Volvo-ს ძველი მოდელებია. კონკრეტულად კი პრობლემები აღმოაჩნდა 2001-დან 2006 წლამდე გამოშვებულ S80 და 2001-დან 2009 წლამდე გამოშვებულ S60 მოდელებს. ავტომობილები საერთო ჯამში 2000 წლის მაისიდან 2009 წლამდე იწარმოა.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, კომპანია უკან გამოხმობილ ავტომობილებზე ყველა აირბაგის უსასყიდლოდ გამოცვლას გეგმავს. Volvo საკუთარ მომხმარებლებს აღნიშნულის შესახებ მომავალი თვის ბოლომდე შეატყობინებს.