ბათუმის მერია, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, თითო გარდაცვლილზე 10 ათასი ლარით დაეხმარა. ამის შესახებ for.ge-ს ექსკლუზიურად ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ნგრევის შედეგად დაზარალებულები დროებითი საცხოვრებლით დაკმაყოფილდნენ, ვიდრე ცნობილი არ გახდება ექსპერტიზის პასუხი - ვარგისია თუ არა კორპუსი საცხოვრებლად.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.
ქალბატონო ლელა ტრაგედიიდან რამენიმე დღე გავიდა. თუ არის ცნობილი სულ რამდენი ოჯახია დაზარალებული და რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდა დროებითი საცხოვრებლით?
- კორპუსში, სადაც სადარბაზო ჩამოინგრა, 53 ოჯახი ცხოვრობდა. ყველა უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი. ბათუმის მერიის მიერ 23 ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი, დანარჩენებმა სასტუმროში გადასვლაზე უარი განაცხადეს და ახლობლებთან არიან. პარალელულად, მათთან ბინების დაქირავებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. ანუ, ისინი ბინებს დაიქირავებენ და მერია 53-ვე ოჯახს ბინის ქირას გადაუხდის იქამდე, ვიდრე არ დადგინდება აღნიშნულ კორპუსთან დაკავშირებით რა ღონისძიებები უნდა გატარდეს - ექვემდებარება აღდგენას თუ დემონტაჟს. ამ ყველაფერს ექსპერტიზა გვეტყვის. იქამდე კი, ეს ოჯახები ბინებით დაკმაყოფილდებიან.
ექსპერტიზის პასუხი როდის იქნება ცნობილი?
- ექსპერტიზის პასუხს წუთი-წუთზე ველოდებით. ექსპერტები იყვნენ ჩამოსულები, დაზიანებული კორპუსი შეისწავლეს და დასკვნას ველოდებით. პარალელულად, კიდევ დავუკვეთეთ გვერდით მდგომი ორი კორპუსის ტექნიკური ექსპერტიზა, რათა ვნახოთ, ხომ არ არის რაიმე საშიშროება ამ მეზობელი კორპუსებთან დაკავშირებითაც.
ანუ, აღნიშნული სადარბაზოს ჩამონგრევამ მეზობელი კორპუსებიც დააზიანა?
- ჩამონგრევის დროს გვერდითი კორპუსები არ დაზიანებულა. უბრალოდ, ერთმანეთთან ახლოს დგას. მემედ აბაშიძის გამზირზე დგას ერთი კორპუსი, რომლის ერთი სადარბაზო 26 მაისის ქუჩაზე გადის. მეორე კორპუსი კლიდიაშვილის ქუჩის კუთხეში დგას. ანუ, ეს ორი მეზობელი კორპუსის ექსპერტიზაც გვაქვს დაკვეთილი, რათა დავრწმუნდეთ, რომ უსაფრთხოა. რა თქმა უნდა, მოსახლეობაში შიში არის, აღნიშნული კორპუსებიდან რამდენიმე ოჯახი სასტუმროშიც კი გავიყვანეთ. როდესაც ამ ორი კორპუსის მდოგმარეობაც გაირკვევა, თუ უსაფრთხო იქნება, უკან დაბრუნდებიან. თუ აღმოჩნდება, რომ საფრთხის შემცველია, შემდეგ მივიღებთ სხვა ზომებს.
დაზარალებული ოჯახები, რომ უსაფრთხოდ არიან გადაყვანილი კარგია, მაგრამ საინტერესოა, მერია იმ ოჯახებს რითი დაეხმარა, ვისი ოჯახის წევრები ნგრევას ემსხვერპლნენ?
- აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ყველა ოჯახს თითო გარდაცვლილზე 10 ათასი ლარი გადაეცა. სამ ოჯახში თითო გარდაცვლილია, ერთ ოჯახში ოთხი დაღუპულია, მეორე ოჯახია კიდევ - ცოლი და შვილი დაეღუპა. ამ ადამიანებს აღნიშნული თანხა უკვე ჩაერიცხათ. გარდა ამისა, ყველა ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. ასევე, ამ ეტაპზე ვისაც რა სჭირდება, საყოფაცხოვრებო ნივთები, მედიკამენტები თუ სხვა, რაზეც მოთხოვნა არის, ყველაფერს ვაკმაყოფილებთ. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ მედიკამენტების გამო ვინმემ მოგვმართა - არ ყოფილა ასეთი შემთხვევა.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ვიდრე რაიმე ტრაგედია არ მოხდება, იქამდე დიდად ასეთ საკითხებს ყურადღებას არ ვაქცევთ. ბათუმი ტურისტული ქალაქია და ოჯახებმა, რომ შემოსავალი მიიღონ, ბინებს მიშენებას უკეთებენ. აღნიშნული ტრაგედიის შემდეგ, ბათუმის მერიამ თუ დაიწყო კორპუსების შემოწმება?
- ბათუმში მუნიციპალური ინსპქცია არსებობს, რომელიც მშენებლობებზე რეაგირებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სადაც სარემონტო სამუშაოები ფართის შიგნით მიმდინარეობდა, ფასადზე არანაირი ჩარევები არ ყოფილა და ასევე არც მომართვიანობა არ ყოფილა, ამიტომ მუნიციპალურ ინსპექციას არ აქვს უფლება კერძო საკუთრებაში შევიდეს, თუ ის არაფერს არ არღვევს. ფართის მესაკუთრეს რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით არ მოუმართავს, რასაც მინდა გითხრათ, რომ ნებართვა ესაჭიროება. ანუ, თავად აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს და წინასწარი ვარაუდით, მზიდი კედლის დაზიანება მოხდა.
ზოგადად, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული პრობლემა ყველგან არის - ფართების გაფართოების მიზნით დაშენების შემთხვევები. ძალიან ბევრი მომართვიანობაა და ყველა ამ მომართვაზე რეაგირებს ჯგუფი, როგორც მუნიციპალური ისნპექციის, ასევე მუნიციპალური სერვისების სააგენტო. ეს ჯგუფები ყველა შეტყობინებაზე რეაგირებენ. მუშაობს ცხელი ხაზიც და ძალიან აქტიურად ხდება შემოწმება ამ სიგნალების.
თქვენ ახსენეთ, რომ მომართვიანობა ბევრი არის და მუნიციპალურმა ინსპექციამ თუ აღმოაჩინა დარღვევები?
- ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული დარღვევები არ ყოფილა. ამას გეუბნებით, ჩემს ხელთ არსებულ ორი დღის მონაცემებს. როგორც წესი, აქ უფრო საუბარი არის ავარიულ სახლებზე, რომელიც წლებია სხვადასხვა მიზეზების გამო დაზიანებულია. ავარიული სახლების ნაწილიდან, მოსახლეობა ქირით გაყვანილი გვყავს. ავარიული სახლების პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩამონგრევის საშიშროება უფრო ავარიულ სახლებს აქვს. რაც შეეხება უკანონო მშენებლობებს, ამაზეც რეაგირება მუდმივად ხდება - იწერება ჯარიმები, სასამართლოში გადადის საქმეები, ხდება სამუშაოების შეჩერება და ა.შ. ეს არის რუტინული მუშაობა, რომელიც მუდმივად ხდება. უბრალოდ, ახლა ამ სიტუაციამ მოსახლეობაში შიში დათესა. რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხრიდან შიში გასაგებია.
.ეხლა კი უბრალოდ უხმაუროდ დაეხმარეთ, უხმაუროდ.... მეტი იმ კაცს არაფერი აღარ ენდომება....