ბათუმში გრძელდება მოსახლეობის გამოკითხვა, რომელიც უკავშირდება თურქეთის საქართველოში ქართული ტაძრების აღდგენის პარალელურად ბათუმში მეჩეთის აშენების საკითხზე თურქეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებას. გამოკითხვას ატარებს პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და მედია-კავშირი „ობიექტივი“. for.ge შეხვდა და ესაუბრა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს ადა მარშანიას, რომელიც ამავდროულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია.
აღსანიშნავი ისაა, რომ თურქეთთან დროში გაწელილ მოლაპარაკებას ხმაური და წინააღმდეგობა წინა ხელისუფლების დროსაც თან ახლდა, მაგრამ ბათუმელების, გნებავთ დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის პოზიციის წერილობითი ფორმით დაფიქსირება აქამდე არავის უცდია.
for.ge-ს კითხვებზე - როგორი ფორმით მიმდინარეობს გამოკითხვა, ბათუმელები თავიანთ პოზიციას ღიად გამოხატავენ თუ ფარულად, რამდენი ადამიანია ამ ეტაპისთვის გამოკითხული და მათგან რამდენი ამბობს უარს მეჩეთის აშენებაზე, ადა მარშანია ასეთ პასუხს სცემს:
რამდენი ადამიანია ამ წუთისთვის გამოკითხული?
- გამოკითხვა გრძელდება. გუშინდელი მონაცემებით 46 000 ადამიანია გამოკითხული. დღევანდელ დღეს არ ვითვლი, რადგან ხმებს საღამოს ვაჯამებთ, როცა გამოკითხვის ყველა ფურცელი შემოდის.
გამოკითხვის დროს ადამიანები პოზიციას ფარულად აფიქსირებენ, თუ მათი პასუხი და მონაცემები ბლანკზე რჩება?
- ესაა ძალიან პატიოსანი გამოკითხვა - ყოველი ადამიანი ბლანკზე აფიქსირებს სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, რომელიმე საბუთის ნომერს, (სასურველია პირადი ნომერი, გრძელ ნომერს, რომ ეძახიან) და მისამართს, რადგან ამ გამოკითხვას მხოლოდ ბათუმელებს შორის ვატარებთ.
თქვენ დადიხართ კარდაკარ, თუ ერთ ადგილას სხედხართ და გამოკითხვას ასე ატარებთ?
- სხვადასხვა ფორმებია - ზოგს კარდაკარ სიარული ურჩევნია, ზოგი ქუჩაში მაგიდასთან ზის. ბათუმში სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილებში 17 მაგიდა გვაქვს დადგმული, თითოეულთან ორი-სამი ადამიანი ზის. ხალხი ჩერდება და თავის პოზიციას წერილობით დიდი სიამოვნებით აფიქსირებს. იქვე იმპროვიზირებული მინი-აქციებიც იმართება და ინტენსიური საუბარი მიმდინარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლება ხელს გიშლით თუ პირიქით?
- ადგილობრივი ხელისუფლება ხელს არ გვიშლის, მაგრამ არც გვეხმარება - გვაკვირდება, თვალს შორიდან გვადევნებს. გამოკითხვისას თითოეული ადამიანი ოთხ ფურცელს ავსებს, რომელთაგან ორი ყვითელია და ორი თეთრი, პოზიციები რომ განვასხვავოთ. პირველი შეკითხვა ასეთია - წინააღმდეგი ხართ თუ არა, რომ ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთი აშენდეს? მეორე - თანახმა ხართ თუ არა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთი აშენდეს? მესამე - ეთანხმებით თუ არა ბათუმში არსებული ძველი მეჩეთის გაფართოებას და მეოთხე - თანახმა ხართ თუ არა, რომ ქალაქ ბათუმის გარეუბანში აშენდეს მეჩეთი?
გეხმარებიან თუ არა გამოკითხვაში თავად ბათუმელები ?
- ბათუმელები ამ საკითხს დიდი შეგნებითა და ენთუზიაზმით უდგებიან და აქტიურობენ. მაგალითად, არასწრულწლოვანი ბავშვები მოვიდნენ და გვითხრეს, „დაგეხმარებით - ჩვენს ქუჩაზე ყველას ვიცნობთ, კარს ყველა გაგვიღებსო“. ახალგაზრდა და შუახნის ხალხთან ერთად მოდიან ხანშიშესული და ხანდაზმული ადამიანები. ერთი ბატონი გვესტუმრა, უფეხო, ორი ყავარჯნით. დახმარება შემოგვთავაზა, მაგრამ დელიკატური უარი ვუთხარით - არ შეგაწუხებთ-თქო. კატეგორულად მოითხოვა გამოკითხვის ბლანკების წაღება - „ეს ჩვენი საქმეც არის, საერთო საქმეა და ამ პროცესში მეც უნდა ჩავერთოო“.
46 000-დან რამდენი ემხრობა მეჩეთის აშენებას?
- გამოკითხული 46 000-დან დაახლოებით 2000-მდე ადამიანი ემხრობა ბათუმში მეჩეთის აშენებას. მთავარი ისაა, რომ ხალხს შეგნებული აქვს როგორ მზაკვრულად იქცევა ჩვენი მეზობელი ქვეყანა - თურქეთი, რომელთანაც ნამდვილად გვინდა კეთილმეზობლური ურთიერთობა. აშკარაა, რომ რელიგიის მოშველიებით აჭარის ექსპანსიას აწარმოებენ. ბათუმში ჩამობრძანდით, ქუჩებში გაიარეთ, ბათუმიდან სარფამდე ჩადით და ნახეთ რა მდგომარეობაა, ლამის ყველა სახლში საროსკიპოა გახსნილი და არის ადგილები (რესტორნები, კაფეები), სადაც ქართველებს არ უშვებენ!
გასულ წელს გონიოში ყოფნისას ახალგაზრდა ბიჭი მანქანაში ჩაგვიჯდა, მას ცრემლები მოსდიოდა. შემოგვჩივლა - „გვიშველეთ, ამ შემოტევას მარტო ვერ ვუმკლავდებით, ბავშვების გაზრდა სახიფათო გახდა, აქ ისეთი ამბავიაო“.
გაქვთ იმედი, რომ გამოკითხვის შედეგს ხელისუფლება თურქეთთან მოლაპარაკების პროცესში გაითვალისწინებს?
- ამ გამოკითხვის უპირველესი მიზანია ხალხის განწყობის ფურცელზე დაფიქსირება. მეორე და მთავარი მიზანი - გვინდა ხალხის პოზიცია და განწყობა ხელისუფლებას დავანახოთ, რომელსაც შეუძლია თურქეთთან მოლაპარაკებისას გამოკითხვის შედეგი მოიშველიოს, როგორც მთავარი, ერთადერთი დოკუმენტი და არგუმენტი. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ხალხის ნების წინააღმდეგ არასდროს წავა.