საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი იმყოფება.
დღეს, ადმირალი სტავრიდისი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო ამერიკასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას. შეხვედრის შედეგები მხარეებმა მედიის წარმომადგენლებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს.
"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ადმირალთან. ადმირალი სტავრიდისი ჩამოსულია საქართველოში, რომ მადლობა გადაუხადოს საქართველოს იმ დიდი წვლილისთვის, რასაც ჩვენი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები აკეთებენ ავღანეთში, ზოგადად ნატოსთან პარტნიორობის კუთხით. ვისაუბრეთ როგორც ნატოსთან ჩვენი ურთიერთობების მომავალზე, ასევე საქართველო-ამერიკას შორის სამხედრო თანამშრომლობაზე. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ადმირალს, რომ გამოძებნა დრო და ესტუმრა საქართველოს. ჩვენ ყველანი ვთვლით, რომ ადმირალი სტავრიდისი საქართველოს დიდი მეგობარია" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ადმირალმა სტავრიდისმა საქართველოს და ქართველ სამხედროებს ალიანსის სახელით მადლობა გადაუხადა: "ჩემთვის პატივია, რომ დავბრუნდი ისტორიულ და შთამბეჭდავ ქალაქში, თბილისში და ისეთ მამაც ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. დღეს მე მქონდა შესანიშნავი შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან. დიდ მადლობას გიხდით. მე ასევე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი პრემიერ მინისტრს. ჩემი მთავარი გზავნილი ძალიან მარტივია-მადლობას ვუხდი საქართველოს ქართველი სამხედროების განსაკუთრებული სიმამაცისთვის ავღანეთში. როგორც ვიცი, საქართველოს ვალდებულება გააგრძელოს ავღნეთის ოპერაციაში მონაწილეობა მტკიცეა, რასაც მივესალმები. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას საერთაშორისო საზოგადოების ორმოცდაათი სახელმწიფო იღებს. მათ შორის საქართველოს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს მისიაში, ვიდრე ნატოს სხვა წევრ სახელმწიფოებს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ჩვენ, ნატოს წარმომადგენლები მივესალმებით საქართველოს მისწრაფებას გაწევრიანდეს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და იმ პროგრესს რომელსაც საქართველომ ამ კუთხით მიაღწია. ნატოში ესმით, რომ საქართველო განსაკუთრებული და საამაყო პარტნიორია და საქართველომაც უნდა იცოდეს, რომ ნატო მისი ძლიერი პარტნიორი და მეგობარია. საქართველო ასევე უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ნატო მხარს უჭერს საქართფელოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ეჭვგარეშეა, რომ საქართველო დარჩება ნატოს მთავარ პარტნიორად და გააგრძელებს ამ კუთხით წინსვლას მომავალშიც. მე კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას თავდაცვის მინისტრს. მადლობას ვუხდი ასევე პრემიერ მინისტრს და სრულიად საქართველოს. ვაპირებ შევხვდე ქართველ ჯარისკაცებს ვინც ავღანეთში დაშავდა და მათ, ნატო-ს სახელით, მთელი გულით გადავუხდი მადლობას" - განაცხადა ადმირალმა.
ვიზიტის ფარგლებში ადმირალი სტავრიდისი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც დაესწრო. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თანამშრომლობა პროდუქტიულია და იდგმება კონკრეტული, პრაქტიკული ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის მხარდასაჭერად. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკის ევროპული სარდლობა, რომელიც არის ძირითადი პასუხისმგებელი საქართველოსთან თანამშრომლობაზე, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის პარტნიორობის განვითარებისთვის.