Netflix-ის წარმატებული კორეული სერიალის Squid Game-ის (კალმარის თამაში) რეჟისორმა ახალ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, შოუს ერთ-ერთ ბოროტმოქმედს "გარკვეულწილად ჰგავს".
კალმარის თამაში დრამატული სერიალია ადამიანთა ჯგუფის შესახებ, რომლის წევრებიც საბავშვო თამაშების სასიკვდილო ვერსიებში საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ, რათა ვალის დასაფარად საკმარისი თანხა მოიგონ. სერიალის დასასრულს მაყურებელი იგებს, რომ მდიდარი ელიტის ჯგუფი, რომელთაც VIP-ს უწოდებენ, სასიკვდილო თამაშებს მართავს და კონკურსანტებზე დოღის ცხენების მსგავსად ფსონებს დებს.
კალმარის თამაშის შემქმნელმა და რეჟისორმა — ჰვანგ დონგ-ჰიუკმა The Times of London-ს განუცხადა, რომ VIP-ჯგუფი სერიალში "ძალაუფლების მქონე ელიტასა და გლობალურ მმართველებს" განასახიერებს. რეჟისორმა აღნიშნა, რომ მათ შორის დონალდ ტრამპიც მოიაზრება და სერიალის შექმნის ერთ-ერთ მთავარ იდეად მსოფლიოში არსებული უთანასწორო ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა.
"ვფიქრობ, ის (ტრამპი) გარკვეულწილად VIP-ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ჰგავს. თითქოს ისიც ქვეყნის ნაცვლად თამაშს მართავდა და ადამიანებს საშინელებები შეამთხვია. მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა, ვფიქრობდი, რომ დრო იყო, სერიალი მსოფლიოს ენახა", — განაცხადა რეჟისორმა.
ფაქტია, რომ ჰვანგ დონგ-ჰიუკმა ჩანაფიქრი უზომოდ წარმატებულად განახორციელა: კალმარის თამაშს უწინასწარმეტყველებენ, რომ ნეტფლიქსის ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდება.