საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ევროპის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელი, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი ISAF-ის ოპერაციის დროს დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ.
დაჭრილ სამხედროებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადმირალ სტავრიდისს, რომ ეს შეხვედრა შედგა. ჩვენ მართლაც ვამაყობთ თქვენით. ჩვენი ვალია, საკუთრი შვილები ვინც საქართველოს უსაფრთხოებას ემსახურება, დაფასებულები იყვნენ. დამერწმუნეთ, რომ კიდევ დიდი გზაა გასავლელი თქვენთან ერთად, რომ საქართველოს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. თქვენ სჭირდებით ქვეყანას. თქვენ უნდა იყოთ ამ უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი მომავალშიც. ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო აქტიურად იყოთ ჩართულნი თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების განვითარებაში. დიდი მადლობა, რომ თქვენ ასე ეამაყებით მთელს მსოფლიოს და მათ შორის ჩვენს ამერიკელ და ნატოელ მეგობრებს. ეს დაუვიწყარი წვლილია რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ მთავარი საქმე კიდევ წინ გაქვთ გასაკეთებელი. დიდი მადლობა იმ სამსახურისთვის, რომელიც თქვენ ქვეყნის წინაშე გასწიეთ“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ქართველ სამხედროებს სიტყვით ადმირალმა სტავრიდისმაც მიმართა და განსაკუთრებით აღნიშნა მათი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციაში: "თქვენ ხართ განსაკუთრებული ჯარისკაცები, რადგან საბრძოლო ოპერაციის დროს დაიჭერით. თქვენთან ერთად იქნება თქვენი სახელმწიფო, თქვენთან ერთად იქნება ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები. დიდი მადლობა იმ წვლილისათვის, რომელიც შეიტანეთ საბრძოლო მოქმედებებში. თქვენი ქვეყნისთვის უზარმაზარი საქმე გასწიეთ."