ცნობილი იტალიელი პორნოვარსკვლავი ილონა სტალერი, რომელიც ცნობილია სახელით ჩიჩოლინა, პოლიტიკაში ბრუნდება. სტალერი მაისის ბოლოს რომის მუნიციპალურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
გაზეთ Messaggero-ს ინფორმაციით, 61 წლის სტალერს საკუთარი კანდიდატურის წარდგენა იტალიის ლიბერალური პარტიიდან სურს. საკუთარ გადაწყვეტილებას კი ოფიციალურად 11 აპრილს გამოაცხადებს. ადრე იგი ამბობდა, რომ ლიბერალური პარტიის პოლიტიკურ პროგრამას იზიარებს. რომის საკრებულოში მისი არჩევის შემთხვევაში, იგი ერთსქესიანთა ქორწინების, პროსტიტუციისა, "მსუბუქი" ნარკოტიკების ლეგალიზებასა და პატიმრების ღირსების დაცვას შეეცდება.
ეს სტალერის იტალიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის პირველი შემთხვევა არაა. 1987 წელს პორნოფილმების ვარსკვლავი რადიკალური პარტიის სიით დეპუტატების პალატაში აირჩიეს. პარლამენტში, სადაც იგი 1992 წლამდე იყო, ძირითადად გამომწვევი ტანსაცმლით დაამახსოვრდათ, რომელიც იტალიელი კანონმდებლების პროდუქტიულ მუშაობას აშკარად ხელს უშლიდა.
2002 წელს მან ძალები ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ მონცაში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მოსინჯა, შემდეგ კი მშობლიური უნგრეთის პარლამენტის დეპუტატად იყრიდა კენჭს, მაგრამ ვერ გაიმარჯვა.
ახლახან სტალერმა "ოპტიმისტი-ფუტურისტების" პარტიის შექნის შესახებ განაცხადა და მილანის მერად კენჭისყრას აპირებდა, მაგრამ მოგვიანებით არჩევანი რომზე შეაჩერა.
სტალერი 1951 წელს ბუდაპეშტში დაიბადა, მაგრამ პორნობიზნესში კარიერა იტალიაში გაიკეთა, სადაც 1972 წელს მოქალაქეობა მიიღო. 1991 წელს იგი ცოლად აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ხელოვანს - სკულპტორ-ავანგარდისტს ჯეფ კუნსს გაჰყვა, რომელთანაც ვაჟი, ლუდვიგი
შეეძინა. ხანმოკლე ქორწინების შემდეგ სტალერმა ვაჟი აშშ-დან იტალიაში გადაიყვანა და ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილ მეუღლესთან მრავალწლიან სასამართლო დავაში ჩაება.
მომზადებულია Messaggero-ს მიხედვით.