„გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ თავმჯდომარე, ლაშა ჩხარტიშვილი ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება მან for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. საუბარია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. კერძოდ, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, დიდი ჰესების მშენებლობა ქვეყანაში უნდა შეწყვეტილიყო და ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის დღევანდელი საქმიანობა მის წინასაარჩევნო დაპირებას პირდაპირ ეწინააღმდეგება.
„ყოველდღიურად ტელეეთერში სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გვესმის ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის და მისი სამინისტროს სხვა წარმომადგენლების განცხადებები, რაც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. ეს ეხება როგორც „ხუდონჰესის“, ასევე მცირე ჰესების მშენებლობის საკითხს.
კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, დიდი ჰესების მშენებლობა უნდა აკრძალულიყო და მე, როგორც ამ პროგრამის ერთ-ერთი ავტორი, ამ დაპირების შესრულებას მოვითხოვ“, - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.
ამასთანავე, მისი თქმით, უნდა მოხდეს მცირე ჰესების პროექტების რეალური გადახედვა და არა მხოლოდ და მხოლოდ განცხადებებით შემოფარგვლა, რაც ხშირად დემაგოგიას ემსგავსება. ჩხარტიშვილის თქმით, როდესაც კეთდება განცხადებები, რომ ჰესების მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს, ხშირ შემთხვევაში, ამ განცხადებების უკან არ დგას არაფერი. გარემოსდამცველის განცხადებით, მაგალითად, თერგის და ფარავნის შემთხვევაში, მდინარის წყლის მოცულობის 90%-ის მოხმარებაზეა საუბარი, რაც იმას ნიშნავს, ამ მდინარეებს კლავენ.
ხუდონჰესთან დაკავშირებით კი ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ნიდერლანდების კომისიის დასკვნა მთლიანობაში დადებითი მოვლენაა, მაგრამ გარემოს დაცვის სამინისტროს მეტი პრინციპულობა უნდა გამოეჩინა და თავად საარჩევნო პროგრამას დაყრდნობოდა, რომლის თანახმად, დიდი ჰესები უნდა აკრძალულიყო.
აქვე ჩხარტიშვილი ბუნების ძეგლებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბუნების ძეგლი არანაკლები ღირებულებისაა, ვიდრე ისტორიული და კულტურული ძეგლი. აქედან გამომდინარე, ხდის ხეობაში ჰესის მშენებლობაზე საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს, რადგან ეს ობიექტი ბუნების ძეგლს წარმოადგენს და თუ ამ ეტაპზე მას ეს სტატუსი არ გააჩნია, ჩხარტიშვილის განცხადებით, ესეც მოქმედი ხელისუფლების ხარვეზია.
„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდა ჩადებული, რომ დაიწყებოდა დაცული ტერიტორიების ერთ-ერთი ფორმის, ბუნების ძეგლების ინვენტარიზაცია და მათთვის სრულფასოვანი ხელშეუხებლობის გარანტიის მიცემა. დღეს საქართველოში არის 24 მოქმედი ბუნების ძეგლი მაშინ, როდესაც დაახლოებით 310 ობიექტს უნდა ჰქონდეს ამგვარი სტატუსი მინიჭებული. ეს პროგრამა მომზადებული იყო იმ ადამიანების მიერ, რომლებიც დღესაც არიან დაცული ტერიტორიების დეპარტამენტში, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ ორგანოს და პასუხისმგებლები უნდა იყვნენ ამ ნუსხაზე მაინც, რომელიც ოთხი წელია არ დამტკიცდა წინამორბედი და როგორც ჩანს, მოქმედი ენერგეტიკის სამინისტროს პოზიციებიდან გამომდინარე“, - ამბობს ჩხარტიშვილი.
მისი თქმით, თრუსოს ხეობაში ბუნების ორი მოქმედი ძეგლია - აბანოს ტბა და ტრავენტინები. ჩხარტიშვილი ამბობს, რომ აქედან გამომდინარე, სრული ნონსენსია და სავარაუდოდ, კანონდარღვევაც, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდი პოტენციურ ინვესტორებს თრუსოს ხეობაში ჰესების ასაშენებლად იწვევს. გარემოსდამცველი ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა კარგად წაიკითხოს და მის შესაბამისად იმოქმედოს. აქვე ლაშა ჩხარტიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მთლიანობაში მთავრობა, როგორც კოლექტიური ორგანო, გაითვალისწინებს საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებებს, ადგილობრივი მოსახლეობის აზრს, საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებებს და საქართველოში დიდი ჰესების (მათ შორის ხუდონჰესის) მშენებლობაზე საუბარი საერთოდ შეწყდება, მცირე ჰესების ადგილი კი არ იქნება ბუნების ძეგლებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მდინარეებში წყლის მოხმარება იმდენად იქნება შემცირებული, რომ ფლორა და ფაუნა განადგურდება.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობა აიკრძალებოდა. კახი კალაძე კი აცხადებს, რომ გაგრძელდება ყველა ჰესის მშენებლობა, რომელიც უკვე დაწყებულია. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია პოზიციების ასეთი ცვლილება?
- სწორედ ამის თქმა მინდოდა, რომ სულ მცირე ენერგეტიკის მინისტრის, მისი მოადგილეების (რომელთა უმრავლესობაც წინა ხელისუფლების დროსაც ამ თანამდებობებზე იყო, მათ შორის ქალბატონი მარიამ ვალიშვილი) განცხადებები საარჩევნო პროგრამას პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა. საარჩევნო პროგრამა კი მოითხოვს შესრულებას, რადგან ეს პოლიტიკური საკითხია. ამიტომ იმედი მაქვს, რომ მთლიანად მთავრობის პოზიცია იქნება არა იმგვარი, როგორიც აქვს ენერგეტიკის სამინისტროს, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, თუმცა, ბადებს ძალიან ბევრ ეჭვს იგივე კონკრეტული კომპანიების ინტერესების ლობირებაასთან მიმართებაში და არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ კორუფციულ ინტერესებზეც იყოს ამ შემთხვევაში საუბარი. იმის ახსნა, თუ რატომ ლობირებენ ენერგეტიკის მინისტრი და მისი წარმომადგენლები ასე ხმალამოღებულები „ხუდონჰესისა“ და სხვა დიდი ჰესების მშენებლობას, სხვაგვარად შეუძლებელია, თუ არა ამ ყველაფრის გარკვეული ფინანსური ინტერესებით განპირობებულობა. არ მინდა ეს დავიჯერო, მაგრამ ეს არის ან „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლას დაქვემდებარება (თუნდაც სააკაშვილის არაერთი განცხადება იყო, რომ ჰესების მშენებლობის შეჩერება ცუდ შედეგებს გამოიწვევს), ან შესაძლებელია გარკვეულ ფინანსურ კორუფციულ ინტერესებსაც ჰქონდეს ადგილი.
არც ერთი, უკვე დადებული მემორანდუმი საქართველოს რეალურად სარგებელს არ აძლევს. ეს არ იწვევს არც ტარიფის შემცირებას, არც მნიშვნელოვანი დასაქმების პერსპექტივას და ა.შ. აქ არის მხოლოდ კონკრეტული კომპანიების ინტერესები. საინვესტიციო გარემო მოითხოვს დაცვას, მაგრამ არა სვანებისა და მოხევეების ინტერესების და არა ჩვენი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის განადგურების, ეკლესიების დატბორვისა, თუ უნიკალური ეკოსისტემების განადგურების ხარჯზე, რასაც მხოლოდ ეკოლოგიური და კულტურული მნიშვნელობა კი არ გააჩნია, არამედ ეკონომიკური და ფისკალური დატთვირთვაც აქვს.
ტურიზმის განვითარება იმედია, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტი იქნება, ისევე როგორც სოფლის მეურნეობა, რომელზეც კლიმატის ცვლილება ასევე ახდენს გავლენას. კლიმატის ცვლილება კი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რომელსაც ჰესების მშენებლობა იწვევს. ეს განსაკუთრებით ეხება დიდ ჰესებს.
თქვენ იმედს გამოთქვამთ, რომ მთავრობის ერთიანი პოზიცია ენერგეტიკის სამინისტროს პოზიციისგან განსხვავებული იქნება. თქვენი ინფორმაციით, იგეგმება ამ საკითხის გადახედვა?
- ჩემი ინფორმაციით, შესაძლოა, მთავრობამ უახლოეს პერიოდში ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმის განახლებული ვერსია განიხილოს, რაც ნიშნავს იმას, რომ გაცემული იქნება საბოლოო პასუხი კითხვაზე, აპირებს თუ არა მოქმედი მთავრობა წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული ძალიან მძიმე შედეგების მომტანი საქმიანობის გაგრძელებას. მოდით დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე აცხადებს, რომ საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად უნდა იქცეს.
- ექსპორტირებას რაც შეეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, ნედლეულის ექსპორტი ჩამორჩენილობის ერთ-ერთ მახასიათებელს წარმოადგენს. განვითარებული და განვითარებისაკენ სწრაფვის მქონე სახელმწიფო უნდა ცდილობდეს, მოახდინოს პროდუქციის და არა ნედლეულის ექსპორტირება. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ელექტროენერგია განვიხილოთ როგორც ნედლეული და ასე მასობრივად ჰესების მშენებლობა ექსპორტირებისათვის ყოვლად მიუღებელია. ეს პოზიცია არაერთხელ მქონდა დაფიქსირებული, თუნდაც „ქართული ოცნების“ გარემოსდაცვითი ჯგუფის ხელმძღვანელობის დროს და ვფიქრობდი, რომ მას სხვებიც იზიარებდნენ. ყოველ შემთხვევაში, საარჩევნო პროგრამის შექმნის დროს არავინ შემწინააღმდეგებია და პროგრამაში დაფიქსირებულია, რომ დიდი ჰესები არ უნდა აშენდეს, ხოლო მცირე ჰესები თანამედროვე ეკოლიგიური სტანდარტების შესაბამისად უნდა შენდებოდეს. თუმცა, როგორც ვხედავთ, არჩევნების შემდეგ უკვე ბევრი, მათ შორის კახი კალაძე, სხვაგვარად საუბრობს და ეს არის მიუღებელი. ამიტომ, მთავრობას მოვუწოდებ, საარჩევნო პროგრამა შეასრულოს.