სპეციალისტები ქვეყანაში მოსალოდნელ „ტვინდემზე“ (სეზონური გრიპისა და კორონავირუსის ზედდება) ალაპარაკენენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, საქართველო მზად არის გაუძლოს იმ ახალ ზეწოლას, რაც ზამთრის მოახლოებას თან ახლავს.
„ტვინდემიის“ მომენტში ამირან გამყრელიძე და მსოფლიო არა ახალ შტამზე, არამედ ორი სხვადასხვა ვირუსის ზედდებაზე საუბრობს, სადაც 1 ვირუსი არის COVID-19, ხოლო მეორე სეზონური ვირუსი. „ტვინდემიის“ მოლოდინი შარშანაც იყო, თუმცა კოვიდმა შარშან მოახერხა და ჩაანაცვლა ყველა სხვა სეზონური ვირუსი. ამ ეტაპზე კოვიდი შედარებით დასუსტებულია და აქედან გამომდინარე ყველა სხვა ვირუსიც უკვე სახეზეა, მათი ერთმანეთთან თანდებით უკვე შეინიშნება მოსახლეობის ორმაგი ინფიცირება.
რა თქმა უნდა, ქვეყანა ამისთვისაც არის მზად, მკურნალობა ტიპურია და სიმპტომურად მიმდინარეობს. საწოლფონდის მიხედვით ქვეყანა ამისთვისაც მზად არის და მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია“ - განაცხადა ტიკარაძემ.
„ვირუსულ ინფექციას გამოაქვს განაჩენი, რომელიც სისრულეში მოჰყავს სრულიად სხვა დაავადებას“, - ამბობს ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან. მისი განმარტებით, „ტვინდემის“ სამართავად ქვეყანა მზად არის, თუმცა, რამდენად გაუძლებს დამატებით ზეწოლას სამედიცინო პერსონალი, რთულია საუბარი, რადგან ისინი უკვე გადაიღალნენ კოვიდ-19-ის მართვის პროცესში.
„უკვე იმდენი რამე ისწავლეს ექიმებმა, რომ ყვენაიარად მომზადებული არიან, თუმცა მეორე პრობლემაა, რამდენად არიან გადაღლილები ფიზიკურად, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად. როდესაც ექიმი ფიზიკურად გადაღლილია, მას დასვენება სჭირდება და მაქსიმალური ხელშეწყობა, რომ არ მოხდეს ობიექტური შეცდომის დაშვება. ორგანიზმი თუ არ ფუნქციონირებს ნორმალურად, ექიმმა შესაძლოა გარკვეული შეცდომები დაუშვას.
არ მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდეს, დამატებით. აცრის გარდა არ არსებობს სხვა პრევენცია, თავდაცვა. წამალი ჯერ არავის შეუქმნია, რომელიც იმოქმედებს. არის გარკვეული განცხადებები, მაგრამ ოფიციალურად, ეს არავის აქვს. ვირუსულ ინფექციას გამოაქვს განაჩენი, რომელიც სისრულეში მოჰყავს სრულიად სხვა დაავადებას“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ გრიპთან ერთად, კოვიდის მიმდინარეობა შესაძლოა სერიოზული საფრთხე აღმოჩნდეს.
„დღეს, უკვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურად დაიწყო „ტვინდემიაზე“ საუბარი. ზამთრის პერიოდი ჩვეულებრივად უკავშირდება გრიპის გავრცელებასაც. ახლა გვაქვს იმის წუხილიც, რომ გრიპთან ერთად, კოვიდის მიმდინარეობა შესაძლოა სერიოზული საფრთხე აღმოჩნდეს. ეს ორმაგი დარტყმა რომ გავიაროთ მარტივად, როგორც შარშან მოვახერხეთ და გავიარეთ, იგივე ზომებია საჭირო, რაც კოვიდის თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევს - პირბადე, სოციალური დისტანცია, ხელის ჰიგიენა, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს და შარშან ჩვენ გამოგვიყვანა საკმაოდ რთული მდგომარეობიდან ზამთრის პერიოდში. ასევე ვაქცინაცია, 60%-ზე მეტი გვჭირდება რეალურად, რომ „მეხუთე ტალღა“ ავიცილოთ თავიდან და ზოგადად, წავიდეთ პანდემიის დასრულებისკენ საქართველოს პირობებში. 60% მიღწევადია იმ რესურსის მობილიზებით, რომელიც ჩვენს ხელთ არის“, - განაცხადა გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო სამი დღეა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა. როგორც გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა ქვეყანაში „რთული ნოემბერი“ გვექნება.
„იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა ბოლო ერთი თვეა - ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სიკვდილიანობაც წამოვიდა ქვემოთ. მაგრამ ბოლო სამი დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. ბოლო სამი დღეა წინა ორ კვირასთან შედარებით, გვაქვს დაახლოებით 300 ერთეულით მეტი, ვიდრე ეს იყო წინა სამშაბათი-ხუთშაბათის პერიოდში.
ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, რომ ჩვენ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახლი შემთხვევების ზრდა და ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ამ პროცესს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია შეაჩერებს. ის, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დავარდა, 9 ათასის ფარგლებში ვართ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში და ეს არის სამჯერ ნაკლები ვიდრე აგვისტოში და 2,5-ჯერ ნაკლები ვიდრე სექტემბერში გვქონდა, არის ძალიან ცუდი.
ამასთან, უკვე ცივი სეზონია და მოვა სხვა რესპირაციული ვირუსებიც, ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება გრიპი. ახალი ტერმინი გაჩნდა ე.წ. ტვინდემია - მოხდება ამ ორი ინფექციის დატყუპება. თუ არ ავიცერით და იმუნური ფენის კრიტიკული მასა არ დაგროვდა, რაც დღეს 55%-ის ფარგლებში გვაქვს და 80%-მდე უნდა გვქონდეს, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი“, - განაცხადა გამყრელიძემ.