„კახუჩელა და სტეფანე თბილისის მერიიდან ტენდერების გარეშე ფინანსდებოდნენ“

„კახუჩელა და სტეფანე თბილისის მერიიდან ტენდერების გარეშე ფინანსდებოდნენ“

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისის“ თავმჯდომარე, გიორგი მუსხელიშვილი აგრძელებს თბილისის მერიის მიერ კონცერტის ჩასატარებლად გამოცხადებული ტენდერის თემას, რაზეც მან დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში საზოგადოებას დამატებითი მასალები წარუდგინა. მუსხელიშვილის განცხადებით, თბილისის მერიისგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რაზე გამოცხადდა ტენდერი ამ კონცერტთან დაკავშირებით და რა თანხებია ამაზე გამოყოფილი.

საკრებულოს წევრი ამბობს, რომ 493 000 ლარი მხოლოდ სცენის მოსაწყობად გამოიყო, გახმოვანების აპარატურის მომსახურების ტენდერისთვის გამოიყო 186 000 ლარი, პროფესიული გახმოვანების აპარატურისთვის - 199 000 ლარი. მუსხელიშვილის თქმით, განათების ტენდერში გაიმარჯვა შპს „ლაითსმა“, რომელსაც ამისთვის 199 000 ლარი გამოეყო. ასევე საკონცერტო საათებში ბიოტუალეტებით მომსახურების ტენდერში გაიმარჯვა შპს „დგგდ“-მ და ამისთვის მას 188 000 ლარი გამოეყო, ხოლო რკინის ჯებირებით მომსახურების ტენდერში გაიმარჯვა შპს „მეგკო“-მ, რომელსაც ამისთვის 198 000 ლარი გამოეყო. მთლიანად კი ამ მომსახურებებისთვის გამოყოფილი თანხა 1 278 000 ლარს შეადგენს.

„წარმოიდგინეთ, თბილისის მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, მაქსიმალურად ცდილობენ დახმარება შეამცირონ, სტიქიით დაზარალებულებისთვის არაფერი გაკეთებულა და ამ დროს, მილიონ სამასი ათას ლარს უგულავა ხარჯავს გართობაში და ეს გართობა თანხვედრაშია იმასთან, რომ უგულავასთან დაძმობილებული კომპანიები სერიოზულ შემოსავალს ღებულობენ. აქედან გამომდინარე, მისი პირადი ბიუჯეტიც ამ დაძმობილებული კომპანიების საშუალებით იზრდება“, - აცხადებს გიორგი მუსხელიშვილი.

იგი ასევე საუბრობს იმ სარეკლამო რგოლებზე, რომლებსაც თბილისის მერია სატელევიზიო ეთერში უშვებდა. მუსხელიშვილის თქმით, ფრაქციამ „ქართული ოცნება - თბილისი“ თბილისის მერიას მისწერა წერილი და 2012 წლის განმავლობაში ამ სარეკლამო რგოლებზე დახარჯული თანხების შესახებ დეტალური ინფორმაცია და 2013 წლის გეგმა გამოითხოვა. საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ მერიის პასუხის თანახმად, 2012 წლის ბიუჯეტში ამაზე დაახლოებით მილიონნახევარი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა დეტალურად რაში დაიხარჯა ეს ფული, არავინ იცის. მუსხელიშვილის თქმით, მერიის რეკლამა მისი საქმიანობა უნდა იყოს, ხოლო ტელევიზიით ამის აფიშირება და წელიწადში 1.5 მილიონი ლარის ხარჯვა მიზანშეწონილი არ არის. საკრებულოს წევრი ამბობს, რომ თბილისის მერი ამ თანხებს ფლანგავს და მასთან დაკავშირებულ სარეკლამო კომპანიებს უკვეთავს ამ სარეკლამო რგოლებს, რის შედეგადაც უგულავას ჯიბეში ე.წ. „ატკატები“ მიდის.

გიორგი მუსხელიშვილის თქმით, თბილისის მერიიდან მიღებულ პასუხში ნათქვამია, რომ 2013 წლისთვის არანაირი გეგმა სარეკლამო რგოლებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ, თუმცა აქვს საკრებულოს წევრი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ უგულავას ვაუჩერების რეკლამა ტელეეთერით ყოვედღიურად ტრიალებდა.

„აქ დაირღვა კანონი რეკლამის შესახებ. აქვე გეტყვით, რომ მაგალითად, საბერძნეთში ამ ტიპის გაფლანგვებისთვის ათენის მერს პატიმრობა მიესაჯა, ფაქტობრივად, განუსაზღვრელი ვადით. მას და მის მეგობრებს 18 მლნ ევრო ჰქონდათ მითვისებული. მე ვფიქრობ, რომ თბილისის მერს ამაზე გაცილებით მეტი თანხები აქვს მითვისებული და მიმაჩნია, რომ ქართული სამართალდამცავი ორგანოები ამ თემით უნდა დაინტერესდნენ“, - ამბობს გიორგი მუსხელიშვილი.

იგი სტეფანე მღებრიშვილისა და კახა ცისკარიძის შპს „არტ ფორუმის“ მიერ სახელმწიფოსგან მიღებულ დაფინანსებაზეც საუბრობს. საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ ეს კომპანია უკონკურსოდ, ყოველგვარი ტენდერების გარეშე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა კონცერტებისთვის ღებულობდა სერიოზულ თანხებს. გიორგი მუსხელიშვილი ამბობს, რომ 2012 წლის პირველი იანვრის ღამეს თბილისში ჩატარებული კონცერტისთვის „არტ ფორუმმა“ სოლიდური თანხა მიიღო, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ფრაქციამ „ქართული ოცნება - თბილისი“-ს თავმჯდომარემ ბათუმში ჩატარებული კონცერტის შესახებ შეძლო ინფორმაციის მიღება. მისი თქმით, კონცერტისთვის ბათუმში, რომელზეც 100 000 ლარი დაიხარჯა, „არტ ფორუმმა“ უცხოელი „დიჯეი“ ჩამოიყვანა, რომელსაც 62 000 ლარი „დიჯეის“ გადაუხადეს, ხოლო დანარჩენი თანხა კახუჩელას, სტეფანეს და უგულავას ჯიბეში აღმოჩნდა.

მუსხელიშვილის თქმით, ამის შემდეგ „არტ ფორუმს“ დათო ევგენიძის კონცერტის ორგანიზება დაევალა, რისთვისაც 150 000 ლარი მიიღო. აქედან ევგენიძეს მხოლოდ 25 000 ლარი შეხვდა ჰონორარის სახით, დანარჩენი 125 000 ლარი კი ისევ ამ პირებზე გადანაწილდა.

„რა სიმართლეზე და რა პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს ეს ხალხი, როდესაც ეს, ალბათ, იმ თანხების სულ 2-3%-ია, რომელიც მათ წლების მანძილზე აქვთ მითვისებული“, - აღნიშნავს გიორგი მუსხელიშვილი.

- წინა ბრიფინგზე თქვენ აღნიშნეთ, რომ მართალია თბილისის მერიას რაღაც გაურკვეველი კონცერტისთვის ნახევარი მილიონი სცენის მოსაწყობად აქვს უკვე გამოყოილი, მაგრამ მაშინ არ იცოდით, სად და როდის ტარდება ეს კონცერტი. ახლა თუ გაირკვა მისი ჩატარების ადგილი და დრო?

- ეს ჯერაც არ არის გარკვეული. როგორც ვიცი, კონცერტი საერთოდ დაგეგმილიც კი არ არის, რადგან არც ანონსი კეთდება, არც ხარჯთაღრიცხვა არსებობს და საერთოდ, ტენდერიც კანონდარღვევით არის გამოცხადებული, რადგან არ არის მითითებული, კონცერტი ერთხელ უნდა გაიმართოს, მრავალჯერადად თუ როგორ. მართალია მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ ეს სცენა რამდენჯერმე იქნება გამოყენებული, მაგრამ როდესაც ეს პირობები ტენდერში არ არის მითითებული, ეს არის კანონდარღვევა.

სავარაუდოდ, კონცერტი დაგეგმილი არ არის, თუმცა არც ის გამიკვირდება, რომ ჩემი განცხადების შემდეგ გამოვიდნენ და თქვან, რომ კონცერტი დაგეგმილია და შეიძლება ორგანიზატორებიც დაასახელონ.

ბატონო გიორგი თქვენ ხართ საკრებულოს წევრი და მერიიდან ინფორმაციის მისაღებად თბილისის მერიას წერილს სწერთ. პირდაპირი კომუნიკაცია არ არსებობს?

- დიდი მიღწევაა, რომ საერთოდ პასუხი მივიღე. უმეტეს შემთხვევებში, პასუხებს ვღებულობთ ისეთს, რომელშიც ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვაზე პასუხი კი არ არის გაცემული, არამედ რაღაც აბსოლუტურად შეუსაბამო წერია ხოლმე. ეს არის ასეთი დამოკიდებულება - მე შენ არაფერს გეტყვი, რადგან შენ არაფერი უნდა იცოდე. ეს წერილიც დაახლოებით 10 დღის დაგვიანებით მომივიდა, რაც კიდევ ერთი კანონდარღვევაა. თუმცა ამას არ ვჩივივარ, პრობლემა ის არის, რომ ამხელა თანხებს სრულიად უმისამართოდ ისვრიან. უფრო სწორად ძალიან ზუსტი მისამართი არსებობს და ეს არის უგულავას და მისი ოჯახის ბიუჯეტი.

სტეფანე და კახუჩელა რატომღაც არიან ფავორიტები. რატომ არიან ფავორიტები, ეს მე ვიცი, მაგრამ საზოგადოებამაც უნდა იცოდეს. სინამდვილეში ეს არის უგულავას კომპანია, ხოლო ეს ადამიანები იქ მხოლოდ „სახეებად“ და ამ საქმეების შემსრულებლებად არიან.

თქვენ ამბობთ, რომ ეს კომპანია ტენდერების გარეშე ღებულობს დაფინანსებას?

- 2012 წლის საახალწლო კონცერტის მოწყობისთვის თანხა მათ პირდაპირი წესით მიიღეს. სხვათაშორის, ეს მათ პირდაპირ ეთერშიც დაადასტურეს. ამასთანავე, მაქვს 2011 წელს სტეფანესთან საგაზეთო ინტერვიუს ამონარიდი, სადაც იგი ამბობს, რომ „არტ ფორუმს“ ყოველგვარი ტენდერის გარეშე დაევალა 2012 წლის საახალწლო კონცერტის ორგანიზება. გახსოვთ, ალბათ, მარჯანიშვილის მოედანზე საკმაოდ სერიოზული კონცერტი იყო და ამას კოლოსალური თანხები დაიხარჯა. არანაირი უფლება არ ჰქონდათ, რომ ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტენდერის გარეშე გაეცათ. ეტყობა, მაშინ ეს საკითხი დარეგულირებული არ ჰქონდათ და იყო საშიშროება, რომ ტენდერში მონაწილეობა ვინმე სხვასაც მიეღო და გაემარჯვა კიდეც. სწორედ ამიტომ, პირდაპირი წესით, „არტ ფორუმს“ მისცეს ეს შეკვეთა.

რაც შეეხება დაგეგმილ კონცერტს, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 19 აპრილის აქციაზე სახოგადოებას დაუვიწყარ სიურპრიზს შესთავაზებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ მერია სწორედ ამ დღისთვის გეგმავს კონცერტის ჩატარებას?

- ასე არ ვფიქრობ, რადგან მათი მხრიდან რაღაც უაზრო კონცერტების მოწყობა სიურპრიზი არანაირად არ არის. ამიტომ არ მგონია, რომ 19 აპრილს ისეთი კონცერტი წარმოგვიდგინონ, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება სიურპრიზი.