ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების რიცხვი ჯერაც დაუზუსტებელია

ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების რიცხვი ჯერაც დაუზუსტებელია

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის გამო, შემთხვევის ადგილზე, აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მიმდინარეობს.

ბათუმში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. მინისტრის თქმით, დაახლოებითთ 10-15 ადამიანს ეძებენ. მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლით.

„მძიმე სიტუაციაა. გამოძიება დავიწყეთ და დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით, 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, 10-15 ადამიანია მოყოლილი, ორი ადამიანი კონტაქტზეა, ტელეფონით გვესაუბრებიან, თუმცა, ვერ გვიხსნიან, სად არიან და მათი ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, უცნობია. არ არის იმის საშუალება, რომ ნანგრევებზე 100 და 200 ადამიანი ავიდეს და ერთდროულად იმუშავოს, თუმცა, ერთმანეთს ვცვლით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სწრაფად ვიმოქმედოთ, თუმცა, ფიზიკურად ვერ გამოდის სწრაფად მუშაობა, შეიძლება, ქვეშ მოყოლილი ადამიანები დაშავდნენ. პროფესიონალურად მუშაობენ ჩვენი მაშველები, რათა ქვეშ მოყოლილი ადამიანები არ დავაშავოთ.

კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, იყო რამდენიმე ვერსია. მათ შორის განიხილებოდა გაზის აფეთქების ვერსია. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება საყრდენი კედლის გამოცლა იყოს მიზეზი, თუმცა ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე აღძრული“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ადგილზე იმყოფება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. მისი თქმით კორპუსის ნგრევამ რა გამოიწვია უცნობია.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა. მაშველებმა არასრულწლოვანი გადაარჩინეს. თუმცა, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი, ამიტომ მაშველები მუშაობას აგრძელებენ. ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახური, ასევე დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული. ყველაფერი გაკეთდება, რომ იქ დარჩენილი ადამიანები გადარჩნენ. ვერსიებზე, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს მუშაობა, როგორც სამაშველო ღონისძიებების, ასევე, იქ დარჩენილებთან კონტაქტი ხდება. რამ გამოიწვია ნგრევა, ამაზე ჯერ ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ. ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ახლა მთავარია ვუშველოთ იმ ადამიანებს, ვინც ნანგრევებში არიან მოყოლილი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კორპუსის ნგრევისას დაშავებულებსა და დაზარალებულებს სახელმწიფო დაეხმარება. ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე - ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები, დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულსა და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას“, - აღნიშნულია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტს მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ. შალვა პაპუაშვილის თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, შემდეგ კი მსჯელობა მომხდარის გამომწვევ მიზეზებზე.

„ახლა, მნიშვნელოვანია, რომ შეძლებისდაგვარად, სწრაფად გამოიყვანონ იქ ჩარჩენილი ადამიანები, რამდენადაც ვიცით, არიან ადამიანები ნანგრევებში. ამიტომ, ეს არის პირველი ამოცანა, მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი სამაშველო სამსახური.

შემდეგი ამოცანა, რა თმა უნდა, იქნება მიზეზების დადგენა. რაც შეეხება მიზეზებს, სხვადასხვა ვერსია სახელდება და ახლა საჭიროა კონცენტრირება იმაზე, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს და ამის შემდეგ იქნება მიზეზების განხილვის შესაძლებლობა. ჯერჯერობით, ვისმენთ მხოლოდ ვერსიებს და რაიმეს თქმა საფუძვლიანი კვლევის გარეშე რთულია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თუ რამ გამოიწვია კორპუსის ნგრევა, ამაზე საუბარი უჭირს, ბათუმის მერის მოადგილეს, სოფო ხალვაშს. როგორც, მან for.ge-თან საუბარში განაცხადა, ახლა მთავარია ნანგრევებიდან მოსახლეობის ამოყვანა. ამის შემდეგ, კი მერია გადაწყვეტს, დაზარალებულებს როგორ და რა ფორმით დაეხმარებიან.

„როგორც ყველამ, ჩვენც ის ინფორმაცია ვიცით, რაც გავრცელდა. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ყველაფერი ალაგდეს. თუ რამ გამოიწვია ნგრევა, ამის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია - არაფერი არ ვიცი, რა და როგორ მოხდა. რამდენიმე ხანში ყველაფერი გვეცოდინება. თუ რამდენიმე ადამიანია დაზარალებული, ან მოყოლილი ნანგრევებში, ესეც უცნობია. ახლაც მიმდინარეობს გარკვევა. ამ ინფორმაციის მოპოვებაში მეზობლებიც ჩართულები არიან, არკვევენ ვინ იყო, ან რამდენია შიგნით“, - განუცხადა for.ge-ს ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ნაწილის ჩამონგრევისას დაშავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ბათუმის ცენტრალურ ჰოსპიტალში უტარდება შესაბამისი კვლევები. კლინიკის მთავარი ექიმის, თამარ ბახტაძის განცხადებით, არასრულწლოვანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება.

„ჩატარებული კვლევებით გაირკვა, რომ მას აღენიშნება წვივის ძვლის მოტეხილობა. ამ ეტაპზე მას უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება და სხვა ორგანოებთან დაკავშირებით სრული სურათი მოგვიანებით გვექნება. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია“, - განაცხადა ექიმმა.

ბათუმის დედათა და ბავშვთა ბათუმის ცენტრალურ ჰოსპიტალში, ამ დროისთვის, კორპუსის ნგრევისას დაშავებული მხოლოდ ერთი არასრულწლოვანია შეყვანილი. ბოლო ინფორმაციით, შემთხევისას, ორი არასრულწლოვანია დაშავებული.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ ნანგრევებში მოყოლილი დაახლოებით 8 ადამიანია. ამის შესახებ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განაცხადა.

„ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანების სამსახურში. ასე რომ, 8 ადამიანია სავარაუდოდ ნანგრევებში“, - განაცხადა ლელა სურმანიძე.

ნანგრევებში მოყოლილებიდან ერთი 30 წლამდე ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დაზარალებულის ახლობელმა დაუდასტურა.

„ნანგრევებშია მოყოლილი ჩემი შვილიშვილი. ჯერ ვერ ამოიყვანეს. გარედან ელაპარაკებიან“, - განაცხადა დაზარალებულის ბაბუამ.

ბათუმში, სადაც შენობა ჩამოინგრა, როგორც აღმოჩნდა, კორპუსში ერთ-ერთი ბინა მომღერალ ლაშა ღლონტს ეკუთვნოდა.

„ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი ნამდვილად ჩემია, დიდი მადლობა ყველას თანაგრძნობისათვის! მაპატიეთ, ვერ ვპასუხობ ყველა ზარს! დედა კარგადაა, ვილოცოთ ყველას გადარჩენისთვის“, - წერს ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ბათუმში, დაახლოებით 12:00 საათზე 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. კორპუსში, რომელიც 3 სადარბაზოსგან შედგება, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს.

ლაზი ანალოგიური საფრთხის წინაშეა კორპუსების აბსოლუტური უმრავლესობა. სანგრევი ჩაქუჩის ხმა განუწყვეტლივ ისმის ყველა კორპუსში. ადრე ფანჯარას ვერ შეცვლიდი ნაბართვის გარეშე. ახლა არის თავისუფლება და თავზე ინგრევენ კორპუსებს. კანმკითხავი კი არავინ არის. ღმერთმა არ ქნას მიწისძვრა მოხდეს თორემ, ნგრევა მასიური იქნება. ახალ აშენებულ კორპუსებსაც კი საყრდენ კედლებს აცლიან, ფართების პატრონის "გემოვნებით" მორგების მიზნით.
3 წლის უკან
Katana კაი ხნის წინ, გლდანში ავიშენეთ ბინა... ლვოვის პროექტს ეძახდნენ, თუ სწორად მახსოვს... ეს არის პროექტი, რომელსაც შიდა ტიხრები საერთოდ არა აქვს: აბსოლუტურად ყველა კედელი მზიდია, ანუ, საყრდენი!
რომ მოსგდა ხალხი უაზარმაზარი უროებითა და პნევმატური ჩაქუჩებით ამ საყრდენ კედლებს, დედა უტირეს ყველა მიმართულებით!..
ერთადერთი ვიყავი ჩვენს სადარბაზოში, ვინც ასეთი რამ არ გავაკეთე და მერე სულაც წამოვედი იქიდან.
მადლობა ღმერთს, სერიოზული მიწისძვრა არ მოხდარა მას შემდეგ და ჯერჯერობით დგას კორპუსი...
3 წლის უკან