დელ პიერო ავსტრალიაში დააფასეს

დელ პიერო ავსტრალიაში დააფასეს

გასული წლის შემოდგომაზე ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ავსტრალიურ კლუბ „სიდნეისთან“ ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მოთამაშემ ახალ გუნდში, „მწვანე კონტინენტის“ საფეხბურთო პირველობის 23 შეხვედრაში იასპარეზა და საკუთარ ანგარიშზე 23 გოლი მიითვალა.

დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” საინტერესო ცნობა გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ქალაქ სიდნეის გულშემატკივრებმა დელ პიერო კლუბის წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ორი დღის წინ სიდნეის ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორანში გუნდის ხელმძღვანელობამ საზეიმო საღამო ჩააატარა. ამ ღონისძიებაზე ვეტერან იტალიელ მოთამაშეს ერთდროულად სამი ჯილდო გადასცეს.

ალესანდრო კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, მას გადაეცა „სიდნეის“ ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელისთვის განკუთვნილი პრიზიც. რასაკვირველია ამ ქალაქის გულშემატკივრებმა დელ პიეროს საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც უბოძეს.

ავსტრალიის გასულ საფეხბურთო პირველობაზე „სიდნეიმ“ მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამის მიუხედავად ფინანსური კუთხით გუნდისთვის სეზონი მეტად წარმატებული აღმოჩნდა და ეს დელ პიეროს უშუალო დამსახურებაა.