„იშხანში ჩატარებული სამუშაოები საგანგაშოა“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) აცხადებს. მისივე თქმით, იშხნის შიგნითა ინტერიერში, დასავლეთის მკლავთან ძალიან დიდი ოდენობის მიწა არის მოხსნილი და გარეთ გამოტანილი. ასევე, საკურთხეველთან არის რამდენიმე ადგილზე მიწა ამოთხრილი და მიწის მოთხრის დროს დაზიანდა იატაკი. გარდა ამისა, ტაძრის ეზოში გატანილია დიდი ოდენობით ქვები, რომლებზეც ფრესკების ფრაგმენტები ჩანს. ამასთან, იქ სამუშაოებს ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია ასრულებს, რომელსაც ძეგლთან შეხება არასდროს ჰქონია.
პატრიარქის ქორეპისკოპოსისთვის უცნობია, რომელი თურქული კომპანია ასრულებს სამუშაოებს. თუმცა მისი განმარტებით, თურქი მუშები აცხადებენ, რომ მათ სამუშაოების შესრულება თურქეთის სახელმწიფომ დაავალა. კომპანიამ კი ტენდერში გაიმარჯვა და სამუშაოები თურქეთის მიერ ფინანსდება. მეუფის განცხადებით, სავარაუდოდ, თურქებმა სამუშაოები შეზღუდულ ვადაში, 400 დღეში უნდა დაასრულონ.
ამასთან, მიტროპოლიტი თურქეთის ელჩს მიმართავს და თურქეთის მხარის მიერ იშხანზე დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ელევენთ მურათს, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს და კულტურის მინისტრს, გურამ ოდიშარიას წერილით მიმართა.
მიმართვის ტექსტს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. წერილში მიტროპოლიტი თეოდორე აღნიშნულ პირებს ატყობინებს, რომ იგი 7-8 აპრილს მცირე დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ქართული ტაძრები და მონასტრები მოინახულა. თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში დახვდა იშხნის მონასტერი, სადაც დაწყებულია ტაძრის გაწმენდითი სამუშაოები, გამოტანილია დიდი რაოდენობით მიწა და ქვები, რომლებიც გარეთ უწესრიგოდ არის მიმოფანტული.
მეუფის თქმით, სამწუხაროდ, სამუშაოებს არ ესწრებიან ქართველი არქეოლოგები და ხელოვნებათმცოდნეები, რაც, ქართულ და თურქულ მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმებიდან გამომდინარე, სრულიად მიუღებელია. ასევე გაუგებარია, რამ დააჩქარა სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება საბოლოო შეთანხმების მიღებამდე.
ამასთან, მიტროპოლიტი ითხოვს, უზრუნველყოფილ იქნას ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა შემდგომ საქმიანობაში.
თავის მხრივ, საქართველოს კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ იშხნის ტაძარზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების ადგილზე გასაცნობად ტაო-კლარჯეთში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დელეგაცია გაემგზავრება. ამასთან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მაია ფანჯიკიძის უწყებას თურქულ მხარესთან შუამდგომლობას სთხოვს, იშხანში მიმდინარე სამუშაოების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით.
For.ge მეუფე თეოდორეს ესაუბრა.
მეუფე, რა სიტუაცია დაგხვდათ ტაო-კლარჯეთში?
- გუშინ გახლდით ტაო-კლარჯეთში და ოშკიც მოვინახულე. საერთოდ, მძიმე მდგომარეობა ტაო-კლარჯეთში მდებარე ყველა ტაძარს აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, იშხანში უმძიმესი მდგომარეობაა. იშხანში დაწყებულია მიწის მოხსნის სამუშაოები, რასაც სპეციალისტები არ ესწრებიან. არათუ ქართველი, არამედ თურქი სპეციალისტებიც კი არ ესწრებიან და მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო კომპანია აწარმოებს ამ სამუშაოებს. არადა, აუცილებელია, სპეციალისტები ჩაერთნენ საქმეში და უფრო მეტად აუცილებელია, ქართველი სპეციალისტები და არქეოლოგები იყვნენ ჩართულნი აღნიშნულ სამუშაოებში. სხვა შემთხვევაში, ამ სამუშაოების გაგრძელება არ შეიძლება, რადგან მთლიანად დაიკარგება მთელი არქეოლოგიური მასალა.
თქვენ აცხადებთ, რომ ტაძრის ეზოდან გატანილია დიდი რაოდენობით ქვები, რომლებზეც ფრესკების ფრაგმენტებია გამოსახული. ეს ქვები ტაძრიდან ჩამოცვივდა?
- თვითონ ეს ქვები საიდან აღმოჩნდა, არ ვიცი. არც ის ვიცი, სად იყო, რადგან ქვები იშხნიდან ჩამონგრეული არ არის. სამწუხაროდ, ზუსტად ეს არის, რომ სპეციალისტი არ ესწრებოდა ამ სამუშაოებს და საიდან მოხვდა ეს ქვები გარეთ, არ ვიცით, რომელი ადგილიდან ამოიღეს, მიწიდან ამოიღეს ეს ქვები თუ სად იყო, ჩვენთვის უცნობია. თუმცა, დიდი რაოდენობის ქვები ყრია იქ და სამი-ოთხი დიდი ქვა, რომელზეც ფრესკის დიდი ფრაგმენტი იყო, ვნახე და გადავუღე კიდეც ფოტო.
მომხდარის გამო თქვენ უკვე მიმართეთ თურქეთის საელჩოს?
- მივმართავთ თურქეთის საელჩოსაც და ჩვენს საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროებს.
როგორც ვიცი, თქვენთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია თურქეთის მხარის მყისიერი რეაქცია, დაეწყო სამუშაოები იშხანზე, რადგან მიიჩნევთ, სამუშაოები მანამდე არ უნდა დაწყებულიყო, სანამ არ შეისწავლიდნენ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას.
- არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დაწყებულიყო სამუშაოები, სანამ ჩვენი სპეციალისტები არ ჩაერთვებოდნენ ამ საქმეში, არ უნდა ეჩქარათ.
ოშკის მდგომარეობაზე რას იტყვით? კითხვები გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ ოშკისა და იშხანის სანაცვლოდ, ნაცვალაგების პრინციპით ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს.
- ნაცვალგების პრინციპზე გამორიცხულია საუბარი. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის ქართული კულტურის ძეგლები და ჩვენი ძეგლები უნდა დავიცვათ, ჩვენი კულტურის ძეგლების დაცვა კი რაიმე ნაცვალგებას არ უნდა ემყარებოდეს და ჩვენ ვიღაცას რაღაცას არ უნდა ვთავაზობდეთ. ეს თურქეთის სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ მან საკუთარ ტერიტორიაზე არსებული კულტურის ძეგლები დაიცვას, ვისიც არ უნდა იყოს ეს, ეს იქნება ქართული, თუ სხვა რომელიმე ეროვნების ძეგლი. მით უფრო, ვისიც არის და ვისი აშენებულიცაა ძეგლი, პირველ რიგში, ის სპეციალისტები უნდა მიიწვიონ, რათა ამ ძეგლების სრულფასოვნად აღდგენა მოხდეს. რაც შეეხება ოშკის მდგომარეობას, მისი მდგომარეობაც, ასევე, მძიმეა. მართალია, იქ სამუშაოები არ არის დაწყებული, მაგრამ ყველას ნანახი აქვს ეს ძეგლი. როდის დაექმუქრება საფრთხე, არავინ იცის. მართალია, ის უკვე 1050 წელიწადია დგას და ძალიან დიდი ხანია, ასეთივე მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ჩვენ ეს ვერ დაგვამშვიდებს და ვერ ვიტყვით, როდის შეიძლება, მას საფრთხე დაემუქროს, თუკი სასწრაფოდ არ ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები. თუმცა არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებამდე ძეგლის გამოკვლევა არ მომხდარა.
ახლახანს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი აცხადებდა, რომ მან ვერ იპოვა ქართველი სპეციალისტები, რომლებიც იშხანსა თუ ოშკზე იმუშავებდნენ. ნუთუ არ მოგვეპოვებიან სპეციალისტები?
- ვერ მივხვდი, რას ნიშნავს, რომ სპეციალისტები არ არსებობენ. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი სპეციალისტი გვყავს საქართველოში, რომელსაც შეუძლია გამოკვლევებშიც, არქიტექტურასა და არქეოლოგიაში მონაწილეობა მიიღონ. ამისთვის საპატრიარქოსაც საკმაოდ ბევრი სპეციალისტი ჰყავს. ვერ ვიტყვით, რომ ერთი და ორი სპეციალისტია. შეიძლება, რამე სხვა ჰქონდათ მხედველობაში, მაგრამ სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ, იმუშაონ არქეოლოგიასა და არქიტექტურაში, ძალიან ბევრი ჰყავს საქართველოს. მეტიც, არქეოლოგიისა და რესტავრაციის შესანიშნავი სკოლა აქვს ჩვენს ქვეყანას.
საქმეში იუნესკოს ჩართვა ამ ეტაპზე დაგვიანებულია?
- არა მგონია, დაგვიანებული იყოს, არასოდეს დაგვიანებული არ არის იუნესკოს ჩართვა და როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული, ერთ-ერთი მოთხოვნა ჩვენს მიერ, საპატრიარქოს მიერ ის იყო, რომ იუნესკო იყოს ჩართული ამ პროცესში.
თუმცა თურქეთი არ აკეთებს ამას, ეს მაშინ, როცა იუნესკოსთვის მიმართვა მხოლოდ იმ ქვეყანას ევალება, რომლის ამჟამინდელ ტერიტორიაზეც დგას ეს ძეგლი.
- დიახ და ჩვენ ვთხოვეთ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ მათ გააკეთონ ამის შესახებ განცხადება. იმედი გვაქვს და გვჯერა, გამოიჩენენ ამისთვის გულისხმიერებას.
ჩვენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს მერაბ ბოჭოიძეს დავუკავშირდით.
მან დაადასტურა, რომ მართლაც საგანგაშოა, რომ იშხანს თავზე არ ადგას სპეციალისტები, მათ შორის, არც თურქი სპეციალისტები. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ქართველი სპეციალისტები არ იმყოფებიან ადგილზე. მერაბ ბოჭოიძე ვერ აკონკრეტებს, რომელი სამშენებლო კომპანია ასრულებს სარესტავრაციო სამუშაოებს ამ ძეგლზე.
„საერთოდ, არ ვიცით, თურქულ მხარეს რა სამუშაოები აქვს შესრულებული. მე მგონი, მუშები არიან დაქირავებულნი და თხრიან. რა ინფორმაციაც გვაქვს, ვვარაუდობთ, რომ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები არ იქნება მეცნიერულ დონეზე ბოლომდე გამოკვლეული. ამიტომ ვაპირებთ იქ ჩასვლას და ვითარებაში გარკვევას. ჯერჯერობით იქ მარტო მიწის სამუშაოები ტარდება და სწორედ მიწის სამუშაოების არასწორად წარმართვაა ამ ალიაქოთის საფუძველი“, - აცხადებს მერაბ ბოჭოიძე და ადასტურებს, რომ მიწის მოხსნას თავისი წესი აქვს და იქ არქეოლოგი, არქიტექტორი უნდა მონაწილეობდეს, რაც ამ ეტაპზე არ ხერხდება.
ჩვენ დავინტერესდით, თუ რით ხსნის მერაბ ბოჭოიძე ჩვენი ძეგლის მიმართ ასეთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, თუმცა მან აღნიშნა, რომ ეს სამუშაოები არ მიმდინარეობს კვალიფიციურად და შიგნით რა დინებებია, წარმოდგენა არ აქვს.
არქიტექტურის ისტორიკოსი დავით ხოშტარია კი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში წასვლას აპირებს ტაო-კლარჯეთში. ამ ეტაპზე კი იშხნის მიმართ ურთიერთგამომრიცხავი ორი ცნობა ვრცელდება. ერთი მათგანის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ქართველმა ექსპერტებმა ატეხეს ერთი ამბავი და წერილი მისწერეს პროექტის ავტორებს - თურქულ ჯგუფს, თურქებმა იშხანში უკონტროლო მუშაობა უკვე ორშაბათს შეწყვიტეს. მეორე ვერსიის მიხედვით კი, მეუფე თეოდორე სხვა ვერსიას ფლობს, რომ იშხანში სამუშაოები არ შეწყვეტილა.
რაც შეეხება თურქულ საპროექტო ჯგუფს - „ანფორას“, დავით ხოშტარია აცხადებს, რომ სწორედ ამ თურქი არქიტექტორ-რესტავრატორებისგან შემდგარმა ჯგუფმა მოამზადა იშხნის შესახებ პროექტი. სამუშაოს კი ასრულებს კონკრეტული ფირმა, რომელმაც ტენდერი მოიგო, ამ ფირმის სახელი კი „ოსმან გიულზუმია“ და მას არავითარი კავშირი „ანფორასთან“ არ აქვს. უბრალოდ, მან მოიგო სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერი. ასე რომ, პრეტენზიები უნდა იყოს ამ ფირმასთან და არა - „ანფორასთან“.
ჩვენ დავინტერესდით, თუკი თურქეთის სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ამ ძეგლების რესტავრირება, რატომ არ ჩართეს მასში თუნდაც თურქი სპეციალისტები, არქეოლოგები და არქიტექტორები, რატომ ბოლომდე არ მიიყვანეს საქმე, თუ ეს ჩვენი ტაძრების მიმართ გულგრილი დამოკიდებულებაა? თუმცა დავით ხოშტარია აცხადებს, რომ ახლა თურქეთში დიდი ამბავი ატყდა და მომხდარის გამო ნამდვილად შეწუხდნენ. უბრალოდ, მისი აზრით, ეს არის შემსრულებელი ფირმის დაუდევრობა და მათ ტენდერი იმის გამო მოიგეს, რომ წარადგინეს ყველაზე დაბალი ბიუჯეტი. ამ დროს კი არქეოლოგს ფული უნდა უხადონ და, თანაც, - საკმაოდ ბევრი. დაბალი ბიუჯეტი კი ამას არ გულისხმობს. ამიტომ, როგორც ჩანს, აქამდე ცდილობდნენ, იაფად გასულიყვნენ.
„იმედი მაქვს, ასე აღარ გაგრძელდება, რადგან ეს მთლიანად მათი პასუხისმგებლობაა. მათ უცებ დაიწყეს მუშაობა. ახლა კი, სანამ ჯერ კიდევ მთავრობის რეაგირება იქნებოდა, სამუშაოები შეჩერდა ქართველი ექსპერტების ძალისხმევის შედეგად. ჩვენ დავუკავშირდით კომპანია „ანფორას“, რომელიც სარესტავრაციო პროექტის ავტორია. ისინი სამუშაოებს არ ესწრებიან და არც იცოდნენ, რომ მიწის ნაყარის ქვეშ იატაკი აღმოჩნდა. ამიტომ მომხდარის გამო აღელდნენ. საერთოდ, ტენდერი თავიდან უნდა ჩატარდეს და, თანაც, - არასტანდარტული პირობებით, რაც ნიშნავს, რომ იგებს არა ის, ვინც ყველაზე იაფს გვთავაზობს, არამედ ახალ ტენდერში გამარჯვებული სპეციფიკური პირობებით უნდა გამოვლინდეს და უნდა იგებდეს ის, ვინც ყველაზე გამოცდილი და კომპეტენტურია, რადგან აქ საუბარია ძეგლის გადარჩენაზე“, - აცხადებს დავით ხოშტარია.
მისივე თქმით, თურქებს ჰყავთ ძალიან სოლიდური ფირმები ამ სფეროში, რომლებიც, ცხადია, უფრო მაღალ ფასს დააწესებენ, მაგრამ ამ ძეგლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სწორედ ეს სოლიდური ფირმები უნდა შეირჩნენ.
უბრალოდ, ექსპერტი აცხადებს, რომ თურქებმა იჩქარეს. იგი იმასაც ადასტურებს, რომ, ალბათ, ქართულ მხარეს მათზე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო. უბრალოდ, საჭირო იყო, მუდმივი კონტაქტი ყოფილიყო სამინისტროსთან და თუ საჭირო იქნებოდა, ამ ფირმასთანაც უნდა გვქონოდა მოლაპარაკება. ელემენტარულად, ის მაინც უნდა გაგვეგო, როდის იწყებდნენ თურქები მუშაობას. მეტიც, მათ მუშაობა რომ დაიწყეს, ქართულმა მხარემ ამის შესახებ არც კი იცოდა და ეს შემთხვევით გაიგო „პოსტკრიპტუმის“ ჯგუფმა. მათ აღმოაჩინეს, რომ მინიმუმ, ორი-სამი კვირაა, გაგანია მუშაობა მიმდინარეობს. ამდენად, დავით ხოშტარია არ გამორიცხავს, ტენდერი შეუჩერდეს იმ ფირმას და ჯარიმაც დაეკისროს, რომელიც იშხანზე სამუშაოებს არასწორად წარმართავს. მით უფრო, რომ თურქეთის კანონმდებლობა ამ მხრივ სიმკაცრით გამოირჩევა.
„არასწორად იქნა ინტერპრეტირებული ვაჩეიშვილის სიტყვები, თითქოს, სპეციალისტები არ გვყავს, პირიქით, ის ამაყობს, რომ მის დროს სამასი ძეგლი აღდგა საქართველოში და აბა, ვინ ჩაუტარებდა რესტავრაციას ამ ძეგლებს?! უბრალოდ, მან თქვა, მე ვერ გავიგე, რომელი სპეციალისტები შეირჩნენო“, - აცხადებს დავით ხოშტარია.