„ის, რაც ჩვენ სააკაშვილს ვუწინასწარმეტყველეთ ფილმში, ყველაფერი ახდა“

„ის, რაც ჩვენ სააკაშვილს ვუწინასწარმეტყველეთ ფილმში, ყველაფერი ახდა“

ფილმ „ჰეროკრატიაში“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ასახული. ფილმის რეჟისორი გოგა ხაინდრავა for.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ რაც ფილმში უწინასწარმეტყველა, რეალურ ცხოვრებაში ერთ-ერთში ახდა და ექს-პრეზიდენტის სასამართლო ზუსტად ისეთივე იქნება, როგორც მის ფილმშია.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ამბობს: „მიხეილ სააკაშვილს განცდა ჰქონდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები შესუსტებულია და მას ვერ დააკავებდნენ“. როგორ ფიქრობთ, რატომ ჰქოდა ექს-პრეზიდენტს განცდა, რომ ის საქართველოში ხელშეუხებელი იქნებოდა?

- ეს კითხვა ლიზა იასკოს უნდა დაუსვათ. სააკაშვილის ახალი ცოლია და უკრაინიდან წამოსვლამდე ისინი ერთად მსჯელობდნენ, თუ ვისი იმედით მოდიოდა „ტრაილერით“ და როდესაც როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს კანონმდებლობას არღვევდა. ადამიანი, რომელიც ჯანმრთელი არაა, როგორ შეიძლება მისი ფსიქიკა განსაჯო?! - არ ვიცი.

თქვენი აზრით, ის ფიქრობდა, რომ არჩევნების შემდეგ 2003 წლის სცენარს განახორციელებდა და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ასე დაბრუნდებოდა?

- მთავარია, ჩვენი საზოგადოება რას ფიქრობს, თორემ სააკაშვილი რას ფიქრობს, ამას ვინ რას გაიგებს. ჩვენი ხალხი ამას არ ფიქრობდა. ქართულ საზოგადოებას გადატრიალებები და რევოლუციები არ სჭირდება. ამ ქვეყანას განვითარება სჭირდება იმიტომ, რომ ძალიან რთულ მსოფლიოში ვცხოვრობთ. ჩვენს საზღვრებთან ძალიან მძიმე და სერიოზული პროცესები მიდის. საერთოდ, მსოფლიოში მიდის ძალიან სერიოზული პროცესები. რეალურად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მარტო ვართ, ანუ, მარტო ვართ ამ პრობლემების წინაშე. არც ერთ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების წევრი არ ვართ, ასევე, რეალურად განსაკუთრებული კავშირები არავისთან არ გვაერთიანებს. როგორც 2008 წლის აგვისტოს ომმა გვაჩვენა, როდესაც ძალიან დიდი გაჭირვება და აგრესია მოვიდა ჩვენს წინააღმდეგ, ამ აგრესიის წინაშე მარტო აღვმოვჩნდით - ახლაც ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანასთან ვმეგობრობთ, სტრატეგიული პარტნიორობაც გვაკავშირებს და როდესაც იმ ქვეყნებს სჭირდებათ ჩვენი სამხედრო ძალები, ჩვენ ვეხმარებით და ახლა არ მგონია, ჩვენ ვინმე დაგვეხმაროს. ამიტომ, გასაგებია, რომ გვესმის აქეთ-იქიდან ძალიან კარგი რჩევები და ამ რჩევებს მივესალმებით კიდეც, თუმცა ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთნოდეს და ჩვენი თავის იმედად უნდა ვიყოთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც საზოგადოებისთვის საჭიროა.

რაც შეხება სააკაშვილს, რომლის მოლოდინიც ჰქონდა ოპოზიციურ ჭაობს, ფიქრობდნენ მათთვის ნანატრი გეგმებით ჩამოვიდოდა, თუმცა მოთავსდა იქ, სადაც მისი ადგილია.

დასავლელი და სტრატეგიული პარტნიორები ახსენეთ და აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი გამოეხმაურა მარტო. დასავლელ პარტნიორებს დღემდე განცხადება არ გაუკეთებიათ. ფაქტს, ვერ გავექცევით, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო და როგორ ფიქრობთ, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებას რატომ არ ეხმაურება დასავლეთი?

- რატომ უნდა იყოს ხმაური, რას წარმოადგენს სააკაშვილი? - ის ერთი ავანტურისტი და პოლიტიკური მასხარაა. რატომ ელოდებით მაინც და მაინც გამოხმაურებას? ზელენსკის, რა თქმა უნდა, გამოხმაურება უნდა ჰქონოდა, რადგან მისი უახლოესი თანამშრომელია. იმხელა კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. თუმცა, რა რეფორმები ჩაატარა სააკაშვილმა უკრაინაში, შეგვიძლია ოდესის გუბერნიაში მოვიკითხოთ და შემდეგ უკრაინის რადაში. ბუნებრივია, უკრაინის მოქალაქეა და საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, ამიტომ, ზელენსკი ვალდებული იყო რაღაც განმარტება გაეკეთებინა. თუმცა, რა განმარტებაც გააკეთა, ისიც ყველამ მოვისმინეთ. როგორც ყველა უკრაინელ მოქალაქეს, ისე შევეცდებით, რომ გავუწიოთ დახმარებაო. ეს დახმარება არის ლიმიტირებული, რადგან ეს არის საქართველოს კანონმდებლობა. სააკაშვილმა კრიმინალური დანაშაულის შემდეგ შეაფარა თავი უკრაინას და უსამართლოდ მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. ეს მას არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობიდან, რაც საქართველოში აქვს ჩადენილი. ამიტომ, ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას, ჩვენ კი ჩვენს ქვეყანას მივხედავთ. ჩვენ ჩვენი კანონმდებლობა გვაქვს, მათ თავისი.

ისევ პრემიერ-მინისტრის განცხადებას მინდა დავუბრუნდე. განცხადებაში ვკითხულობთ ასევე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან გაყვანას დაუყოვნებლივ ითხოვს“. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ექს-პრეზიდენტთან მიმათებაში ნარკოტესტის ჩატარების განცხადებებიც და მისი ადვოკატები თანახმანი არიან, რომ მიხეილ სააკაშვილს ნარკოტესტი ციხეში ჩაუტარდეს...

- სააკაშვილთან მიმართებაში არანარი ნარკოტესტი არ მჭირდება იმისთვის, რომ ვიფიქრო, ის რას წარმოადგენს. ნარკოტესტი უნდა ჩააბაროს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც პრეტენზია აქვს ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე. ამის შესახებ მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ვკითხო და იქნებ გვიპასუხოს - სააკაშვილს ციხეში რომ შეხვდა და თვალებში ჩახედა, ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ყველა მაღალი თანამდებობის პირმა უნდა ჩააბაროს ნარკოტესტი თუ არა? რაც შეეხება სააკაშვილს, გინდა ჩაუბარებია გინდა არა, საინტერესო სულაც არაა. ის ციხეში ზის და 6 წელი კიდევ იქ მოუწევს ყოფნა.

რა პასუხს გასცემდით იმ ადამიანებს, ვინც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად თვლის?

- არანაირ პასუხს არ გავცემ. პოლიტპატიმრის ცნება ცნობილია და ყველამ ვიცით, რასაც ნიშნავს. კრიმინალი ადამიანი, რომელიც ძალიან მძიმე დანაშაულებებზეა მსჯავრდებული და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებები აქვს ჩადენილი, ვერანაირად პოლიტპატიმარი ვერ იქნება. იმ შემთხვევაშიც კი, მხოლოდ ის აქვს გაკეთებული, რაც ბოლოს ჩაიდინა - უკანონოდ შემოიპარა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქის არმქონე პირი, ესეც კრიმინალური დანაშაულია. პოლიტპატიმარი შეიძლება თაკო ჩარკვიანისთვის და გუბაზ სანიკიძისთვის იყოს, თუმცა დანარჩენი მსოფლიოსთვის ის პოლიტპატიმარი ვერ იქნება. ის, რომ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო, პასუხისმგებლობისგან სულაც არ ათავისუფლებს, ისევე, როგორც სარკოზის, რომელსაც ახლახანს მსჯავრი დაადეს. ისიც საფრანგთის პრეზიდენტი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კრიმინალურ საქმიანობას ახორციელებდა. სარკოზის არავინ პოლიტპატიმრად არ მოიხსენიებს და მიხეილ სააკაშვილი რატომ არის პოლიტპატიმარი?! ერთი ჟორიკა რურუა, ოქრუაშვილი, ან მერაბიშვილია პოლიტპატიმარი და მეოთხე სააკაშვილი.

დაბოლოს მინდა გკითხოთ, თქვენ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტზე ფილმი გადაიღეთ და ხომ არ აპირებთ ახლა უკვე მისი ციხეში ყოფნის პერიოდის გადაღებას?

- ფილმი უკვე გადაღებული მაქვს და სერიები „იუთუბზე“ შეგიძლიათ ნახოთ. რაც ფილმში ხდება, ახლა ზუსტად ერთი-ერთში ხდება. სასამართლო პროცესი, რომელიც ფილმშია ასახული, ზუსტად ისე შედგება, ზუსტად ისე მოიქცევა სააკაშვილი რეალურ სასამართლოზე, როგორც ფილმშია. ის, რაც ჩვენ ვუწინასწარმეტყველეთ ფილმში, ყველაფერი ახდა.

trampi მაქსიმ შევჩენკო

"ივანიშვილს დასავლეთიდან არჩევანი შესთავაზეს: მორიგ "ფერად რევოლუციას" მოგიწყობთ ან "ნაციონალებთან" კოალიციაში შეხვალო... სააკაშვილი შეიტყუეს, ის ამერიკელების გარდა არავის მიენდობოდა"

100% ვეთანხმები


მამუკა არეშიძე

"სააკაშვილს კარგად ვიცნობ და ვიცი, თავისი ნებით ციხეში არ ჩაჯდებოდა, საქმე რაც უნდა დიდ ფულთან ყოფილიყო დაკავშირებული. სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე"

ამასაც 100% ვეთანხმები
3 წლის უკან