ბეტმენი კომიქსების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერგმირია, რომელიც კამერის წინ არაერთ მსახიობს განუსახიერებია, იქნება ეს ბენ აფლეკი, კრისტიან ბეილი თუ მაიკლ კიტონი. სანამ რობერტ პატინსონის შესრულებასაც ვიხილავდეთ, იქამდე მაყურებლების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ჯორჯ კლუნის ბეტმენი ერთ-ერთი ყველაზე ცუდია ამ გმირის მიხედვით აქამდე შექმნილ ვერსიებს შორის.
ამ მოსაზრებას არც თავად მსახიობი ეწინააღმდეგება და ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ფილმში Batman & Robin (ბეტმენი და რობინი) თამაშს მწარედ ნანობს. 2022 წელს კიდევ ერთ ცნობილ სუპერგმირზე — ფლეშზე გამოდის დამოუკიდებელი ფილმი (The Flash), რომელშიც სხვადასხვა დროს ბეტმენის როლის ისეთი ცნობილი შემსრულებლები მიიწვიეს, როგორებიც ბენ აფლეკი და მაიკლ კიტონი არიან. მათ შორის ვერ მოხვდა ჯორჯ კლუნი და სწორედ ამ თემაზე ჰკითხა Variety-ის ჟურნალისტმა ამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე, თუ რატომ არ მიიღებს მონაწილეობას მომავალ ფილმში.
"მათ ჩემთვის არც უკითხავთ ამის შესახებ რამე. როცა საქმეს ისე საშინლად გააკეთებ, როგორც მე გამომივიდა, აი, სწორედ ასე მოგექცევიან მერე", — განუცხადა ჯორჯ კლუნიმ.
მსახიობს თან ახლდა ცოლი, პროფესიით ადვოკატი ამალ კლუნი, რომელმაც ჟურნალისტს ასევე გაუმხილა, რომ ბეტმენი და რობინი ნანახი არ აქვს, რადგან "ამის უფლებას ქმარი არ აძლევს".
"არის რამდენიმე ფილმი, რომლებიც ჯობია, ჩემმა ცოლმა არ ნახოს, რადგან მინდა, მცირედი პატივისცემა მაინც შერჩეს ჩემ მიმართ", — აღნიშნა ჯორჯ კლუნიმ.
ბეტმენი და რობინი რეჟისორ ჯოელ შუმახერის 1997 წლის ფილმია, რომელშიც ჯორჯ კლუნისთან ერთად თამაშობენ უმა თურმანი, კრის ო'დონელი და არნოლდ შვარცნეგერი.