ალბათ, ყველას, ვისაც უილ სმიტი სხვადასხვა როლში უნახავს, მათ შორის აუცილებლად ექნება ფავორიტი და ნაკლებად საყვარელი ფილმები.
ბუნებრივია, რომ ამასთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება აქვს თავად მსახიობსაც და ზუსტად იცის, რომელი სამსახიობო შესრულებით ამაყობს და რომლით პირიქით — ძალიან გაწბილებულია.
უილ სმიტმა ამ ცოტა ხნის წინ GQ-სთან მიცემულ ინტერვიუში გულწრფელად ისაუბრა ამ საკითხზე და სხვათა შორის, საკმაოდ ობიექტურადაც: მის შეფასებებს სხვა ბევრი მაყურებელიც დაეთანხმება.
"ჩემი საუკეთესო ფილმები, ვფიქრობ, ადამიანები შავებში (Men in Black) და ბედნიერების კვალდაკვალაა (The Pursuit of Happyness). სხვადასხვა მიზეზთა გამო ეს ორი ფილმი თითქმის ბოლომდე სრულყოფილია", — განაცხადა მსახიობმა.
კარგთან ერთად არც ცუდზე მოერიდა ერთი-ორი სიტყვის თქმა...
"ველური ველური დასავლეთი (Wild Wild West) გულში ხინჯად ჩამრჩა. საკუთარი თავის დანახვა კოვბოის ტყავის შარვალში... უბრალოდ უსიამოვნოა", — აღნიშნა უილ სმიტმა.
ველური ველური დასავლეთი 1999 წელს გამოსული ფილმია, რომელშიც უილ სმიტთან ერთად სელმა ჰაიეკი და კევინ კლაინი მონაწილეობენ.
ამ კინოსურათით არა მხოლოდ სმიტი, არამედ მაყურებლებისა და კრიტიკოსების სრული უმრავლესობაც უკმაყოფილო დარჩა: როგორც IMDB-ზე, ისე Rotten Tomatoes-ზე მას დაბალი შეფასება აქვს, ამავდროულად კი TIME-ის იმ ბლოკბასტერებს შორის დაასახელა, რომლებმაც მოლოდინები ვერ გაამართლა.
თუმცა ამ ჩავარდნის შემდეგ უილ სმიტმა ისეთ წარმატებულ პროექტებში მიიღო მონაწილეობა, როგორებიც მე ვარ ლეგენდა და ჰენკოკია.
ეს 53 წლის მსახიობი ამჟამად რამდენიმე ახლა ფილმზეც მუშაობს (მათ შორის ჰენკოკის გაგრძელებაზე) და იმედია, უახლოეს მომავალში ისეთი სამსახიობო შესრულებებით გაგვანებივრებს, რომლებითაც არც თავად დარჩება უკმაყოფილო და არც — მაყურებელი.