სოფია ნიჟარაძე ჟურნალ "რეიტინგს" სასამართლოში უჩივის!!! - ეს არ არის ამონარიდი იუმორისტული გადაცემიდან, არამედ სიმართლეა. ალბათ კიდევ უფრო მეტად ღიმილისმომგვრელია ის, თუ რატომ უჩივის ბოლო წლებში საქართველოს მთავარ მომღერალ ბულბულად გადაქცეული ნიჟარაძე "რეიტინგს". თურმე მას არ მოეწონა 25 მარტის "რეიტინგში" გამოქვეყნებული სტატია მისი პირადი ცხოვრების შესახებ, რომელშიც, წყაროზე დაყრდნობით, ჟურნალისტი ქეთი მელაძე მომღერლისა და პრეზიდენტის ურთიერთობაზე წერდა. წყაროს ინფორმაციით, სოფია ახლობლებსა და მეგობრებში არ ერიდებოდა იმაზე ლაპარაკს, თუ როგორ უყვარს ის მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს პრეზიდენტის მესიჯებსაც აფრიალებდა წაღმა-უკუღმა. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული სტატია "რეიტინგმა" ყვითელი პრესის კანონების სრული დაცვით გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს რუბრიკა "ჭორი და მართალი" და ამ ქოლგის ქვეშ დაბეჭდილ ყველა მასალაში არის განმარტება იმის შესახებ, რომ ეს არის არა ფაქტები, არამედ ჭორები, რომლებშიც, შესაძლოა, იყოს გაზვიადებული ინფორმაციაც და ასევე სიმართლეც. ჩვენმა მკითხველმა დიდი ხანია ეს კარგად იცის, ამიტომაც ამ რუბრიკაში გამოქვეყნებული თითოეული ინფორმაცია გულთან ისე ახლოს არ მიაქვს, როგორც ეს სოფო-სოფიამ გააკეთა. არადა, ძალიან კარგად გვახსოვს, ერთ-ერთი გაზეთი სკანდალურ მასალაში მის შესახებ ისეთ რაღაცას წერდა, რომელსაც აქ მართლა ვერ გავიმეორებთ. რატომღაც მაშინ მომღერალს არ გასჩენია საკუთარი თავის დაცვის სურვილი და ახლა მოისურვა, "რეიტინგს", როგორც დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, რომელიც მუდმივად ხალხის, მკითხველის ინტერესის დაკმაყოფილებისთვის მუშაობს, სასამართლო დარბაზში შეხვდეს.
საინტერესოა ის, თუ რატომ გადაწყვიტა "რეიტინგმა" ამ მასალის გამოქვეყნება. ბოლო წლებია, რუსეთიდან დაბრუნებული სოფო ნიჟარაძე, რომელიც სოფიად მოგვევლინა, ქართული შოუბიზნესის დედოფლად იქცა (სხვათა შორის, სწორედ მის მიერ უარყოფილი რუსეთის სახელით გამოვიდა ის "ახალ ტალღაზე" 2005 წელს და მისი ქართული გვარი რომ თვალში საცემი არ ყოფილიყო, მას უბრალოდ "სოფიად" აცხადებდნენ).
რასაკვირველია, არავინ ცდილობს იმის მტკიცებას, რომ სოფოს მომღერლისთვის აუცილებელი მონაცემები არ აქვს, ვერ მღერის ან ცუდად გამოიყურება და სცენას არ უხდება, მაგრამ საზოგადოებაში ჩურჩული მის სტატუსსა და მდგომარეობაზე მას შემდეგ დაიწყეს, რაც სოფო თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტის "მთავარი ვიოლინო" გახდა. ადამიანებმა დაიწყეს ლეგიტიმური შეკითხვების დასმა იმის თაობაზე, რატომ ხდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი ქალი მომღერალი გვყავს, მაინცდამაინც სოფო ნიჟარაძეს იღებდნენ შემდეგ კლიპებში - "მე მიყვარს ბათუმი", "მე მიყვარს ქუთაისი", "მე მიყვარს სვანეთი", აფხაზეთზე კლიპშიც სოფო ნიჟარაძე გადაიღეს ნინო სურგულაძესა და გიორგი უშიკიშვილთან ერთად, აღარაფერს ვამბობთ იმ მრავალრიცხოვან დუეტებზე, რომლებიც სახელმწიფოს სახელით გაუკეთდა სოფოს, საუბარია ხოსე კარერასზე, ანდრეა ბოჩელიზე, კრის დე ბურგზე. მანვე იმღერა ჯო ბაიდენის ოფიციალური ვიზიტისას საქართველოში და შემდეგ პრეზიდენტმა ის პირადად წარუდგინა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს. ბოლოს, სანამ "ნაციონალები" ქვეყნის სადავეებს ფლობდნენ, სოფოს მონაწილეობით რაბათის ციხე-სიმაგრის დასარეკლამებლად გადაიღეს კლიპი, რომელშიც ხოაკინ კორტესს მოუხმეს და მან ამ კლიპში მონაწილეობა მიიღო. კომპანია "ბრავო რექორდსმა" სტივ უანდერის ბექვოკალისტი დეჯა გომესი ჩამოიყვანა სპეციალურად იმისთვის, რომ მას სოფოსთან ერთად ემღერა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფო-სოფიას უნდა ემღერა სტივ უანდერთან ერთად, თუმცა, როგორც ჩანს, ან სტივი
ვერ "დაკერეს" ახალგაზრდა უცნობ მომღერალთან ერთად სიმღერაზე, ან ჰონორარზე ვერ შეთანხმდნენ. შემდეგ, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, საქართველოში ხულიო იგლესიასი ჩამოიყვანეს და სოფომ ამჯერად მასთან ერთად შეასრულა დუეტი. საზოგადოების წინაშე სოფო პირველად თბილისობის კონცერტზე გამოჩნდა, სადაც მას აკომპანირებას ნიკოლოზ რაჭველი უწევდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ყოველგვარი კონკურსის გარეშე, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სოფოს კანდიდატურა დაამტკიცა "ევროვიზიაზე" გასამგზავრებლად. სოფოზე მაშინ იმდენი ენერგია დაიხარჯა, როგორიც არც ერთ კონკურსანტზე არ დახარჯულა.
რასაკვირველია, ფინანსებიც, რადგან მაშინ "დოლჩე და გაბანამ" წითელი კაბა სპეციალურად მისთვის შეკერა. სოფია ნიჟარაძის ქართული კარიერის ყველაზე საინტერესო დეტალი ის გახლავთ, პატივცემულო მკითხველო, რომ კერძო დაფინანსებით გადაღებული კლიპი მას მხოლოდ ერთი აქვს, დეჯა გომესთან ერთად. დანარჩენი კლიპები მომღერალ სოფო ნიჟარაძეს სახელმწიფომ გადაუღო, ვითომდა საქართველოს ცალკეული კუთხეების დასაპიარებლად, მაგრამ საინტერესოა, სხვა არავინ იყო ქართველ მომღერალთაგან, რომელიც ქუთაისს უკეთესად ან თუნდაც უარესად უმღერებდა, ვიდრე სოფო? ან სოფო ნიჟარაძეს უფრო მეტად უყვარს საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული, ვიდრე სხვა მომღერლებს?
სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებიდან გამომდინარე, საზოგადოებამ და არა ჟურნალმა "რეიტინგმა" დაიწყო იმაზე საუბარი, რომ სოფოს ეს ყველაფერი გავლენიანი მფარველის წყალობით მიეცა. "რეიტინგი" არანაირად არ ამტკიცებს იმას, რომ სოფოსა და პრეზიდენტს სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ, თუმცა თბილისში ბევრი მოარული ხმა დადის და რუბრიკა "ჭორი და მართალიც" სწორედ ამ ჭორების შეგროვებითაა დაკავებული. სოფო ნიჟარაძეს მცირეოდენი დრო მაინც რომ გამოენახა და წლების განმავლობაში რაც მასა და პრეზიდენტზე დაწერილა, ამასთან დაკავშირებით ერთი ინტერვიუ მაინც მიეცა რომელიმე მედიასაშუალებისთვის, თავად დაუსვამდა ამ ჭორებს წერტილს, მაგრამ მას ასეთი რამ აზრადაც არ მოსვლია და საინტერესოა, რატომ? რატომ ახლა და არა მაშინ, როდესაც მის შესახებ იმაზე უარესი ჭორები ვრცელდებოდა, რაც "რეიტინგმა" დაწერა? რატომ არც ერთხელ არ მოაფიქრდა ნიჟარაძეს, გამოსულიყო და უარეყო მოარული ხმა იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი მასზე დაქორწინებას აპირებს? რა წაიკითხა ისეთი სოფო ნიჟარაძემ ჩვენს სტატიაში, რაც სხვაგან არ წაუკითხავს და რა ახალი ჭორი გაიგო საკუთარ თავზე?!. ახლა, ვინაიდან თავად გახსნა ეს თემა და პრესას მისცა უფრო მეტი საბაბი იმისთვის, რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ, გამოვიდეს და გასცეს ერთ მთავარ შეკითხვას პასუხი: რატომ არის ის საქართველოში ბოლო წლების ყველაზე პრივილეგირებული მომღერალი? რატომ მიიღო მან, და არა სხვამ, მთავარი როლები სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებულ მიუზიკლებში "ქეთო და კოტე" და "ვერის უბნის მელოდიები". შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს ცნობით, "ვერის უბნის მელოდიებზე" ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. საინტერესო ხმა დადიოდა და იმედია, სოფია ამაზეც არ გვიჩივლებს, რომ როდესაც "ქეთო და კოტეს" ბანერზე პეპლებიანი კაბით მხოლოდ სოფო ნიჟარაძე გამოსახეს და ეს ბანერები ქალაქის ქუჩებში გამოჩნდა, ერთ-ერთმა მომღერალმა, რომელსაც სოფოზე გაცილებით დიდი წონა აქვს, პირადად პრეზიდენტს დაურეკა საყვედურით, ამ მიუზიკლში მარტო სოფო მონაწილეობს თუ რა ხდებაო?.. რა თქმა უნდა, სოფო ამაზეც იტყვის, ასეთი რამ არ ყოფილაო, მაგრამ ბანერზე მხოლოდ თვითონ რატომ იყო გამოსახული, როდესაც სპექტაკლში მასზე გაცილებით წონიანი შემსრულებლები მონაწილეობდნენ? არ გვითხრას იმიტომ, რომ მთავარი როლი მქონდაო, სპექტაკლს "ქეთო და კოტე" ჰქვია და ქეთო თუა მთავარ როლში, კოტე რატომ არის მეორეხარისხოვანი?!. ამითაც კარგად დასტურდება, რომ სოფო მთელი ამ წლების განმავლობაში პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო.
რადგან სოფომ გადაწყვიტა, ამ საქმეს აფიშირება გაუკეთოს, "რეიტინგის" პასუხი შემდეგნაირია - ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ სასამართლო სხდომის ღიად ჩატარებას, რათა მას დაესწროს ყველა მსურველი ჟურნალისტი, შესაბამისი აღჭურვილობით და ყველა დეტალი ჯეროვნად გააშუქოს. ასევე ჩვენი მოთხოვნაა, სასამართლოზე გამოცხადდეს თავად მომღერალი და კონკრეტული პასაჟები მოგვიხაზოს ჩვენი მასალიდან, რა არის მისთვის შეურაცხმყოფელი და მისი საქმიანი რეპუტაციის შემლახავი და როგორ მოქმედებს მის მრავალრიცხოვან კონტრაქტებზე, როგორც ეს ჩვენთან შეხვედრაზე მოსულმა მისმა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განგვიცხადა, პირადი ცხოვრების აფიშირება. რა არის მისთვის შეურაცხმყოფელი და რა არის ცილისწამება ამ სტატიაში? მის პრესკონფერენციაზე ამ შეკითხვებზე პასუხები აშკარად ვერ მოვისმინეთ. და, ბოლოს და ბოლოს, გასცეს პასუხი შეკითხვას - რა ურთიერთობა აქვს პრეზიდენტთან? თუკი სოფოს ჰგონია, რომ სასამართლო დავა ამ ჭორებს შეაჩერებს და ხალხი ისევ არ გააგრძელებს იმაზე ლაპარაკს, რაზეც მთელი ქალაქი და ქვეყანა ლაპარაკობს, ეს დიდი გულუბრყვილობაა მისი მხრიდან.
ცალკე აღსანიშნავია მისი ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის თემაც - შეგახსენებთ, რომ ეს ადვოკატი იცავს ბაჩო ახალაიას, ასევე გიგი უგულავას ინტერესებს. გაბაიძის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის არაფერი იყო ცნობილი, სანამ "ნაციონალებს" არ გაუჭირდათ და სასამართლოში არ მოუწიათ სირბილმა. მაშინ გამოენთო ყოფილი თუ ახლანდელი "დაჩაგრული" მაღალჩინოსნების სვე-ბედით შეწუხებული გაბაიძე და სახელიც გაიკეთა ამ საქმეებზე. გოგიტა გაბაიძის სახელი და გვარი საზოგადოებამ და ჟურნალისტებმა მხოლოდ ახლაღა გავიგეთ. როგორც ჩანს, "ნაციონალებს" მისი დაცვის სტილი ძალიან მოსწონთ და საინტერესოა, რომ სწორედ ეს ადამიანი იცავს სოფო ნიჟარაძის ინტერესებსაც, რომელსაც, თავის მხრივ, პრეტენზია აქვს იმაზე, რომ კარიერა თავისით გაიკეთა და არავინ მიხმარებია, არც გავლენიანი მფარველი ჰყოლია და ყველაფერი, რასაც "რეიტინგი" წერს, ტყუილია. მაშინ რატომ იცავს მის ინტერესებს მაინცდამაინც გოგიტა გაბაიძე? საქართველოში აგური რომ ააგდო, ადვოკატს დაეცემა თავში და რაღა მაინცდამაინც "ნაციონალების" ფავორიტი ადვოკატი გაახსენდა სოფოს? ბატონი გოგიტა გაბაიძე ჩვენთან რედაქციაში ბრძანდებოდა და როგორც ჩანს, ძალიან კარგად ეხერხება ტყუილების თქმაც. "რეიტინგის" რედაქტორსა და იურისტთან გასაუბრებისას მან, სოფოს სახელით, ჟურნალისგან ბოდიშის მოხდა და 5000 ლარი მოითხოვა. თურმე, ნუ იტყვით და, სოფო ნიჟარაძეს უნდა, იქველმოქმედოს "რეიტინგის" ხარჯზე და ეს თანხა გაჭირვებულ ბავშვებს გადასცეს. სოფოს ქველმოქმედების ამბავი რაღაც არ გვახსენდება და ეგებ, "რეიტინგთან" დავას ერჩივნა, ერთი სოლოკონცერტი გაემართა ბავშვების დასახმარებლად, თუკი ასე შესტკივა გული... მაგრამ დავუბრუნდეთ ადვოკატის მოთხოვნას. რედაქტორმა გაბაიძეს შესთავაზა, რომ ჟურნალი შემდეგ ნომერში მასალასა და რუბრიკასთან დაკავშირებით ვრცელ განმარტებას გააკეთებდა, თუმცა თანხის გადახდაზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ამის შემდეგ ბატონმა ადვოკატმა თქვა, რომ ის სოფოსთან მოითათბირებდა და შემდეგ აცნობებდა "რეიტინგის" რედაქციას გადაწყვეტილებას, მაგრამ ამის მაგივრად, გაიქცა თავის კლიენტთან და ერთ საათში ისე დანიშნა პრესკონფერენცია, "რეიტინგს" ვუჩივითო, რომ არც კი გახსენებია, რედაქტორისთვის დაერეკა და ეთქვა, რომ გადაწყვეტილება სასამართლო დავის სასარგებლოდ მიიღეს. სტილი გასაგებია, თუმცა რამდენად მისაღები, ეს ცალკე საკითხია...
"რეიტინგის" წინა ნომერში გამოვაქვეყნეთ სრულიად უწყინარი სტატია ელენე დუმბაძის შესახებ, რომელიც ბიზნესმენ დავით დუმბაძის შვილი და პრეზიდენტის ბიძაშვილის, გიორგი ალასანიას მეუღლეა. ელენე დუმბაძემ "ამბები ჯის" კომენტარი მისცა, სადაც აღშფოთებას ვერ მალავდა ამ სტატიის გამო და კითხულობდა, როგორ გაბედეს ჩემს პირად ცხოვრებაზე ჩემთან შეუთანხმებლად დაწერაო? ელენე, უკაცრავად და, თქვენ საიდან ხართ? პარიზში ხომ სწავლობდით და ცხოვრობდით დიდხანს და იქაური ყვითელი პრესისთვის თუ გადაგიხედავთ ოდესმე, ვინმეს თუ უთანხმებენ წინასწარ, ამა და ამ სტატიის დაწერას ვაპირებთ თქვენზე და არ გაბრაზდეთო? ელენე ამბობს, რომ მამამისი მილიონერი არ არის და უჩვეულო არაფერია იმაში, რომ პარიზში სწავლობდა, ცხოვრობდა და იქ დაბადების დღეებს იხდის. საქართველოს მოსახლეობის 99 %-ისთვის ეს უჩვეულოა და თანაც, ამის მიუხედავად, რა იყო ამ სტატიაში გასაბრაზებელი? ან რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს სტატია საზოგადოებაში აგრესიის გამოსაწვევად დაიწერა?!. თქვენით "რეიტინგი" მხოლოდ იმიტომ დაინტერესდა, რომ პრეზიდენტის ბიძაშვილს გაჰყევით ცოლად. თავის დროზე ლიკა ევგენიძითაც ინტერესდებოდა პრესა, როცა ის ნიკა ალასანიას მეუღლე გახდა და არ გვახსოვს, ამის გამო ლიკა ევგენიძე შოკში ჩავარდნილიყო და აღშფოთება გამოეხატა. ელენე დუმბაძემ სოფო ნიჟარაძეს წარმატებები უსურვა "რეიტინგთან" ბრძოლისას და ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ ხალხმა გამიზნულად დაიწყო შეტევა დამოუკიდებელ ჟურნალზე, რომელსაც არასდროს ჰქონია პრობლემა სიმართლის ხმამაღლა თქმაზე. "რეიტინგს" ბევრი ისეთი სტატია გამოუქვეყნებია, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება დაუმსახურებია. როგორც ჩანს, ადამიანებმა ქვეყანაში რაც უნდათ, ის უნდა აკეთონ, ბიუჯეტის ხარჯზე გადაღებული კლიპებით კარიერა გაიკეთონ და მერე, როცა სრულიად დამსახურებულად, შეკითხვები ჩნდება მათი მისამართით, დამოუკიდებელ მედიას სასამართლოში უნდა უჩივლონ, რომ მეორედ არავინ "გაბედოს" მსგავსი რამის დაწერა. მოვუწოდებთ ყველა იმ მედიასაშუალებას, რომელიც თავს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიიჩნევს, ამოგვიდგეს გვერდით!.. შემდეგი აუცილებლად თქვენ იქნებით. დავიცვათ თავისუფალი სიტყვის უფლება!..