სასკოლო სახელმძღვანელოებზე მონოპოლისტებს ფრთები შეეკვეცათ

სასკოლო სახელმძღვანელოებზე მონოპოლისტებს ფრთები შეეკვეცათ

2013-2014 სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოები უფასო იქნება. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა 145-ე საჯარო სკოლაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებას ასრულებს. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ უფასო სახელმძღვანელოები მშობლებს თანხის დაზოგვის და სხვა მიმართულებით გამოყენების საშუალებას მისცემს.

წინა ხელისუფლების დროს, სასკოლო სახელმძღვანელობის ბეჭდვა და რეალიზაცია მონოპოლიზებული იყო და გამომცემლების თქმით, მონოპოლია ხელოვნურად, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ჩარევით მოხდა. კერძოდ, განათლების სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა „24 საათი პრინტთან“, რაც ამ უკანასკნელის დაფუძნებიდან რამდენიმე თვეში მოხდა. ამით მან სასკოლო სახელმძღვანელოების დისტრიბუციის უფლება მიიღო. შესაბამისად, 2012 წელს გამომცემელსა და მოვაჭრეებს შორის „24 საათი პრინტის“ სახით გაჩნდა დამატებითი რგოლი, რომელმაც გასაყიდი წიგნების მთელი ტირაჟი შეისყიდა და მოვაჭრეებს თავად მიჰყიდა.

ცნობისათვის, 2012 წელს შექმნილი შპს „24 საათი პრინტის“ დამფუძნებლები არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი მამუკა ფაჩუაშვილი და გაზეთ „24 საათის“ გამომცემელი პაატა ვეშაპიძე. როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელმძღვანელოების სარეალიზაციოდ „24 საათი პრინტისთვის“ გადაცემა განათლების სამინისტროს ჩარევით მოხდა.

სტამბების წარმომადგენლების ინფორმაციით, საბოლოოდ გასულ და მიმდინარე სასწავლო წელს სახელმძღვანელოების უმრავლესობა „24 საათის“ გამომცემლების გავლით დაიბეჭდა.

განათლების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ინფორმაციით, სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარი საქართველოში 60 მილიონ ლარს შეადგენდა. სტამბებში ამბობენ, რომ წიგნის ბეჭდვისას მოგება 15 დან 20%-მდე მერყეობს. შესაბამისად, გამოდის, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით სახელმძღვანელოების ბეჭდვით „24 საათის“ გამომცემლებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღეს.

გამომცემლობა „დიოგენეს“ დირექტორი, თამარ ლებანიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „24 საათი პრინტი“ იყო ფაქტობრივი მონოპოლისტი, თუმცა, მაშინ, მას საკუთარი წარმოება არ ჰქონდა და ამიტომ, იძულებული იყო, წიგნები უცხოეთში დაებეჭდა. შესაბამისად, „24 საათი პრინტი“ შუამავლის როლს თამაშობდა.

„სამინისტროს მხრიდან კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ „24 საათთან“ გვეთანამშრომლა და ჩვენ იძულებულები ვიყავით, დათმობაზე წავსულიყავით. აქვე აღვნიშნავ, რომ ორი წიგნი გვქონდა დასაბეჭდი, რომელთა თაობაზე ჩვენს თურქ პარტნიორებს (ვისთანაც წიგნებს ვბეჭდავდით ხოლმე) კითხვა გავუგზავნეთ და განსხვავება მათ მიერ შემოთავაზებულ ფასსა და „24 საათის“ მიერ შემოთავაზებულს შორის 20 000 დოლარი შეადგინა, ცხადია ამ უკანასკნელის სასარგებლოდ“, - აცხადებს თამარ ლებანიძე.

მისი თქმით, 2012 წლის მთელი სახელმძღვანელოების აქტიური გაყიდვის რამდენიმე სეზონის განმავლობაში „24 საათი“ აბსოლუტური მონოპოლისტი იყო და გამომცემლობები იძულებულები იყვნენ, მოვაჭრეებთან ურთიერთობაში ეს შუამავალი რგოლი გამოეყენებინათ.

„24 საათი“ განათლების სამინისტროს ფავორიტი იყო და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ საქმეში ის დღესაც ფიგურირებს. კერძოდ, განათლების სამინისტრო მასთან პარტნიორობას განიხილავს“, - აღნიშნავს „დიოგენეს“ დირექტორი.

გამომცელობა „ტორის“ დირექტორი, ირაკლი დოლიძე აცხადებს, რომ თავად „24 საათი“ არაფერ შუაშია, რადგან განათლების სამინისტროს მოთხოვნა იყო, რომ გამომცემლებს სახელმძღვანელოები სწორედ ამ სტამბაში დაებეჭდათ.

„ჩვენთან იბეჭდებოდა სახელმძღვანელოები, რომლებზეც შეკვეთას მაძლევდა გამომცემლობა, მაგრამ გამომცემლობებს უთხრეს, რომ თუ სახელმძღვანელოების დაბეჭდვა უნდოდათ, ყველას „24 საათის“ სტამბაში უნდა წაეღოთ შეკვეთები. 2012 წელს კი გამომცემლობებს რეალიზებაც წაართვეს. „24 საათი“ ბეჭდავდა კიდეც წიგნებს და რეალიზებას უკეთებდა, მაგრამ ეს „24 საათის“ ამბავი არ არის, ამას თავად სამინისტრო კურირებდა“, - აცხადებს ირაკლი დოლიძე.

გამომცემლების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს „24 საათი პრინტის“ დირექტორი, ირაკლი ლეჟავა, რომელიც აცხადებს, რომ „24 საათის“ მონოპოლისტობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. მისი თქმით, 17 გამომცემლიდან 5 გამომცემელზე მეტთან ურთიერთობა არასოდეს ჰქონია და ეს მონოპოლისტობას არ ნიშნავს. ირაკლი ლეჟავა ამბობს, რომ განათლების სამინისტროსთან სახელმძღვანელობის ბეჭდვის საკითხში თანამშრომლობას მომავალშიც გეგმავს.

„რა თქმა უნდა, სამინისტროსთან ვითანამშრომლებთ, რადგან საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სტამბა „24 საათს“ გააჩნია და თუკი სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოში დაიბეჭდება, შეუძლებელია ეს „24 საათის“ გარეშე მოხდეს. წინასწარი მოლაპარაკებებიც უკვე არის და სავარაუდოდ, ეს თანამშრომლობა შედგება“, - აცხადებს ირაკლი ლეჟავა.

მისი თქმით, განათლების სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხა დამაკმაყოფილებელია სტამბებისთვის, რათა მათ სახელმძღვანელოები დაბეჭდონ.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, სახელმწიფო დადგა შემდეგი ალტერნატივის წინაშე, ან წიგნები ჩვეულებრივ ყოფილიყო ფასიანი და ეს ბაზარი ყოფილიყო გამომცემლების ხელში, რომლების დიდი უმრავლესობა (16 გამომცემლიდან 13 გამომცემელი) სწორედ სასკოლო წიგნების თემატიაკზე არის შექმნილი და მუშაობენ მხოლოდ სახელმწიფოდან მიღებულ სასკოლო სახელმძღვანელობის შეკვეთაზე, ან აეღო ინიციატივა ხელში, თავად ეწარმოებინა მენეჯმენტი წიგნების დაბეჭდვის და დარიგების საკითხზე და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრილი ყოფილიყო მოსახლეობისათვის. სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს პოზიცია არის აბსოლუტურად მისაღები და სასიკეთო მოსახლეობისათვის, რადგან რამდენიმე გამომცემლის „კვებას“ ამჯობინა შეემსუბუქებინა მოსახლეობისათვის ის ტვირთი, რასაც ყოველწლიურად სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა ერქვა. მათივე ინფორმაციით, თითოეულ ოჯახს თითოეული მოსწავლისათვის (კლასის მიხედვით) სკოლის სახელმძღვანელოების ყიდვა100 დან 180 ლარამდე უჯდება, წიგნის ფასის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 10 ლარს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, წიგნებს თან ახლავს მოსწავლის რვეულები, რომელთან ერთადაც წიგნის ფასი 10 ლარს საგრძნობლად სცდება. ამავდროულად, არსებობს ისეთი სახელმძღვანელოები, რომლებიც გამოცემულია 2 ტომად, რაც საბოლოო ჯამში 14 ლარს სცილდება.

საერთო ჯამში, წლის განმავლობაში ოთხ მილიონზე მეტი სასკოლო სახელმძღვანელო იყიდება, საერთო ღირებულებით დაახლოებით 45-50 მილიონი ლარი, რისი გადახდაც მშობლებს უწევდათ.