სწრაფად „რეგენერირებული“ პრეზიდენტი

სწრაფად „რეგენერირებული“ პრეზიდენტი

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი ველოსიპედით სეირნობდა, რა დროსაც სატვირთო მანქანას, ე.წ. „ტრეილერს“ დაეჯახა და მხრის მოტეხილობით საავადმყოფოში მოხვდა. როგორც ცნობილია, გუშინ დაგეგმილი ყველა ოფიციალური შეხვედრა დღეისათვის გადაიდო, პრეზიდენტი კი სტამბოლში, ამერიკულ ჰოსპიტალში იქნა მოთავსებული, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაცია მოგვიანებით პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალურ გვერდის მეშვეობით გავრცელებული განცხადებით დადასტურდა.

„თურქეთში ვიზიტის ფარგლებში 6 აპრილს შედგა საქართველოს პრეზიდენტის მოლაპარაკება და სადილი თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მომდევნო დღეს, ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშის დროს, მიხეილ სააკაშვილი დაშავდა. სტამბოლის საავადმყოფოში გამოკვლევისას მას დაუდგინდა მხრის სამმაგი მოტეხილობა. პრეზიდენტს ამავე საავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია.

შეხვედრები, მათ შორის, შეხვედრა და სადილი თურქეთის პრეზიდენტთან, რომლებიც ორშაბათს იყო დაგეგმილი, გაიმართება სამშაბათს. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი დატოვებს თურქეთს“, - ნათქვამი იყო გუშინ პრეზიდენტის facebook-ის გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში.

დღეს კი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო ინფორმაცია სააკაშვილისა და თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულის შეხვედრის შესახებ. ამ ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი დღეს თურქ კოლეგას  აბდულა გიულს ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში პირისპირ შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობა იყო.

„შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და სრულად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას. ორი ქვეყნის ლიდერებმა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც საქართველო და თურქეთი ერთობლივად ახორციელებს. საუბარი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო. მხარეებმა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის თაობაზეც ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს ამ მნიშვნელოვანი პროექტის გაგრძელების აუცილებლობა“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინსიტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებას ფოტოგალერეა და ვიდეოჩანაწერიც ერთვის, სადაც მიხეილ სააკაშვილი თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. ფოტოგალერეაშიც და ვიდეოჩანაწერშიც ჩანს, რომ პრეზიდენტი ხელებს სრულიად თავისუფლად ხმარობს და სულ არ ეტყობა, რომ რაიმე დაზიანება აქვს მიღებული.

ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა ამ თემაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთლმა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს რეგენერაციის სწრაფი უნარი აქვს და მისი შრომისუნარიანობა აღდგენილია (?!).

„თურქეთში მომხდარი ინციდენტის დეტალები ნამდვილად არ ვიცი. ვიცი ის, რომ პრეზიდენტმა ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, გაუკეთდა ოპერაციაც, თუმცა ეს დიდი და მძიმე ოპერაცია არ არის. მოხდა მოტეხილი ფრაგმენტების ფიქსაცია. რაც შეეხება პრეზიდენტის საერთო მდგომარეობას, რამდენადაც ვიცი, დღეს თურქეთის პრეზიდენტს ხვდება და მისი შრომისუნარიანობა, ალბათ, აღდგენილია. საერთოდ, რეგენერაციის სწრაფი უნარი აქვს. ძალიან არ ინერვიულოთ - პრეზიდენტი კარგად არის!“ - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გიგი წერეთელმა.

ცხადია, საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს, რა მოხდა რეალურად თურქეთში. ამის გასარკვევად for.ge პრეზიდენტის პრეს-სამსახურის წარმომადგენელს, ნათია ბანძელაძეს დაუკავშირდა. ბანძელაძის თქმით, პრეზიდენტს ბეჭი სამ ადგილას აქვს მოტეხილი და ოპერაცია ჩაუტარდა. ჩვენს კითხვაზე, როგორ მოხდა რომ ბეჭის სამმხრივი მოტეხილობის ფონზე პრეზიდენტი ორივე ხელს თავისუფლად ამოძრავებს, ნათია ბანძელაძე პასუხობს, რომ „მართალია პრეზიდენტი ხელს ამოძრავებს, მაგრამ შეზღუდულად“. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს (რომელიც სოციალური ქსელებით გუშინ გავრცელდა და თითქოს პრეზიდენტის დაშავების მომენტს ასახავს), ნათია ბანძელაძე მას სისულელეს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის ვიდეოჩანაწერი, რომელიც youtube-ზე 2011 წელს არის ატვირთული.

დღეს ქართულ მედიაში თავად პრეზიდენტის კომენტარიც გაჩნდა, სადაც იგი ამბობს, რომ თურქული მედიცინის დონით გაოგნებულია. ამის შესახებ სააკაშვილმა აბდულა გიულთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა განცხადება.

„ბოლო დღეებში მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ მაგრად და სწრაფად ვითარდება თურქეთის რესპუბლიკა. ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით მომიხდა ორი დღის გატარება თურქულ ჰოსპიტალში. მინდა ვთქვა, რომ გაოგნებული ვარ მომზადებისა და თურქული მედიცინეს დონით. ყველაფერი შეიქმნა ბოლო წლებში და არ შემიძლია აღფრთოვანება არ გამოვხატო. მაგრები რომ არიან, ისიც ადასტურებს, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ, აგერ თქვენს წინაშე ვდგავარ, იმიტომ, რომ არ შემეძლო არ მოვსულიყავი ამ ოფისში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიუხედავად ამ განმარტებებისა, ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ პრეზიდენტის მიერ ტრავმის მიღების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ამიტომ იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა, რომ ბეჭის სამმხრივი მოტეხილობის მქონე ადამიანმა ტრავმის მიღებიდან და ოპერაციის გაკეთებიდან მეორე დღესვე თავისუფლად იმოძრაოს, for.ge ტრავმატოლოგს ესაუბრა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა განაცხადა, რომ ასეთი რამ წარმოუდგენელია. ექიმის განცხადებით, მის პრაქტიკაში არსებულ შემთხვევებში მეორე დღეს პაციენტები ხელს ვერ ამოძრავებდნენ.  

„გააჩნია როგორი მოტეხილობაა, ცდომით თუ ცდომის გარეშე, ნამსხვრევებით თუ ნამსხვრევების გარეშე. მოტეხილობა ზოგადი სიტყვაა და შეიძლება ის სხვადასხვაგვარი იყოს. როდესაც ოპერაცია კეთდება, ხდება დაფიქსირება“, - აცხადებს ტრავმატოლოგი.

მისი თქმით, როგორც წესი ოპერაციის მეორე დღეს ადამიანი თავისუფლად ვერ იმოძრავებს, რადგან ტკივილები ექნება.

„იმ ადგილის იმობილიზაცია მაინც უნდა მოხდეს, რომელზეც ოპერაცია ჩატარდა, რადგან მოძრაობის შემთხვევაში პაციენტს ტკივილი ექნება“, - აღნიშნავს ექიმი.