ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ

ფიზიკის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ. პრესტიჟული პრემიის მფლობელები სიუკურო მანაბე, კლაუს ჰასელმანი და ჯორჯო პარიზი გახდნენ.

„შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ გადაწყვიტა, ფიზიკის დარგში 2021 წლის ნობელის პრემია სიუკურო მანაბეს, კლაუს ჰასელმანსა და ჯორჯო პარიზის მიანიჭოს „რთული ფიზიკური სისტემების გაგებაში შეტანილი ნოვატორული წვლილისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯორჯო პარიზიმ უწესრიგო კომპლექსურ მასალებში დამალული სტრუქტურები აღმოაჩინა. მისი აღმოჩენა რთული სისტემების თეორიაში უმნიშვნელოვანეს წვლილს წარმოადგენს.

კლაუს ჰასელმანმა შექმნა მოდელი, რომელიც ამინდსა და კლიმატს აკავშირებს. მისი მეთოდები გამოყენებული იყო იმის დასამტკიცებლად, რომ ატმოსფეროში გაზრდილი ტემპერატურა ადამიანის მიერ ნახშირორჟანგის ემისიით არის გამოწვეული.

სიუკურო მანაბემ აჩვენა, როგორ იწვევს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაზრდილი დონე დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურის მატებას. მისმა საქმიანობამ საფუძველი ჩაუყარა კლიმატის ამჟამინდელი მოდელების შემუშავებას.

4-11 ოქტომბერს სტოკჰოლმსა და ოსლოში ფიზიოლოგიისა და მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის და ეკონომიკის დარგში შვედეთის სახელმწიფო ბანკის ლაურეატებს დაასახელებენ.