დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ვებ-გვერდს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი ჰარი პალისტერი ესაუბრა. ვეტერანი მოთამაშის მტკიცებით, უახლოეს მომავალში სერ ალექს ფერგიუსონს პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდოს დაბრუნება სურს.
„რამდენიმე კვირის წინ, ევროპის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა. იმ მატჩმა დაამტკიცა, რომ გუნდს კიდევ უფრო გაძლიერება ესაჭიროება.
ცოტა ხნის წინ ფერგიუსონს ვესაუბრე. სერ ალექსმა მითხრა, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ კრიშტიანო რონალდოს დაბრუნებაზე სერიოზულად ჩაფიქრდა. დიდია ალბათობა, რომ პორტუგალიელმა ინგლისში თამაში არ მოისურვოს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჟოზე მოურინიო „სამეფო კლუბს“ დატოვებს, რონალდოს გადაბირება უფრო იოლი აღმოჩნდება.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ყველაზე ძლიერი კლუბია. ეს ფაქტორი კრიშტიანოსთვის ალბათ გადამწყვეტი აღმოჩნდება. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფერგიუსონი რონალდოსთან პირადად დაკავშირებასა და მასთან საუბარს აპირებს. ამ ორ პიროვნებას ერთმანეთში შესანიშნავი ურთიერთობა გააჩნიათ. იმედია სერ ალექსი ფეხბურთელის „იუნაიტედში“ დაბრუნებას მოახერხებს.“ - განაცხადა ჰარი პალისტერმა.