იტალიის საფეხბურთო პირველობის ბოლო ტურში მილანის „ინტერმა“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა. ამ შეხვედრაში მასიმო მორატის გუნდის თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
გამოცემა „Goal.com”-ის ინფორმაციით, გუშინ ანტონიომ მილანის ერთ-ერთ კლინიკაში საფუძვლიანი შემოწმება გაიარა. აღმოჩნდა რომ ფეხბურთელის მკურნალობის კურსი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ამ მიზეზის გამო კასანოსთვის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულდა.
საინტერესოა, რომ იტალიის ჩემპიონატს „ინტერი“ თითქმის მეორე შემადგენლობით ასრულებს. გუნდის მოთამაშეების ნახევარს სხვადასხვა სახის ტრავმები აქვთ მიღებული. მილანელებს განსაკუთრებული პრობლემები შეტევაში შეექმნათ. კასანოს გარდა მინდორზე გამოსვლა დიეგო მილიტოსა და როდრიგო პალასიოსსაც არ შეუძლიათ.