წინა კვირას "კომედი შოუს" კორპორატიული საღამო ჰქონდა. მარტის ბოლო შაბათს რესტორანში "გაგრა" "რუსთავი 2"-ის იუმორისტები არხის ხელმძღვანელობასთან ერთად შეიკრიბნენ და კარგად მოულხინეს. როგორც ჩანს, საღამოზე ქვეყნის პრეზიდენტიც მიიწვიეს. ამის ამსახველი ფოტოები "ფეისბუქში" დავით გოგიშვილმა გაავრცელა.
- დათო, ფოტოები ვახო ბიჭიკაშვილის "აიფონით" არის გადაღებული, შენ როგორ ჩაგივარდა ხელში?
- მეგობარმა მომაწოდა.
- ასეთი საღამოები ხშირად იმართებოდა შენი იქ ყოფნის დროსაც?
- წელიწადში 2-ჯერ, ეს ტრადიცია იყო.
- მაშინაც პატიჟებდით პრეზიდენტს?
- არა, არც ერთი ოფიციალური პირი, მით უფრო ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენს კორპორატიულ საღამოზე არ ყოფილა. სხვათა შორის, სულ პირველ კორპორატიულ წვეულებაზე თამადა მე ვიყავი. ასე რომ, "პირველად იყო სიტყვა" მე მეკუთვნის (იცინის).
ვახო ბიჭიკაშვილი:
- ვახო, "ფეისბუქზე" შენი მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებია "კომედი შოუს" კორპორატიული საღამოდან, სადაც ქვეყნის პრეზიდენტია აღბეჭდილი, თუ იცი, ვინ მიიწვია პრეზიდენტი ამ საღამოზე?
- ანდრიას გეფიცები (შვილს გულისხმობს. ავტ.), მართლა არ ვიცი. როგორც გავიგე, ახალი პაროდისტების გასაცნობად მოსულა, კონკრეტულად ქართლოს ნატროშვილის. პირადად მე ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი.
- რამდენ ხანს იყო თქვენთან და როგორ გაატარა ეს დრო?
- მე არ ვსვამდი და მალე წავედი. სულ 40 წუთი ვიყავი. სავარაუდოდ, პრეზიდენტი ჩვენს საღამოზე ნახევარ საათს გაჩერდა. ჩვეულებრივად მიუჯდა მაგიდას, მოგვილოცა ის დღე, შეგვაქო, გიყურებთო, ქვეყანას ახალისებთო, გვითხრა. ქართლოსმა მისი პაროდია გააკეთა, პრეზიდენტი ღიმილით შეხვდა ამ ყველაფერს.
ბუნებრივია, ამ ამბის შემდეგ ქართლოს ნატროშვილს დავუკავშირდი. მაინტერესებდა, როგორი იყო პრეზიდენტისა და მისი ახალი პაროდისტის შეხვედრა.
- ქართლოს, გავიგეთ, კორპორატიულ საღამოზე პრეზიდენტი გესტუმრათ, როგორი იყო თქვენი შეხვედრა?
- ჩემთვის ეს შეხვედრა ძალიან მოულოდნელი იყო. არასდროს შევხვედრივარ პირისპირ პრეზიდენტს და ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. ზოგადად კეთილგანწყობილი ვარ მის მიმართ, შვიდი წელია ადამიანს ვბაძავ. ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს. მიცნო, ალბათ უყურა ჩემს გამოსვლებს "კომედი შოუში", "ვანოს შოუში".
- არ შეგაფასა?
- საუბარი არ გვქონია, მაგრამ იმდენად, რამდენადაც შესწავლილი მყავს ეს ადამიანი, მის ღიმილში კეთილგანწყობა შევნიშნე. მგონია, დადებითად აღიქვა ეს ყველაფერი.
- ბიჭიკაშვილმა მითხრა, პრეზიდენტის პაროდია გაგიკეთებია იმ საღამოზე...
- თავისავე ხმაზე მივესალმე და დაველაპარაკე. ალბათ ამას გულისხმობდა.
- ქართლოს, რამდენ ხანს დაყო თქვენთან ერთად პრეზიდენტმა და როგორ გაატარა ეს დრო?
- მაქსიმუმ, ნახევარი საათი. ჩვეულებრივად იჯდა მაგიდასთან, ნამდვილად არ უცეკვია, არც უმღერია. რამდენიმეჯერ წამოდგა, გარკვეული სადღეგრძელოები შესვა. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა ნამდვილად არ მახსოვს. სიყვარულის სადღეგრძელო რომ მე წარმოვთქვი, ეს ნამდვილად მახსოვს. ოღონდ მაშინ პრეზიდენტი არ იყო მოსული.
- მარტო იყო მოსული?
- სხვათა შორის, გუშინ წავიკითხე "ამბები ჯი"-ზე, თითქოს პრეზიდენტი ამ საღამოზე ნიკა გვარამიასთან ერთად მოვიდა. ხაზგასმით ვამბობ, როცა საქართველოს პრეზიდენტი მობრძანდა, ნიკა გვარამია რესტორანში იყო უკვე. დაცვის წევრებს თუ არ ჩავთვლით, პრეზიდენტი მარტო მოვიდა.
- დილით რომ დაგირეკე, პატრულს ვესაუბრებიო, მითხარი, ხომ მშვიდობა გაქვს?
- კი, უბრალოდ, ნაცნობს ველაპარაკებოდი და ახლა არ მკითხო, საიდან იცნობ პატრულსო (იცინის). სხვა მხრივ პრობლემები არ მაქვს პატრულთან. კანონმორჩილი ადამიანი ვარ. ერთი ჭიქა რომ დავლიო, ეგრევე ტაქსის ვაჩერებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში არ არსებობს ფაქტი, სადაც ქართლოს ნატროშვილი ნასვამი დაფიქსირებულა საჭესთან.
ალეკო მალხაზიშვილთან დაკავშირებაც ვცადე, მინდოდა მეკითხა, ვინ მიიწვია პრეზიდენტი "კომედი შოუს" კორპორატიულ საღამოზე, თუმცა ალეკო მოუცლელი აღმოჩნდა.