„მესამე დოზის გაკეთების საკითხი უნდა გააქტიურდეს, ვისაც აქვს შეგნება... ამ ინფექციასთან ბრძოლა არ შეიძლება ანტივაქსერული მოძრაობით“

„მესამე დოზის გაკეთების საკითხი უნდა გააქტიურდეს, ვისაც აქვს შეგნება... ამ ინფექციასთან ბრძოლა არ შეიძლება ანტივაქსერული მოძრაობით“

დღეს საქართველოში, სპეციალისტები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზაზე საუბრობენ. მათი შეფასებით, ეს გააძლიერებს ადამიანის იმუნიტეტს და უფრო ეფექტური იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მესამე დოზის გაკეთება აუცილებელია მეორე დოზიდან 6 თვის თავზე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ზოგადად, ვირუსების წინააღმდეგ „ბუსტერ“ დოზა მიღებული პრაქტიკაა, რომელიც ასევე ვრცელდება კორონავირუსზეც. მისივე თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანა კოვიდ-19-ს უფრო ეფექტურად ებრძოლოს, მნიშვნელოვანია მესამე დოზა იყოს დამატებული.

„ზოგადად, „ბუსტერ“ დოზა მიღებულია. სხვა აცრებიც  ერთჯერადად არ ხდება. მაგალითად: წითელა, ყბაყურა და ა.შ. ვაქცინაციის დროს ეს არის მიღებული, რადგან იკლებს ანტისხეულების რაოდენობა და ესეც იგივე შემთხვევაა. ვინაიდან, მთელ მსოფლიოში მიღებულია, რომ უნდა ჩატარდეს ბუსტერიზაცია, ამ ანტისხეულების გასაფართოებლად, ჩვენთან, ალბათ, იქნება იგივე ვარიანტი.

ექვსი თვე უკვე გავიდა და შეიძლება ბუსტერიზაცია ჩატარდეს, ვინც პირველ პერიოდში დაიწყო ვაქცინაცია. მესამე დოზის გაკეთების საკითხი უნდა გააქტიურდეს, ვისაც აქვს შეგნება. ამ ინფექციასთან ბრძოლა არ შეიძლება ანტივაქსერული მოძრაობით. ანტივაქსერებს საკმაოდ მძლავრი ქსელი აქვთ და რატომღაც, ადამიანებს საწინააღმდეგო რომ იწერება, ის უფრო მოსწონთ, ვიდრე ის რაც სწორია. ვფიქრობ, მოსახლეობამ ეს უნდა გაითავისოს და საწინააღმდეგოს ატაცებას, სჯობია აიტაცონ ის, რაც სწორი და მიღებულია.

მაინც შედარებით მსუბუქად გადაიტანთ, თუკი მესამე დოზის გაკეთებამდე დაინფიცირდით. ეს ბუსტერიზაცია უფრო აძლიერებს იმუნიტეტს, მაინც იქნება ნაწილობრივ დარჩენილი ანტისხეულები. იქ არის უჯრედული იმუნიტეტი, რომელიც, დიდი ალბათობით, იმუშავეს, მაგრამ ბუსტერიზაცია გააძლიერებს ამ პროცესს და დაცვა იქნება უფრო მაღალი“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ For.ge-სთან.

ჯერჯერობით, ერთადერთი ვაქცინა, რომელსაც „ბუსტერ“ დოზისთვის გამოიყენებენ, „ფაიზერია.“ მესამე დოზით ვაქცინაცია სხვადასხვა ქვეყანამ განსხვავებული მოდელით დაიწყო. მაგალითად, აშშ ე.წ. ბუსტერს იყენებს 65 წლის ასაკის ზემოთ და 18-65 წლამდე მათთვის, ვინც სამსახურეობრივი რისკის ქვეშ დგას. ისრაელმა კი უნივესალური მიდგომა აირჩია.

რა მოდელს აირჩევს საქართველო, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი მესამე დოზების გამოყენების საკითხს აქტიურად განიხილავს. ექიმების ნაწილს მიაჩნია, რომ ჯერ ქვეყნისთვის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება ნაადრევი იქნება.

ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოსაზრება და რეკომენდაციაა, რომ ჩვენ დაგვჭირდება „ბუსტერი“.

„ეს საკითხი იხილება იმუნიზაციის საბჭოს სამეცნიერო კომიტეტის მიერ და ამასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოსაზრებაც და რეკომენდაციაც არის, რომ ჩვენ დაგვჭირდება „ბუსტერ“ ანუ მესამე დოზა, მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, მაგრამ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ მას შემდეგ, რაც ორჯერადი ვაქცინაციის გარკვეულ ზღვარზე ავალთ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, ეს თვითონ ქვეყნის გადასაწყვეტია. ამაზე მსჯელობს სამეცნიერო კომიტეტი და ვფიქრობ, მალე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ დადგა „ბუსტერ“ დოზის საჭიროება და რატომ უნდა გაკეთდეს ის მე-2 აცრიდან 6 თვის შემდეგ.

„მე-3, „ბუსტერ“ დოზა მკვეთრად ზრდის იმუნიტეტს. მე-3 „ბუსტერ“ დოზა კეთდება, მე-2 დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ, როგორც კოვიდგადატანილებში, ასევე ვაქცინირებულებში, რადგან ანტისხეულებს თანდათან კლება ახასიათებს. იმასაც ამბობენ, რომ ანტისხეულების მოქმედება ზოგიერთ შემთხვევაში 1-2 წელი გრძელდება, მაგრამ უმეტესად 6 თვის შემდეგ იკლებს, ამიტომ არის ეს დრო დადგენილი ბუსტერისთვის“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ევროპის წამლების სააგენტო „ფაიზერი“ „ბუსტერ“ დოზის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს მიიღებს.

ლაზი რამდენადაც ვაქცინის დეფიციტის პრობლემა არ არსებობს, ბუსტერ დოზის საკითხი მარტივად უნდა გადაწყდეს. ეს მათთვისაც გარკვეული ფარი იქნება ვინც აცრის წინააღმდეგია, რადგან ავადობის შემცირება თავისთავათ ვირუსის გადამტანთა და შესაბამისად სხვების ინფიცირების რისკის შემცირებას გამოიწვევს.
3 წლის უკან