2013-2014 სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოები უფასო იქნება. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა 145-ე საჯარო სკოლაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებას ასრულებს. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ უფასო სახელმძღვანელოები მშობლებს თანხის დაზოგვის და სხვა მიმართულებით გამოყენების საშუალებას მისცემს.
„ამ ვალდებულებას სახელმწიფო უნდა ახორციელებდეს. კონსტიტუციის თანახმად, საშუალო სკოლაში სწავლა არის უფასო. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, 650 ათასი მოსწავლის მშობელს ოჯახიდან სახელმძღვანელოს შესაძენად ბოლო თეთრის გატანა არ უხდებოდეს. მე და ჩემი გუნდი ხუთი თვის განმავლობაში ვმუშაობდით ამ საკითხზე. ფასი იყო ერთი საკითხი, თუმცა მეორე საკითხი ხარისხია, რაზეც კიდევ გრძელდება მუშაობა. ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მათი კონსტიტუციური უფლება შევუსრულოთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხორციელდება და გამომცემლები სამინისტროსგან კანონით განსაზღვრულ თანხას მიიღებენ. მარგველაშვილი განმარტავს, რომ განათლების სამინისტროს ვალდებულებაა, მშობლებს ჰქონდეთ მეტი შემოსავალი, რომელსაც შვილებს მოახმარენ.
„მოსახლეობის მიზანმიმართული გაღარიბების პოლიტიკა დამთავრებულია. აღარავინ გააღარიბებს ოჯახებს ბავშვების ხარჯზეჟ, - ამბობს განათლების მინისტრი.
სამინისტროს ინფორმაციით, უფასო სახელმძღვანელოს უფასოდ 650 000 მოსწავლე მიიღებს, რითაც თითოეული მათგანის ოჯახი 200-დან 300 ლარამდე თანხას დაზოგავს. როგორც ცნობილია, წინა ხელისუფლების დროს წლის განმავლობაში ოთხ მილიონზე მეტი სახელმძღვანელო იყიდებოდა, რაც ჯამში 45-50 მლნ ლარი ღირდა და ამ თანხის გადახდა მშობლებს უწევდათ. ამასთანავე, ახლა წიგნების შესაძენად მშობლებს რიგში დგომა აღარ მოუწევთ, რაც ასევე ძალიან პრობლემური საკითხი იყო.
შეგახსენებთ, სასწავლო წლის დასაწყისში ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც სასკოლო სახელმძღვანელოები იყიდებოდა, უსაშველო რიგები დგებოდა და ესეც მოსახლეობის სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევდა. აღსანიშნავია, რომ არსებული ინფორმაციით, უფასო სახელმძღვანელოების დასაბეჭდად გამოყოფილი თანხა ცოტათი აღემატება იმას, რასაც წინა ხელისუფლება მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ხარჯავდა. კერძოდ, წინა ხელისუფლების პერიოდში მხოლოდ ამ კატეგორიის მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დასაბეჭდად 10 მლნ ლარი იხარჯებოდა, ახლა კი სამინისტრო 12 მლნ-ს დახარჯავს იმისთვის, რომ ყველა მოსწავლემ უფასოდ მიიღოს სახელმძღვანელო.
გარდა ამისა, პოზიტიური მომენტია ისიც, რომ განათლების სამინისტრო აპირებს, სახელმძღვანელოები მხოლოდ საქართველოში არსებულ სტამბებში დაბეჭდოს, მაშინ, როდესაც კერძო გამომცემლობების უმეტესობა (რომლებიც აქამდე სახელმძღვანელოებს ბეჭდავდნენ) წიგნებს თურქეთში ბეჭდავდა. სამინისტროში ხაზს უსვამენ იმას, რომ ეს საგამომცემლო ბიზნესს წაახალისებს, სერიოზულ სამუშაოს გაუჩენს მას და სამუშაო ადგილებსაც შექმნის.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ამის გაკეთება წინა ხელისუფლების დროსაც შეიძლებოდა, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამაზე უარი თქვა.
„წინა ხელისუფლებას ფული ჰქონდა ყველაფრისთვის, გარდა იმისა, რაც ხალხს რეალურად სჭირდებოდა და ყოფას შეუმსუბუქებდა. ისინი არათუ არ აკეთებდნენ ამას, არამედ შეგნებულად უარსაც კი ამბობდნენ მსგავს ინიციატივებზე. მოგეხსენებათ, პირველკლასელებისთვის სასკოლო წიგნებს თბილისის ბიუჯეტიდან ყიდულობდნენ. თბილისის საკრებულოში შეტანილი მქონდა დადგენილების პროექტი და ვითხოვდი, რომ თბილისის ბიუჯეტიდან დაწყებითი კლასების სასკოლო სახელმძღვანელოები დაფინანსებულიყო, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს პროექტი ჩააგდო“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
მისი თქმით, ასეთივე მდგომარეობა იყო ჯანდაცვაშიც და სხვა სფეროებშიც, რადგან ნაციონალებს „ბენდუქიძისეული“ მიდგომა ჰქონდათ ყველაფრისადმი - რომ არაფერი დედამიწის ზურგზე არ არის უფასო არავისთვის, გარდა ხელისუფლების წარმომადგენლისა. ხიდაშელის თქმით, პრეზიდენტს ერთ ლარად შეეძლო უზარმაზარი ქონება მიეღო, სკოლის მოსწავლისთვის კი სახელმძღვანელო უფასო არ უნდა ყოფილიყო.
ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ სახელმძღვანელობის შეძენა და ბავშვების სექტემბრისთვის მომზადება მთელი ქვეყნისთვის უდიდესი პრობლემაა.
„კონკრეტულად ჩემს რაიონში ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი ცხოვრობს, ამ თვალსაზრისით მძიმე რაიონია და ამიტომ განათლების სამინისტროს ეს ინიციატივა ძალიან ბევრი ოჯახისთვის სერიოზული შეღავათი იქნება. სასწავლო წლის დაწყებამდე ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩვენთან და ამ მიმართულებით დახმარებას გვთხოვდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ვერ ვეხმარებოდით, წინასაარჩევნო პოლიტიკური მოსყიდვა რომ არ დაგვბრალებოდა“, - ამბობს ელისო ჩაფიძე.
მისი თქმით, ძალიან ბევრ ოჯახს ეს პრობლემა ჰქონდა და „ქართული ოცნება“ მათ დაპირდა არა ფულის მიცემას, არამედ ზოგადად, ამ პრობლემის მოგვარებას. დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, საბავშვო ბაღები გახდება უფასო. ახლა უკვე სასკოლო სახელმძღვანელოებიც უფასო ხდება. ელისო ჩაფიძის განცხადებით, ჯანდაცვა და განათლება „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია და ამ მხრივ, ყოველი შემდეგი წელი წინაზე უკეთესი იქნება.
სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ აბაშიძე აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ ამ საკითხებზე აკეთებდა აქცენტებს და დღეს რაც მთავრობამ გააკეთა იმ დაპირების შესრულებაა, რაც მან მოსახლეობას მისცა.
„ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესის მონაწილე ვარ. ეს იყო ერთ-ერთი დაპირება, როცა მოსახლეობას ვეუბნებოდით, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში ფულს აღარ გადაიხდიდნენ. სასწავლო წლის დაწყება ზუსტად წინასაარჩევნო პროცესს დაემთხვა და ჩვენ მოწმე გავხდით იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს სერიოზული პრობლემა იყო“, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.
მისი თქმით, სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის იყო პრობლემური, არამედ გარკვეული შემოსავლის მქონე ოჯახებისთვისაც საკმაოდ რთული იყო ამ თანხების ყოველწლიურად გაღება. ახლა კი ეს პასუხისმგებლობა სახელმწიფომ სრულად აიღო თავის თავზე, რაც ძალიან ბევრი ოჯახისთვის სერიოზული შეღავათი იქნება.