დეკანოზი ილია ჭიღლაძე საშინელ სამსჯავროს ჰპირდება იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც ბილწავდნენ საეპისკოპოსო საყრდებს, ხრწიდნენ ღვთის სამწყსოს, მრევლს, მორჩილებს და მონაზვნებს.
„ორი დღის ვადას ვაძლევ ყველა მრუშ და მამათმავალ ეპისკოპოსს, გადადგნენ კათედრებიდან, დატოვონ ეპარქიები, სინოდი და ხარისხი დიდი ბოდიშის მოხდით ერის წინაშე, რომ ატყუებდნენ ხალხს… წინააღმდეგ შემთხვევაში, სათითაოდ გამოვდებ ყველას თავის საყვარლებიანად“, - აცხადებს ილია ჭიღლაძე.
დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი ილია ჭიღლაძე თავის დროზე პატრიარქის ერთგულებით გამოირჩეოდა. 2015 წელს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ ეკლესიაში ერთგული მსახურებისთვის დაჯილდოვდა დეკანოზის წოდებით, გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტარებით. თუმცა პეტრე ცაავას გააქტიურების შემდეგ ის, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „წითელი საპატრიარქოს“ წინააღმდეგ ამხედრდა. რა პროცესები მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ, ამის შესახებ for.ge-ს თეოლოგი ლევან აბაშიძე ესაუბრა.
„უღირსი მღვდელმთავრებისგან“ ეკლესიის გაწმენდის თემის გააქტიურება ყოველთვის პოლიტიკურად ცხელ ფაზას ემთხვევა. სუს-ის ჩანაწერებით ირკვევა, რომ ამ საქმეში თურმე აშშ უნდა ჩარეულიყო და, ხელისუფლების გადაყენების პარალელურად, ეკლესიასაც „მიხედავდნენ“, მათ შორის, „ნაციონალებთან“ დაახლოებული პირები საპატრიარქოზე შტურმის მიტანას აანონსებდნენ. რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ?
- თავისთავად, ის ფაქტი, რომ განურჩევლად უსმენენ ყველას და ძალიან ბევრს უსმენენ, არ არის კარგი, ეს აღმაშფოთებელია, საჭიროა ამაზე რეაგირება. ამაზე, ალბათ, იქნება უკმაყოფილება ეკლესიის მხრიდან, ჯერჯერობით თავს იკავებს საპატრიარქოს წარმომადგენელი საჯარო განცხადებისგან. ცხადია, ამით საპატრიარქო არ არის კმაყოფილი, რომ უსმენენ.
სასულიერო იერარქები აპირებენ, სუს-ის კრებსებში მოტანილი მასალები განსახილველად ზნეობრივ კომისიას გადასცენ. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ სასულიერო პირებზე გავრცელებული მასალები გადამოწმდება.
- დიახ, ჯერ ერთი, უნდა გაირკვეს, ხომ შეიძლება, გვარამიამ რაღაც მიუმატა იმ ჩანაწერებს, ცხადია, სუს-ის კრებსებში რაღაცები მართალია, მაგრამ ზუსტად როგორ არის და რა არის, უნდა დადგინდეს. როგორც გაირკვა, ვიღაც-ვიღაცები თუ გადატრიალებას აპირებდნენ - საპატრიარქოში შეჭრას და ეპისკოპოსების დაპატიმრებას, უცხო ქვეყნების საელჩოებს უკავშირდებოდნენ ამასთან დაკავშირებით, ალბათ, ასეთ, შემთხვევაში, ამ ადამიანებს უნდა მოუსმინო. თუკი ეკლესიაში გადატრიალებასა და ღალატთან გვაქვს საქმე, მაშინ ვერ ვიტყვით, ნურავის ნუ მოვუსმენთო. უშიშროება იმისთვისაა, რომ მოუსმინოს, მაგრამ უნდა მოუსმინოს იმას, ვინც მართლა სავარაუდო დამნაშავეა, ამისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი იურიდიული საფუძველი. თუკი პეტრე ცაავას დაჯგუფება აპირებს ეპისკოპოსების გამოცვლას და დაპატიმრებას, მთლიანად სინოდის გაყრას და ხელისუფლების შეცვლას, მაშინ ასეთ ადამიანებს შეიძლება მოუსმინონ. აქ უკანონო შეცვლაზეა საუბარი, თორემ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს.
ცალკეულმა მღვდლებმა უკვე გამოთქვეს აღშფოთება ამ მოსმენებთან დაკავშირებით. მრევლი პატრიარქს უფრო ენდობა, ვიდრე მელაძეს და გვარამიას, რომელთა ტელეარხებითაც გავრცელდა ეს ჩანაწერები. როდესაც ეს გვესმის მელაძის და გვარამიას ტელევიზიებიდან, ცხადია, ეს ვერ გამოიწვევს დიდ აღშფოთებას.
ამ ჩანაწერებს თუ ვენდობით, თითქოს მეუფე იობის არაეთიკური პოზიციაც გავრცელდა პატრიარქის მიმართ, ხომ შეიძლება, ეს ჩანაწერიც თვითშემოქმედება იყოს?
- მართალი გითხრათ, მე არ ვუღრმავდები ამ ჩანაწერებს, მინდა, ეს პროცესი დაღვინდეს, მე არ ვენდობი „მთავარ არხს“ და „ტვ პირველს“, არ გამიკვირდება, რომ მათ მიერ გავრცელებულ ამ ჩანაწერებში ყველაფერი იყოს სწორად, მაგრამ დამატებული იყოს ერთი ყალბი წინადადება. თუ ამას დოკუმენტურად გადმოსცემენ საპატრიარქოს და, თუ საერთოდ მოგვცემენ ამ ჩანაწერებს, მაშინ ჩავუჯდები და წავიკითხავ.
ზნეობრივ კომისიაში თქვენც მონაწილეობთ, როგორც თეოლოგი, ე.ი. ეს ჩანაწერები თქვენც უნდა განიხილოთ?
- მე იქ ვარ, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, რა საკითხშიც მთხოვენ რჩევას, იმ საკითხში ჩემს აზრს ვამბობ და ვიღებ მონაწილეობას დისკუსიაში. ჩვენი კომისია გადაწყვეტილებებს არ იღებს, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავაანალიზოთ და დავდოთ ჩვენი მოსაზრებები. საბოლოო გადაწყვეტილებას სინოდი მიიღებს. მთლიანობაში რომ შევაფასოთ, აქ სხვადასხვა მომენტია: პირველია, რომ უკანონოდ უსმენენ, შეუძლებელია, კანონიერი იყოს მოსმენა, როცა ამდენ სასულიერო პირს უსმენ; მეორეა, ვინ გამოიტანა ეს ჩანაწერები და რატომ გამოიტანა? მესამეა, რომც გამოიტანონ ჩანაწერები, ჟურნალისტს, მელაძე იქნება ეს თუ გვარამია, რამდენად აქვს უფლება, ეს მასალები გაასაჯაროვოს? მეოთხეა, მღვდლებთან დაკავშირებით თუ არის კრიმინალი, სახელმწიფომაც უნდა მიხედოს ამ საქმეს და ეკლესიამაც. თუ პედოფილიასთან გვაქვს საქმე, ან ქვეყნის ღალატთან, ეს კანონდარღვევაა, რის აღსაკვეთადაც სახელმწიფომაც უნდა მიიღოს ზომები და ეკლესიამაც. თუ კანონის დარღვევა არაა და, მაგალითად, ეპისკოპოსს საყვარელი ჰყავს, საერო კანონი ამას არ სჯის, მაგრამ ეკლესიამ ასეთ დროს უნდა მიიღოს ზომები.
ფარული ჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ, ზოგიერთი სასულიერო პირი უარყოფით კონტექსტში წარმოჩნდა-ნარკოტიკების მოხმარება-გავრცელება, სამსახურებში ადამიანების მოწყობა ანგარების მიზნით, საქმეების ჩაწყობა... ილია ჭიღლაძე მოითხოვს, კათედრებიდან გადადგნენ მამათმავალი და მრუში ეპისკოპოსები. მართლაც ხდება ასეთი ფაქტები ეკლესიაში, თუ გამუქებულია ეს ყველაფერი?
- ზუსტად არ ვიცი, ამ ჩანაწერებში რა არის მართალი, რა მტყუანი, მიმატებული, ან გამოკლებული. ჩვენ ვხედავთ, რომ იმ ადამიანებს თუ უსმენენ, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარეს არიან, ალბათ, ოპოზიციას უფრო მეტად უსმენენ, ამ დროს „ტვ პირველი“ და „მთავარი არხი“ ამას არ ასაჯაროებენ, ეს ნიშნავს, რომ, რაც თვითონ არ აწყობთ, საერთოდ არ ამბობენ. ამის ანალიზი საკმაოდ რთულია, ამიტომ, როგორც გითხარით, სიტუაცია უნდა დაღვინდეს და დოკუმენტურად გავარკვიოთ, რა წერია იმ ფაილებში.
პატრიარქის სიცოცხლე რამდენად დაცულია ციანიდის ამბების და მასზე გავრცელებული ჭორების შემდეგ, რაც მის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე აისახება? ალბათ, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ პატრიარქებს უსაფრთხოებისთვის ყველა ქვეყანაში უსმენენ.
- ეს შეიძლება ასეც იყოს, თუ არის საფრთხე პატრიარქთან დაკავშირებით, უნდა მოუსმინონ მათ, ვინც მის გვერდითაა. რამდენად დაცულია პატრიარქის სიცოცხლე, ვერ გეტყვით, გოჩა ბარნოვზე რომ ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია უნდოდაო, ამის არ მჯერა, შეიძლება, იხუმრა ვინმეზე, საუბარში ვიღაცაზე მეც შემიძლია ვთქვა, მოვკლავ-თქო, მაგრამ, თუ ეს უცხოეთს უკავშირდება და, თუ ამბობ, რომ ყველა ჩვენი ეპისკოპოსი უნდა გავყაროთ, საბერძნეთიდან, მსოფლიო საპატრიარქოდან უნდა მოვიყვანოთ სამი ეპისკოპოსი და მათ უნდა გაწმინდონ ჩვენი ეკლესია, თუ ეს ეხება სახელმწიფოს უსაფრთხოებას, მაშინ უსაფრთხოების სამსახურის ვალია, თავის სიმაღლეზე იდგეს.
სულ ბოლოს მიტროპოლიტმა სტეფანემ 7 ბერი განკვეთა, არადა, არც ერთ საეკლესიო კანონში არ წერია მონაზვნობის ჩამორთმევა. ეს პროცესებიც ხომ არ უწყობს ხელს დუღილის ტემპერატურას საპატრიარქოს ირგვლივ?
- მღვდლობიდან შეიძლება ადამიანი განკვეთონ, მაგრამ მონაზვნობიდან განკვეთა გაუგებარია. მონაზონს აქვს თავისი აღთქმა დადებული ღვთის წინაშე და ეს აღთქმა დარჩება. ამ მხრივ მას ვერ განკვეთავ, მაგრამ შეიძლება არ გააჩერონ ცალკეულ ეპარქიას დაქვემდებარებულ მონასტრებში. მონასტრები ექვემდებარებიან ეპისკოპოსს.
რა ინტერესი ამოძრავებს ილია ჭიღლაძეს, რომელიც, როგორც ამბობენ, იმიტომ აკეთებს მკვეთრ განცხადებებს ეკლესიის მიმართ, რომ სინოდმა განკვეთოს, რათა რელიგიური დევნის მოტივით ისარგებლოს?
- ილია ჭიღლაძე ბოლო ერთი წელია, ებრძვის საპატრიარქოს, ამბობს, ავაზაკთა ქვაბი, გამოქვაბულიაო, ქრისტიანობისგან აღარაფერი დარჩა და ეგენი ყველანი ავაზაკები არიანო. არ ვიცი, რა ინტერესი აქვს ჭიღლაძეს, გამორიცხული არ არის, რომ მას სურს რომელიმე ქვეყნის თავშესაფარი მიიღოს, ან რომელიმე საპატრიარქოში გადავიდეს დევნის მომიზეზებით. აშკარაა, ილია ჭიღლაძე ჩვენს საპატრიარქოსთან ყველა გზას იჭრის. ძალიან კარგად იყო პატრიარქთან, როცა საქართველოში იყო და, როცა აწინაურებდნენ, ხმას არ იღებდა, ახლა კი რაღაც ძალიან დიდ გულზეა. რას ფიქრობს გულში, მე არ ვიცი.