ცირკის Duffy's Circus თანამფლობელი, ირლანდიელი დევიდ დაფი აცხადებს, რომ ხანგრძლივი ლოკდაუნის განმავლობაში მისი დაწესებულება ყველა კლოუნმა დატოვა. ამის შესახებ BBC წერს
გამოცემის ინფორმაციით, ახლა დაფი ახალ არტისტებს ეძებს. ლოკდაუნის გამო მისი ცირკი 500 დღის განმავლობაში იყო დაკეტილი. მალე დასი გასტროლების განახლებას შეძლებს, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები იხსნება.
თუმცა პრობლემა იმაშია, რომ დაფის კლოუნებმა სამსახური სხვა ქვეყნებში იპოვეს, სადაც შეზღუდვები უფრო ადრე მოიხსნა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ევროპასა და ინგლისში ცირკები ბოლო 6 თვის განმავლობაში ღიაა, კლოუნები იქ უკვე დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიანობს“, - განმარტავს დაფი. ცირკის მფლობელი ყველა მსურველს მოუწოდებს, კლოუნის როლი თავადაც მოირგონ. „ამიტომ გვინდა ხმა მივაწვდინოთ ყველას, ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია, სცადოს“, - აცხადებს დაფი.