ედვინ ვან დერ სარი ბრუნდება

ედვინ ვან დერ სარი ბრუნდება

დღეს დილით გამოცემამ „ad.nl” სენსაციურო ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამ ვებ-გვერდის ჟურნალისტების მტკიცებით, დიდია ალბათობა რომ ახლო წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი მეკარე ედვინ ვან დერ სარი კვლავ მინდორზე ვიხილოთ.

ვან დერ სარი ამჟამად 42 წლის ბრძანდება. დიდ ფეხბურთს 2011 წელს გამოემშვიდობა, მისი ბოლო კლუბი კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლდათ. ამჟამად ფეხბურთელი ამსტერდამის „აიაქსის“ დირექტორატში, ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს.

გუშინ „აიაქსმა“ ჰოლანდიის პირველობის მორიგი შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ სტადიონზე „ჰერაკლესი“ გაანადგურა - 4:0. თამაშის მსვლელობისას, მსაჯმა შოთა არველაძის ყოფილი გუნდის კარის დარაჯი კენეტ ვერმერი მინდვრიდან გააძევა.

საინტერესოა, რომ ამსტერდამული კლუბის მეორე მეკარე მიკი ვან დერ ჰარტს ტრავმა აქვს. ფაქტიურად კლუბი მხოლოდ ერთი მეკარის ამარა დარჩა. ამ მიზეზის გამო, „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა გუნდში დროებით 42 წლის ვან დერ სარი მიიწვია.

ყოფილმა კარის დარაჯმა ეს მიპატიჟება დიდი სიამოვნებით მიიღო და დღეს დილიდან სერიოზულ ვარჯიშს შეუდგა.