ყურძენი სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ყურძენი სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ცოტა ხნის წინ იტალიელმა ნეიროფიზიოლოგმა ალესანდრო ჩელერინომ საინტერესო გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანული ნივთიერება რესვერატროლი, რომელსაც ყურძენი და ზოგიერთი სხვა ხილი შეიცავს, ხერხემლიანებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს.

ქალაქ პიზას უმაღლეს სკოლაში მოღვაწე ჩელერინომ და მისმა კოლეგებმა ამ ნივთიერების მოქმედება 150 თევზზე შეამოწმეს. მათგან 30-ს რესვერატროლის ძალიან მცირე დოზას, როგორც საკვებ დანამატს, ისე აძლევდნენ, 60 თევზს - საშუალო დოზას, 20-ს კი - დიდ დოზას. ამასთან, 47 საკონტროლო თევზი ჩვეულებრივი საკვებით იკვებებოდა.

აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფის თევზებმა მათთვის ჩვეულებრივი, 9 კვირის განმავლობაში იცოცხლა, ისევე, როგორც რესვერატროლის მცირე დოზის მიმღებმა თევზევმა. ამ ნივთიერების საშუალო დოზის მიღების შემდეგ თევზებმა ნორმაზე 27 პროცენტით მეტხანს იცოცხლეს, რომლებიც დიდ დოზას ღებულობდნენ - 50 პროცენტით მეტს.

როგორც ხერხემლიანებზე შემდგომში ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, მათ თავში ნეირონები ისეთივე სიჩქარით არ იშლებოდა, როგორც საკონტროლო თევზების ჯგუფში.

ამიტომ მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ რესვერატროლი ცენტრალურ ნერვულ სისტემას იცავს და ამით ხერხემლიანთა სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

აღსანიშნავია, რომ რესვერატროლს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს წითელი ღვინო. მაგრამ იმის გამო, რომ ამ ნივთიერების მოქმედების მექანიზმი ჯერჯერობით ბოლომდე შეუსწავლელია, მეცნიერები ღვინის დიდი რაოდენობით მიღებას არავის ურჩევენ, სჯობს სიცოვხლე ისევ ყურძნით გაიხანგრძლივოთ.