საკრებულოს ოპოზიცია სასამართლოს იმედად დარჩა

საკრებულოს ოპოზიცია სასამართლოს იმედად დარჩა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თინა ხიდაშელის მიერ მერიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყო. როგორც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, მას თბილისის მერიამ პასუხი არ მიწერა მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” და კომპანია “აუთდორ.ჯი”-სთან დადებულ ხელშეკრულებებს ეხება.

ხიდაშელის განცხადებით, ეს დოკუმენტაცია მას აქვს, თუმცა იმის გამო, რომ ოფიციალურად არ არის მოპოვებული, სასამართლოში ვერ გაასაჩივრებს “თბილისის წყლის” მიერ ტარიფის გაძვირებას.

რაც შეეხება კომპანია “აუთდორ.ჯი”-ს, ხიდაშელის განმარტებით, ეს კომპანია საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებში აკეთებს რეკლამას, საიდანაც სარგებელს ნახულობს, ლიფტების ფუნქციონირებისთვის კი კორპუსის მაცხოვრებლები ფულს იხდიან.

“ეს არის მათი საერთო საკუთრება. როდესაც საკუთრებაში შედის კომპანია, მის მესაკუთრეს უნდა გადაუხადოს ფული. თუმცა, ამ შემთხვევაში, ვინაიდან ფულის გადახდა ვერ მოხდება, კომპანიამ საკუთარ თავზე მაინც უნდა აიღოს ლიფტის გამართული მუშაობა”, - აცხადებს თინა ხიდაშელი. მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია თბილისის მერიისგან ვერ მოიპოვა, რასაც სასამართლოში ასაჩივრებს.

მოგვიანებით, ხიდაშლს თბილისის მერიიდანმაინც გამოხმაურნენ. როგორც დედაქალაქის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, თბილისის მერიასა და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოებაა.

იურიდიული სამსახურის უფროსის, ირაკლი აბესაძის თქმით, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მოთხოვნით, მერიასთან გაფორმებული მათი ხელშეკრულება საჯარო დაწესებულებაში დაცულია, როგორც კომერციული საიდუმლოება და დედაქალაქის მერიას ამ დოკუმენტის გაცემის უფლება არ აქვს.

“ის ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, მაგრამ ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით, არსად არ არის აღნიშნული, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას არ შეიძლება ჰქონდეს კომერციული საიდუმლოება”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საინტერესოა, ითვალისწინებდა თუ არა მერიასა და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ტარიფის გაზრდას და განსაზღვრულია თუ არა ზედა ზღვარი. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორის იორგ მათისის მტკიცებით, წყლის საფასურის გაზრდა ხელშეკრულების პირობების თანახმად ხორციელდება.

სააგენტო “პირველი” შეეცადა გაერკვია, რა თანხას ხარჯავს კომპანია წლის განმავლობაში ქ.თბილისის წყალმომარაგებაზე და რამდენია ერთი სული მოსახლის მიერ თვის განმავლობაში მოხმარებული წყლის თვითღირებულება, თუმცა “კომერციული საიდუმლოების” მოტივით ეს ინფორმაცია ვერ მიიღო.

“შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” კერძო სამართლის იურიდიული პირია, ხოლო თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია კომპანიის კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. შესაბამისად, კომპანიას არ აქვს კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია გასცეს”, - აცხადებენ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში”.

თინა ხიდაშელი კი, რომელსაც თბილისის მერიასა და კომპანია “ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერს” შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არაოფიციალური გზით აქვს მოპოვებული, აცხადებს, რომ კომპანიას ტარიფის გაზრდის უფლება “თბილისის წყლის” შეძენიდან ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ ძველი თბილისის საზღვრებში 24-სათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფდა, წყლის ხარისხს გააუმჯობესებდა და მილებს გამოცვლიდა, რაც არ განხორციელებულა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, 5 წლის შემდეგ წყალმომარაგების კომპანიას ტარიფად 5,47 თეთრის დადგენის უფლებამოსილება გააჩნდა. შესაბამისად, ხიდაშელის ვარაუდით ან საქმე გვაქვს ხელშეკრულების პირობების გადახედვასთან, ან დაპირება, რომ წყლის ტარიფი 2015 წლამდე აღარ შეიცვლება, მორიგი ფარსია.