ორშაბათი რომ არ დავამძიმოთ

ორშაბათი რომ არ დავამძიმოთ

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ორშაბათი რატომღაც არ გვიყვარს, თანაც დიდი ხანია და მთელი სერიოზულობითაც კი. სინამდვილეში, ბედნიერი იქნება თუ არა ეს დღე, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. თუმცა, არ გვაწყენს, ხალხში გავრცელებული ძველი ჩვეულებები და ცრურწმენებიც ვიცოდეთ.

ამბობენ, რომ ორშაბათს ვალი არც უნდა ავიღოთ და არც გავისტუმროთ. თუკი იძულებული ხართ, ეს გააკეთოთ, ფულს, რომელსაც მიიღებთ, პირჯვარი უნდა გადასახოთ, იმ ფულს კი, რომელიც უნდა გასცეთ - მიაფურთხეთ.

ორშაბათს არც შორეული მგზავრობა უნდა დაგეგმოთ - მოგზაურობა არცთუ საინტერესო იქნება. თუკი გზაზე უსიამოვნებების თავიდან აცილება გსურთ, სანამ გზას დაადგებით, ოჯახის ყველა წევრი, რამდენიმე წუთით მაინც, უნდა ჩამოსხდეს. თუკი გზაზე საქორწილო კორტეჟს გადაეყრებით, თითები უნდა გადააჯვარედინოთ - სხვა შემთხვევაში, გზა არ გექნებათ. თითების გადაჯვარედინება ზურგს უკან აჯობებს, მაგრამ თუკი ავტომობილს მართავთ, მაშინ - როგორც მოგიხერხდებათ. სხვათა შორის, ქორწილის ორშაბათს გადახდაც არაა მიღებული: ითვლება, რომ ცოლ-ქმრობაში უბედურების მომტანია.

თუკი კოშმარი დაგესიზმრათ, მაშინვე ნაკურთხი წყალი შეისხით და თქვით, „სიზმარი საშინელია, მაგრამ ღმერთია მოწყალე“ - მაშინ ცუდი არაფერი აგიხდებათ. თუკი სახლში ნაკურთხი წყალი არ გაქვთ, როგორც კი ადგებით, მაშინვე ფანჯარაში გაიხედეთ.

თუ გზა შავმა კატამ გადაგიჭრათ, უნდა მოიცადოთ, სანამ თქვენს წინ ამ გზას ვინმე გადაკვეთს. თუკი შავმა კატამ მანქანის წინ გადაგირბინათ, საქარე მინის გამწმენდი ჩართეთ, მაგრამ, აჯობებს, მანქანიდან არ გადმოხვიდეთ. თუკი მოტოციკლეტით, სკუტერით, ველოსიპედით გადაადგილდებით, მოტრიალდით და სვლა სხვა გზით გააგრძელეთ.

სხვათა შორის, ორშაბათს კარგი ნიშანიც უკავშირდება: თუკი დილით, უზმოზე დაგაცემინებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საჩუქარს, პრემიას მიიღებთ ან უბრალოდ, მოგება გელით. ასე რომ, აცემინეთ ორშაბათ დილით და ჯანმრთელიც იქნებით და სიმდიდრეშიც გაატარებთ ცხოვრებას.