პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. თანხები გია ნოდიას მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა (800 ათასი ლარი) და ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდმა (200 ათასი ლარი) განკარგეს, რომელსაც ნინო დარასელი ხელმძღვანელობს.
მართალია, თავდაპირველად გია ნოდია ჩვენთან საუბარში არ აკონკრეტებდა, კონკრეტულად რომელმა ორგანიზაციებმა შეიტანეს განცხადება პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და იყვნენ თუ არა ისინი დამოუკიდებელი ორგანიზაციები. ნოდიამ არც იმას აკონკრეტებდა, რა კრიტერიუმით მიანიჭებდნენ ამა თუ იმ ორგანიზაციას უპირატესობას, თუმცა აღნიშნავდა, რომ ინოვაციურ პროექტებს მიენიჭებოდა უპირატესობა.
დღემდე უცნობია, მაღალი რეპუტაციის მქონე რომელმა ადამიანებმა გამოავლინეს გამარჯვებულები. ამ ხანგრძლივვადიან საიდუმლოს, გია ნოდიას ორგანიზაციაში ამ ადამიანებზე ზეწოლის საშიშროებით ამართლებენ.
ასეა თუ ისე, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად პირველი კონკურსის შედეგები უკვე შეაჯამეს და 88 განაცხადიდან დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით 12 განაცხადი დაფინანსდა.
დაფინანსებული პროექტები კი შემდეგია:
1. ქვემო ქართლის პრესა - KKPRESS
პროექტის სათაური: ადგილობრივი მედია ქვემო ქართლის რეგიონის საზოგადოებრივ‐პოლიტიკური ცხოვრების გაშუქებისათვის;
2. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრი
პროექტის სათაური: სამოქალაქო საზოგადოების ფოკუს‐ჯგუფში ჩართულობა კონსტიტუციურ სამართალშემოქმედებაში;
3. ჩვენი თავისუფლება - პროექტის სათაური: ჩვენი თავისუფლება
4. არტარეა TV 2.0
პროექტის სათაური: დათო ტურაშვილის ღია საქართველო;
5. საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი,
პროექტის სათაური: დებატები ცვლილებებისთვის
6. საზოგადოება „ბილიკი“ პროექტის სათაური: თანადგომა
7. სამოქალაქო ინიციატივა ‐ საზოგადოების ჯანმრთელობისთვის
პროექტის სათაური: „მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი, ანალიზი და შეფასება;
8. საქართველოს სტრატეგიულ კვლევათა ინსტიტუტი
პროექტის სათაური: კონფლიქტთან დაკავშირებული პოლიტიკა:
„გამოწვევები და პერსპექტივები“ (საჯარო დისკუსიების/განხილვების სერია);
9. კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება პროექტის სათაური: აგორა;
10. კავშირი „იმედი“ პროექტის სათაური:
„თვითმმართველობა ‐ ეს ჩვენ ვართ“;
11. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი
პროექტის სათაური: 2013 წლის მოწვევის ახალგაზრდული პარლამენტი;
12. სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი პროექტის სათაური:
„მე, რეპორტიორი რეგიონში“
ჩვენ შევეცადეთ, დაგვედგინა, რას წარმოადგენდნენ აღნიშნული ორგანიზაციები და მათი დაფინანსება რამდენად წაადგება სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარებას? რამ განაპირობა მათი გამარჯვება, იმან ხომ არა, რომ ისინი ნაციონალების კრიტიკით არასდროს გამოირჩეოდნენ და ამგვარად, საქართველოს პრეზიდენტმა მათთვის გაღებული თანხით ერთგული ან ნეიტრალური ორგანიზაციები დააჯილდოვა?
როგორც გავარკვიეთ, პრეზიდენტის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორის ერთ-ერთია „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრი“, მისი ხელმძღვანელი კი 2010 წლიდან კონსტიტუციის სააკაშვილის თარგზე გამომჭრელი ავთანდილ დემეტრაშვილია.
ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არის განწყობილი ნოდიას გრანტებში გამარჯვებული სხვა ორგანიზაცია - „ჩვენი თავისუფლება“. სწორედ ეს ადამიანები აქტიურობდნენ აგრარული უნივერსიტეტის დასაცავად და მოუწოდებდნენ გიორგი მარგველაშვილს - „დაგვაცადე სწავლა, მინისტრო!“ გარდა ამისა, ისინი ხშირად აპელირებდნენ სიტყვებით: „არა ოკუპაციას“.
რაც შეეხება 2011 წელს შექმნილ „საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტს“, ის სწორედ პრონაციონალურად განწყობილი ძალაა. გასული წლის დეკემბერში გია ნოდიამ ზუსტად მათი ორგანიზებით საჯარო ლექცია წაიკითხა ახალციხეში, მოგვიანებით კი „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრთა ინიციატივით გაიმართა შეხვედრები გია ბარამიძის, დავით დარჩიაშვილის და სხვა ნაციონალთა მონაწილეობით. გარდა ამისა, სწორედ ამ ორგანიზაციამ გამართა მშვიდობიანი აქციები საქართველოს ოთხ ქალაქში და გააპროტესტა ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილება სასამართლოებთან დაკავშირებით, რაც აღნიშნულმა ორგანიზაციამ მთავრობის მხრიდან ზეწოლად აღიქვა. ეს ადამიანები მოსამართლის თანაშემწეზე განხორციელებული არადამაჯერებელი ზეწოლის ფაქტებზე საუბრით ისევე აპელირებდნენ, როგორც ნაციონალების სხვა თვალსაჩინო სახეები, მათ შორის, კოტე კუბლაშვილი. ამასთან, ჯერ კიდევ 2012 წლის 20 ნოემბერს „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრები შეხვდნენ სააკაშვილს, მოისმინეს მისგან ევროატლანტიკური კურსის შესახებ მონოლოგი და ამის შემდეგ სააკაშვილს მადლობის ჯილდოც გადასცეს. ასე რომ, ნაციონალებთან დაახლოებული ამ ორგანიზაციის გამარჯვება საგრანტო კონკურსში გასაკვირი არც ყოფილა.
რაც შეეხება დანარჩენ გამარჯვებულებს, ისინი შედარებით უწყინრად გამოიყურებიან. თუმცა რამდენად წაადგება სამოქალაქო სექტორისა და მედიის განვითარებას მათი დაფინანსება, ეს ცალკე საკითხია.
კერძოდ, 1997 წელს გორში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადოება „ბილიკი“ ქუჩის თუ ღარიბი ბავშვების დახმარებას ისახავს მიზნად, ასევე, შეფერხებული გონებრივი განვითარების მქონე ბავშვებს ეხმარება.
2005 წლიდან შექმნილი კავშირი „იმედი“ კი ნარკოტიკების არასამედიცინო გზით მოხმარებისას ზიანის შემცირებას და პრევენციულ მუშობას ისახავს მიზნად, მისი ხელმძღვანელია ზორია წურწუმია.
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი კი ეკა ურუშაძეა, ცენტრი 1995 წელს დაარსდა.
უკვე ცნობილია, რომ 1-ლი აპრილიდან კონკურსის მეორე ტალღაც გამოცხადდება.
აღსანიშნავია, რომ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა აღნიშნული კონკურსი ისე გამოაცხადა, რომ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები საქმის კურსში არ ჩააყენა. ჩვენ მოვიპოვეთ ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ინსტიტუტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებად ითვლებიან გამგეობის წევრები ეკა კვესიტაძე, ზაზა თევზაძე, ოლესია ვართანიანი, მარატ ბარათაშვილი, გიგა ზედანია, რომელიც, იმავდროულად, თავმჯდომარეც და გამგეობის წევრიცაა, და სხვანი. ასევე, გამგეობის წევრის სტატუსით სარგებლობს ფონდის თავმჯდომარე გია ნოდიაც.
ჩვენ დავინტერესდით, აღნიშნული კონკურსის შესახებ რაიმე იცოდნენ თუ არა გამგეობის წევრებმა, რომლებიც, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების სტატუსით სარგებლობდნენ.
ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე აცხადებს, რომ მან არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რომელმა ორგანიზაციებმა გაიმარჯვეს პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
„გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულების გამოსავლენად მონაწილეობა საერთოდ არ მიმიღია. მართალია, გამგეობის წევრი ვარ, მაგრამ სხვა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ამასთან დაკავშირებით მე არანაირი შეხება არ მქონია. წარმოდგენა არ მაქვს, თუ ვინ მიიღო მონაწილეობა, არავინ დამკავშირებია და არავის ჩავუყენებივარ საქმის კურსში“, - აცხადებს ჩვენთან საუბარში ეკა კვესიტაძე.
გამგეობის წევრი ზაზა თევზაძეც ადასტურებს, რომ არაფერი იცის აღნიშნული კონკურსის შესახებ და ამ საკითხის ექსპერტი არ არის. მეტიც, კონკურსში მონაწილეთა შორის გამარჯვებულთა გამოვლენა მას არ ეხებოდა.
„ეტყობა, ეს ცთომილებაა. შეიძლება, ჩემი გვარი მითითებული იყო გამგეობის წევრად, მაგრამ ჩემი გვარის წარმომადგენელი მარტო მე ხომ არ ვარ?! შესაძლოა, ვინმე სხვა არის. წარმოდგენა არ მაქვს, რის შესახებ ლაპარაკობთ. მე ნამდვილად არ ამომირჩევია გამარჯვებული მედიასაშუალებები. სასულიერო პირი ვარ და, თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გამომიგზავნეთ ფეისბუკში და ვნახავ“, - გვითხრა ზაზა თევზაძემ.
მას, ასევე, დავუსვით შეკითხვა იმის შესახებ, თუ რატომ იყო მითითებული მისი გვარი გამგეობის წევრად, თუკი მან არაფერი იცოდა, თუ ვისზე ანაწილებდა თანხებს გია ნოდიას ორგანიზაცია. ამის საპასუხოდ ზაზა თევზაძემ აღნიშნა: - „მართალი გითხრათ, გია ნოდიას ორგანიზაციაში შექმნილია რაღაც ბორდი, რომელიც არჩევნების დროს და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას მუშაობს. დაგვიძახებენ ხოლმე, წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ, მეტი ჩვენ არაფერში არ ვერევით“.
ზაზა თევზაძემ არც ის იცის, ვინ შეარჩია გამარჯვებული სამოქალაქო სექტორის თუ მედიასაშუალებების წარმომადგენლები. მისი თქმით, ეკა კვესიტაძე, გიგა ზედანია, ოლესია ვართანიანი, ისევე, როგორც თავად იგი, კავკასიის ინსტიტუტში არიან, მაგრამ იგი დეტალებში არ ერკვევა.
არც არავის შევუწუხებივარ და არც არავის დავლაპარაკებივარ. „როცა რაღაცას მთხოვენ, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, მივალ ხოლმე“, - აცხადებს ზაზა თევზაძე.
ჩვენ გიგა ზედანიასაც დავუკავშირდით, თუმცა მანაც არაფერი იცოდა ამ კონკურსის შესახებ, იმის მიუხედავად, რომ ადასტურებდა, რომ იგი მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის გამგეობის წევრი მართლაც იყო.
ჩვენ გია ნოდიასაც დავუკავშირდით, თუმცა მას არ ეცალა და კონკურსში გამარჯვებულების ნიუანსების გასარკვევად რუსუდან თაბუკაშვილთან გადაგვამისამართა.
რუსუდან თაბუკაშვილი აცხადებს, რომ გამარჯვებულთა გამოსავლენად შეირჩა სპეციალური გარე ხუთკაციანი კომისია, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა და მისი წევრების შერჩევა ინსტიტუტის წიაღიდან არ მომხდარა. სწორედ ამ ადამიანებმა შეარჩიეს გამარჯვებულები იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამებოდა მოთხოვნებს მათგან შესული პროექტები, რამდენად კარგად იყო გაწერილი და რამდენად გამჭვირვალე ბიუჯეტი ჰქონდათ. ასევე, გაითვალისწინეს თემების აქტუალურობა და ამის მიხედვით, ქულებით შეაფასეს პროექტები. შესაბამისად, 12 გამარჯვებული გამოვლინდა.
როგორც ვიცი, ინტერნეტგამოცემებისთვის უნდა მიგენიჭებინათ უპირატესობა.
- არა მხოლოდ, არამედ მედიის განვითარებაზეც გაკეთდა აქცენტი, ასევე, უმცირესობების უფლებებზე, რეგიონების განვითარებასა და ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების მონიტორინგზე. ეს მიმართულებები იყო თავიდანვე მოცემული. ამდენად, ეს მხოლოდ მედია და ინტერნეგამომცემლობის განვითარება არ ყოფილა, რომელი პროექტებიც ამ მიმართულებაში ჩაჯდა.
გამარჯვებულები ვინ გამოავლინა და რა კრიტერიუმით?
- ჩვენ უკვე კონკურსის მეორე ტალღა გამოვაცხადეთ. შესაბამისად, შეიძლება, კომისიის წევრთა შორის რამდენიმე მათგანი მეორე შესარჩევ კომისიაშიც იყოს. ამიტომ ჩვენ გვინდა, სანამ არ დამთავრდება შესარჩევი ეტაპი, კომისიის წევრები არ დავასახელოთ, რადგან მათზე ზეწოლა არ განხორციელდეს. როდესაც დამთავრდება მეორე შესარჩევი ეტაპი, ამის შემდეგ დასახელდებიან კომისიის წევრები.
ამ შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულების გამოსავლენად მონაწილეობა თუ მიიღეს ზაზა თევზაძემ, გიგა ზედანიამ, ეკა კვესიტაძემ და თუ იციან კონკურსის ჩატარების შესახებ, რადგან ისინი თქვენი ინსტიტუტის გამგეობის წევრები არიან.
- კომისიის წევრები ესენი არ ყოფილან და ამ ეტაპზე გამარჯვებულების გამოსავლენად მონაწილეობა არ მიუღიათ.
მაგრამ ისინი ხომ გამგეობის წევრები არიან და ამ კონკურსის შესახებ საქმის კურსში არ უნდა ყოფილიყვნენ? რატომ გამოთიშეთ?
- არ გამოგვითიშავს, ყველაფერი გამჭვირვალედ და პატიოსნად რომ ჩატარებულიყო, სპეციალურად სხვა კომისია მოვიწვიეთ, რომ მათ შეერჩიათ გამარჯვებული პროექტები.
მაგრამ კანონმდებლობა გაძლევთ უფლებას, რომ კონკურსში გამარჯვებულთა შესახებ საქმის კურსში არ არიან გამგეობის წევრები?
- რა თქმა უნდა, ცხადია, ეს შეიძლებოდა.
საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ კონკურსის გამოცხადებისას, გამგეობის წევრების საქმის კურსში ჩაყენების ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამიტომ ეს დამოკიდებულია ცალკეული ორგანიზაციის შიდა აქტებზე ან წესდებაზე.
„ფაქტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას ამ ვალდებულებას კანონმდებლობა არ უწესებს. ამდენად, გამგეობას და მის წევრებს თუ რა უფლებამოსილება აქვს გია ნოდიას ორგანიზაციაში, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ეს ინსტიტუტებმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.
ჩვენ დავუკავშირდით ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს ნინო დარასელსაც. მან აღნიშნა, რომ გრანტის გაცემისთვის კონკურსი ჯერ არ გამოუცხადებიათ, რადგან ტექნიკური შეფერხება ჰქონდათ, რადგან რა თანხაც მოითხოვეს, იმაზე ნაკლები მიიღეს. ამიტომ, ხელმეორედ მოდიფიცირებაზე შეიტანეს განაცხადი.
„ჩვენ მოვითხოვეთ 220 ათასი და ამ დროს მოგვცეს 200 ათასი. თანხები კი 220-ზე გვქონდა გაწერილი, ამიტომაც მოდიფიცირება გახდა საჭირო. ახლა ველოდებით პასუხს და ალბათ, უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ კონკურსს“.
ნინო დარასელის თქმით, მათ მიერ გამოცხადებულ კონკურსში კულტურული მედიის განვითარებას მიექცევა ყურადღება და ხელოვნების სფერო დაფინანსდება. უფრო მეტად ინტერნეტგამოცემებს, ვებ-პროექტებს ექნებათ უპირატესობა, ოღონდ კულტურული მედიის განხრით. თუ რამდენმა ორგანიზაციამ უნდა გაიმარჯვოს და რამდენით უნდა დაფინანსდეს აღნიშნული ორგანიზაცია, ნინო დარასელი დეტალებს ჯერ ვერ ახმაურებს. მისი თქმით, კომისიის წევრები, რომლებმაც გამარჯვებულები უნდა გამოავლინონ, ჟურნალისტიკიდან თუ ხელოვნების სფეროდან თავიანთი საქმის პროფესიონალები იქნებიან. თუმცა, მათი ვინაობაც უცნობი იქნება, რათა შემდგომში მათთან დაკავშირებას არ შეეცადონ.
„ეს ადამიანები ბევრნი არ იქნებიან, ალბათ, სულ რაღაც შვიდი კომისიის წევრი იქნება“.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირის შესარჩევი კონკურსი 19 დეკემბერს გამოცხადდა და მიხეილ სააკაშვილის 17 დეკემბრის ბრძანებულების საფუძველზე პროექტისთვის საპრეზიდენტო ფონდიდან 1 000 000 ლარი გამოიყო. უკვე ცნობილია, რომ 40 ათასი ლარია ის მაქსიმუმი თანხა, რასაც ცალკეული გამარჯვებული ორგანიზაცია მიიღებს.