ნაციონალები კონფლიქტის ზონების ბუფერულ ზონად გადაქცევას ცდილობდნენ

ნაციონალები კონფლიქტის ზონების ბუფერულ ზონად გადაქცევას ცდილობდნენ

საქართველოში ჩამოსახლებული ინდოელი ფერმერების შესახებ სიუჟეტს ერთ-ერთი ინდური ტელეკომპანია - NDTV ავრცელებს. როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, პენჯაბელი ფერმერები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაში ჩადიან, რადგან იაფი მიწები და ნოყიერი ნიადაგი აცდუნებთ. თუმცა, ადგილობრივი ქართველი ფერმერები მათი ჩასვლის გამო შეშფოთებულნი არიან.

როგორც სიუჟეტის ავტორი ამბობს, საქართველოში უკვე აღარ უკვირთ ფერად ინდურ კოსტიუმებში გამოწყობილი ფერმერების დანახვა და მათ მიერ იმ მიწების დამუშავება, რომელთა დამუშავებაც ქართველებმა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეწყვიტეს.

„ჩვენი ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობაა. სინგჰების 90% ამ საქმიანობითაა დაკავებული. ჩვენ სოფლის მეურნეობა სისხლსა და ხორცში გვაქვს გამჯდარი“, - ამბობს NDTV-სთან საუბრისას ინდოელი ფერმერი რანჯობ სინგჰი.

ტელეკომპანიის სიუჟეტის თანახმად, 2011 წელს საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის წარმოების გაფართოება უცხოელთა იმიგრირების მხარდაჭერით გადაწყვიტა, რომელთაც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ცოდნა და გამოცდილება აქვთ. თუმცა ყველა ქართველი არ არის ბედნიერი სოფლის მეურნეობის სექტორის ამგვარი განვითარებით.

ამავე სიუჟეტში საუბრობს „ქართველ ფერმერთა კავშირის“ დამფუძნებელი რაულ ბაბუნაშვილი. იგი აცხადებს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს მიწების ყიდვის საკითხს და საკითხი უნდა მოგვარდეს ისე, რომ დაიცვას ჩვენი მიწების მფლობელები და არ მიჰყიდოს მიწები უცხოელებს.

For.ge-ს გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი ესაუბრა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ დიცის მოსახლეობა ინდოეთის მოქალაქეების მიერ 140 ჰექტარი მიწის ფარულად მიყიდვას აპროტესტებს და აცხადებს, რომ შესაძლოა, დიცში სისხლი დაიღვაროს, რადგან არსებობს სასიშროება, რომ ეს მიწები ოსებზე გაიყიდება. რამდენად ხშირი იყო ინდოელებზე მიწების გაყიდვის შემთხვევები და როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა, დიცელები საზღვრისპირა მოსახლეობაა, ისედაც ბევრი ტრავმა აქვთ გადატანილი, რასაც ახლა ინდოელებთან უთანხმოებაც ემატება.

- ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ნაციონალური ხელისუფლებისგან. ის ფაქტები, რაც ახლა ხდება გორის რაიონის სოფლებში, სწორედ ამ დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია. სოფელ დიცში სარეზერვო ფონდის მიწები გაიყიდა ისე, რომ იქაურებს არაფერი ჰკითხეს და პირდაპირი მიყიდვის წესით პრეზიდენტმა მიჰყიდა საქართველოს მოქალაქეს, გვარად ახობაძეს. შემდეგ მან ექვს დღეში უკვე ინდოელებს გადასცა მიწა. თანაც, ეს ხდება ბუფერულ ზონაში, კონფლიქტის ზონაში. ხალხი ისედაც უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში გახლდათ, ნუთუ არ შეიძლებოდა, ამავე სოფლის მოსახლეობისთვის, მათი წახალისებისთვის გადაეცათ მიწები? ანალოგიური სიტუაციაა სოფელ ზერდულეთში, იქაც 70 ჰექტარი გადასცეს კანადის მოქალაქეს და სოფლის საძოვრებია გაყიდული ეკონომიკის სამინისტროს მიერ.

გამოსავალზე ვფიქრობთ, რადგან ეს უკვე არის კეთილსინდისიერი მყიდველების მიერ შესყიდული ნაკვეთები, მაგრამ ეს მოხდა დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად. იურიდიულად რა ბერკეტი შეიძლება გამოვიყენოთ, რომ კერძო მესაკუთრეს წავართვათ ნაყიდი მიწა?! ჩვენ ხომ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ამ უკანონო გაყიდვების ნაციონალიზაციას მოახდენს? ამიტომ გეგმაზომიერად გვინდა ეს საკითხები შევისწავლოთ, რომ არც საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები იყოს დარღვეული და არც ჩვენი მოსახლეობის ინტერესები.

საინტერესოა, რატომ დათანხმდნენ უცხოელები ამ მიწების შეძენას? ეს ხომ საზღვრისპირა რეგიონია და მათ ხომ იცოდნენ, რომ აქ ცოტა ხნის წინ კონფლიქტი მოხდა? რაღაც შორსმიმავალი გეგმები ხომ არ ჰქონდათ ნაციონალებს, როცა ამ ტერიტორიას ასხვისებდნენ? გარდა ამისა, თვითონ ადგილობრივ მოსახლეობას მოჭარბებულად ჰქონდა მიწები, რადგან ასე იოლად გაუყიდეს ნაციონალებმა?

- მიწის რეფორმა რომ ჩატარდა, ჰექტარი და 25 დაურიგეს ყველა ოჯახს. შესაბამისად, გარკვეული რაოდენობის მიწა სარეზერვო ფონდში დარჩა სოფლის საკუთრებად. სწორედ ეს მიწები იქნა გასხვისებული. არადა, ეს სარეზერვო ფონდი სოფლის ინტერესებისთვის იყო გამიზნული. ოჯახები რომ გამრავლდებოდნენ ან საძოვრებისთვის გამოიყენებდნენ. ჩვენმა პრეზიდენტმა და მისმა ქვემდებარე ეკონომიკის სამინისტრომ მართლაც დანაშაული ჩაიდინა სოფლის მოსახლეობის მიმართ და პირდაპირი მიყიდვის წესით მიყიდეს ამ ადამიანებს.

თუ რატომ არ იღებდა აქამდე ამის გამო ხმას დიცის მოსახლეობა, მოგეხსენებათ, როგორი რეჟიმის ხელში იყო ჩვენი ხალხი. ხმის ამოღების შემთხვევაში, მათ უკიდურესად მკაცრად გაუსწორდებოდა რეჟიმი. გამორიცხული არ იყო, ბევრი მათგანი გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყო. ამიტომ ეს შიში, რაც წინა ხელისუფლებამ დანერგა, ჩვენი უმძიმესი მემკვიდრეობის შედეგია. დღეს კიდევ არ ჩანს ბევრი რამ, რაც მათ დააშავეს, დრო გავა და თანდათანობით იჩენს ეს ყველაფერი თავს.

თქვენ აცხადებს, რომ ეს მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის წესით გაიყიდა და არ გაცემულა 49 წლიანი იჯარით?

- რამდენადაც ვიცი, იჯარები უკვე აღარ გამოიყენება გასხვისების ფორმად და პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისდა. საჯარო რეესტრიდან ამონაწერი ამოსწიეს და აღმოჩნდა, რომ 2012 წლის 28 ნოემბერში სააკაშვილმა დიცის სავარგულები პირდაპირი წესით გაყიდა, ეს ნიშნავს, რომ ეს მიწები უკვე კერძო საკუთრებაა. რაც შეეხება თვითონ უცხოელების დაინტერესებას, საქართველოს საზღვრებს მიღმა ისეთი პიარი გვქონდა, თითქოს, ეს არის ქვეყანა, რომელშიც აბსოლუტურად ყველაფერი დაცული იყო, მათ შორის, კერძო საკუთრებაც. მათ იმდენად დიდი ინფორმაცია არც გააჩნდათ. ისეთი სავარგულები, რომლებიც ამ სოფელს ეკუთვნის, თავისი ნიადაგის კომპონენტებით, საქართველოში ბევრგან არ არის. ასე რომ, ერთ-ერთი საუკეთესო მიწები აიღეს ინდოელებმა. ნიქოზშიც ანალოგიური სიტუაციაა, სადაც მიწები თურქებზეა მიყიდული, ასევეა, სოფელ მეღვრეკისსა და ერგნეთის მიდამოებში, ბროწლეთში, სადაც არაბები იყვნენ შემოსულნი. ახლა რა ბედი ეწია ინვესტორების მიერ შესყიდულ ამ სავარგულებს და გაასხვისეს თუ დაიტოვეს, არ ვიცი, მაგრამ ძალიან საინტერესო პოლიტიკაა და მართლაც საკითხავია, სწორედ კონფლიქტისპირა ზოლის გაყოლებაზე უცხოელებზე რატომ გაასხვისეს მიწები?! ალბათ, შეგნებულად ხდებოდა ამ ბუფერული ზონის ჩამოყალიბება და რას ემსახურებოდა ეს, ჩემთვის გამოცანაა.

ახობაძის შესახებ რას გვეტყვით, ვინც ეს მიწები თავდაპირველად შეიძინა?

- ახობაძეზე გაფორმებულია კონკრეტული შპს. „მადლი“, კერძო ფირმა, რომელსაც სააკაშვილმა მიჰყიდა ეს სავარგულები და შემდეგ უკვე ახობაძემ უცხოელებზე გაასხვისა. ანუ ტრანზიტად გამოიყენეს ეს პირი. რამდენადაც ვიცი, ახობაძე აბსოლუტურად ხელმოკლედ ცხოვრობს, სულაც არ აქვს იმის საშუალება, რომ ასეთი მიწები იყიდოს.

გამოდის, ახობაძეს ნაციონალები საფარად იყენებდნენ?

- დიახ, ნაციონალები ძალიან კარგად ერკვეოდნენ კანონმდებლობაში და წესების დაცვით იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

ახობაძის გარეშე სავარგულები პირდაპირ ინდოელებზე რომ მიეყიდათ, არ აწყობდათ?

- როგორი სიტუაციაა, იცით? სოფელ ზერდულეთის შესახებაც რომ გითხარით, მანდაც ანალოგიური რამ მოხდა. ჯერ საქართველოს მოქალაქემ იყიდა მიწა და შემდეგ მან გაყიდა. ანუ სააკაშვილი მაინც მოერიდა სახელმწიფოს მიერ მიწის პირდაპირ უცხოელებზე გასხვისებას. ამიტომ, საქართველოს მოქალაქეები გამოიყენა ამისთვის და ისევ ჩვენს მოქალაქეებს დააკისრა ეს პასუხისმგებლობა, რაც უცხოელებზე ქართული მიწის მიყიდვას მოჰყვება. ამიტომ პირადად არ გადადგა ეს ნაბიჯი, რადგან ვიღაც მაინც წამოაძახებდა. ახლა კი იტყვის, მე რა გავაკეთო, აგერ, ახობაძეს მივყიდე და მან გაყიდა, მე რა შუაში ვარო. ეს არის დანაშაული და თაღლითობა, რასაც ეს კაცი აკეთებდა ამდენი წლის განმავლობაში.

სისხლისღვრის ასაცილებლად გამოსავალი ხომ არ იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს მიწები ხელახლა გამოისყიდოს?

- გამოსავალზე ფიქრი რთულია, რადგან საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები შიდა სამართლებრივ ნორმებზე მაღლა დგას. თუ ჩვენ ამ სავარგულების ჩამოწერას მოვახდენთ, ეს ადამიანები მიმართავენ საერთაშორისო სასამართლოს. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება დგას ქვეყნის შიდა სამართლებრივ ნორმებზე მაღლა. ასე რომ, სამართლებრივად ამ დავას ვერ მოვუგებთ. ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს, რომ ამ ადამიანებთან შეთანხმებას მივაღწიოთ და კომპენსაცია გავცეთ. თუმცა, სავარგულების გაყიდვის შემთხვევები იმდენად დიდია მთელი საქართველოს მასშტაბით, რამდენად აუვა ახალი ხელისუფლება მათ დაფინანსებას, ვერ გეტყვით. გლეხისთვის ყველაზე დიდი ფასეულობაა მიწა, ამიტომ არაა გამორიცხული, რადიკალური ქმედება ჩაიდინონ. ჩვენი შესაბამისი სამსახურები უკვე ჩართულნი არიან ამ პროცესში და რაღაც ფორმა უნდა მოიძებნოს ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილებების გასანეიტრალებლად.

ჯერ კიდევ შარშან, სოფელ დიცის გამგებელი ზურაბ ბოლაშვილი აცხადებდა, თუ 2020 წლამდე ხელისუფლებაში სააკაშვილი არ დარჩება, ოსები თავზე წამოგვასხდებიანო. ფაქტობრივად, ამ საზღვრისპირა რეგიონში ახლა ინდოელების შემოსევაა.

- სწორედ სააკაშვილის დროს წაიღეს გორი და გორის რაიონი. ამიტომ რა სისულელე უთქვამს ზურაბ ბოლაშვილს?! ბოლაშვილის მსოფლმხედველობა და აზროვნების დონე, როგორც ჩანს, სააკაშვილის ირგლივ ტრიალებს.