ყოფილმა სუპერმოდელმა ლინდა ევანჯელისტამ სასამართლოში 50 მილიონი დოლარის მოთხოვნით, ესთეტიკური მედიცინის ცენტრის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. საჩივარში საუბარია ისეთი პროცედურების ჩატარებაზე, რამაც, მოდელის თქმით, ის „სასტიკად დაამახინჯა“ და საზოგადოებისგან გარიყა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კანადელი მოდელი 1990-იან წლებში ერთ-ერთი მოთხოვნადი ფიგურა იყო როგორც პოდიუმზე, ასევე ჟურნალების გარეკანზე. როგორც მან თავის Instagram-ზე აღნიშნა, დაახლოებით 5 წლის წინ ზედმეტი ცხიმების მოსაშორებლად გარკვეული პროცედურები ჩაიტარა.
„ვისაც აინტერესებს მიზეზი, თუ რატომ არ ვმუშაობდი ჩემი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდში, გეტყვით, რომ კომპანია Zeltiq-ის გასახდომები პროცედურების შემდეგ მივიღე აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი, იმასთან შედარებით რასაც ისინი მპირდებოდნენ და სასტიკად დავმახინჯდი“, - წერს მოდელი.
მისი თქმით, იგი უიშვიათესი გვერდითი მოვლენით, პარადოქსული ცხიმოვანი ჰიპერპლაზიით იტანჯებოდა, რამაც იმ ადგილების დასივება გამოიწვია, სადაც მკურნალობა ჩატარდა.
„ცხიმოვანმა ჰიპერპლაზიამ არა მხოლოდ ჩემი ცხოვრება გაანადგურა, არამედ ღრმა დეპრესიაც გამოიწვია და თვითშეფასება ბოლომდე დამიქვეითა, რის გამოც საზოგადოებისგან გავირიყე“, - განაცხადა მოდელმა.
საჩივარში აღნიშნულია ისიც, რომ 2015-2016 წლებში მოდელს პარადოქსული ცხიმოვანი ჰიპერპლაზიის შესაჩერებლად არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ყველა მათგანი უშედეგო აღმოჩნდა.
მოდელი კომპანიისგან 50 მილიონი დოლარის ოდენობის ანაზღაურებას ითხოვს - რასაც, ევანჯელისტას მტკიცებით, ის თავისი პროფესიით გამოიმუშავებდა - და ასევე ემოციური სტრესისთვის, რასაც ის წლებია განიცდის. სუპერმოდელი 2016 წლიდან ფულს თავისი პროფესიით ვეღარ გამოიმუშავებს.
Zeltiq Aesthetics-ს მოდელის ბრალდებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.