„5 წლისა და 7 თვის ასაკში გოგონას საკეისრო კვეთა გაუკეთეს“

„5 წლისა და 7 თვის ასაკში გოგონას საკეისრო კვეთა გაუკეთეს“

საქართველოში ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინება სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც მოხვდა, როგორც დღემდე უფლებების დაცვის სფეროში ერთ-ერთ მოუგვარებელი საკითხი.

ეს მაშინ, როცა ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი ავალდებულებს სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ქალისა და მამაკაცის მიერ განათლების მიღების უფლების თანაბარი დაცვა და ამ ვალდებულების შესასრულებლად მოუწოდებს ქვეყნებს, ყველა ზომა გამოიყენონ იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ბავშვთა ადრეული ქორწინება.

ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, საშუალო განათლება ბავშვებისთვის სავალდებულოა. თუმცა ბავშვები, რომლებიც ქორწინდებიან, განსაკუთრებით გოგონები, ხშირად იძულებულნი არიან, მიატოვონ სკოლა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების, ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. თანხმობაზე მშობლების ან მზრუნველის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, პატივსადები მიზეზების არსებობისას, დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს.

უფრო მეტიც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი დანაშაულად აღიარებს სრულწლოვანის სქესობრივ კავშირს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

„მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინების საკანონმდებლო რეგულირება საქართველოში შეესაბამება საერთაშორისო მიდგომებს, განსხვავებული მდგომარეობაა პრაქტიკული თვალსაზრისით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ქვემო ქართლის სხვადასხვა საჯარო სკოლაში, პედაგოგების განცხადებით, ბოლო პერიოდში ხუთმა არასრულწლოვანმა გოგონამ ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით შეწყვიტა განათლების მიღება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად კი, არასრულწლოვანი მ.ბ. დაოჯახდა, რის შემდეგაც შეწყვიტა განათლების მიღება სწავლის მეორე საფეხურზე, მე-8 კლასში (სავარაუდოდ, 13 წლის ასაკში). ამჟამად იგი არის 6 თვის ორსული და აღარ სურს სწავლის გაგრძელება. ასევე, მე-8 კლასში დაოჯახდა ამ გოგონას და - თ.ბ. (სავარაუდოდ ისიც 13 წლის ასაკში), რის შედეგადაც შეწყვიტა განათლების მიღება სწავლის მეორე საფეხურზე. პედაგოგების თქმით, დაოჯახებამდე ორივე ბავშვი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობდა და ახლა საჭმელი მაინც ექნებათ.

ასეთივე საგანგაშო მონაცემებია მარნეულის მუნიციპალიტეტში. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პედაგოგებმა განუმარტეს, რომ მათთვის არ იყო ცნობილი, წარმოადგენდა თუ არა გოგონათა ადრეულ ასაკში ქორწინება კანონის დარღვევას, შესაბამისად, პოლიციაში შეტყობინებები არ გაკეთებულა მათი მხრიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან სახალხო დამცველის აპარატისთვის მიწოდებული ინფორმაციით, 2011–2012 წლებში საქართველოს საჯარო/კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის (7–9 კლასები) დასრულებამდე განათლების მიღება შეწყვიტა 7367 გოგონამ.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მოცემული საკითხის გაანალიზება ცხადყოფს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში აქტიურად უნდა ჩაერთოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იმსჯელოს არსებული, მტკიცედ ჩამოყალიბებული, რელიგიური თუ სოციალური შეხედულებებისა და ტრადიციების შეცვლის აუცილებლობის მიმართულებით, რათა თანაბრად იყოს გათვალისწინებული ყველა გოგონას ჭეშმარიტი ინტერესი და ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინება აღქმული იქნეს, როგორც ძალადობა ქალთა მიმართ.

ნაადრევ ასაკში გოგონათა ქორწინებას გაუმართლებად მიიჩნევს დემოგრაფი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ თოთაძე. მისი თქმით, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება ნაადრევი ქორწინება და ეს ყოველმხრივ საშიშია.

„რუსთავი 2“-მა, რომელსაც უდიდესი დანაშაული მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, დაიწყო ამ სისულელეებზე საუბარი. ერთხელ გამოვიდა ლალი მოროშკინა და განაცხადა, გოგონა, რომელიც უკვე მომწიფდება, თუ სექსუალურ ცხოვრებას არ დაიწყებს, ეს ჯანმრთელობაზე იმოქმედებსო. მაშინ, როცა ასე არ არის. გათხოვების ასაკისთვის რეკომენდირებულია 18-დან 24 წლამდე. კიდევ უფრო კარგია 20-24 წლები და ეს დადასტურებულია სამედიცინო ლიტერატურით“, - აღნიშნა ანზორ თოთაძემ For.ge-სთან საუბარში.

ამასთან, განმარტა, რომ ძველად საქართველოში ქალის მინიმალური საქორწილო ასაკი 12 წელი იყო და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ 1104 წელს. მართალია, საქართველოში ადრე თხოვდებოდნენ, მაგრამ გადმოცემების თანახმად, გარკვეულ ასაკამდე რძალს დედამთილი ზრდიდა.

დემოგრაფი აცხადებს, რომ 18 წლამდე, ნაადრევ პირველ ორსულობასა და მშობიარობას ხშირად თან ახლავს სხვადასხვა სახის გართულებები ახალდაბადებულებში. ნაადრევი ქორწინება შესამჩნევად ამცირებს ქალთა ნაყოფიერებას და შობადობას. ეს მოვლენა საყოველთაოდ ცნობილი იყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში და თბილისში გამოცემულ შესაბამის ლიტერატურაში აღნიშნავდნენ კიდეც, რომ ნაადრევი ქორწინება შობადობის შემცირებას იწვევდა.

მაგალითად, 1869 წელს თბილისის გუბერნიის სტატისტიკურმა კომიტეტმა გამოსცა სტატისტიკური ცნობების წიგნი, სადაც წერია, რომ აზერბაიჯანელებში ძალიან დაბალი იყო შობადობა და პირდაპირ მიუთითებდნენ ამის მიზეზს, აზერბაიჯანელები ძალიან ადრე ათხოვებდნენ გოგონებს. წიგნში განმარტებული იყო, ამის გამო ბევრი აზერბაიჯანელი უნაყოფო ხდებაო. ამჯერად ისინი გამრავლებისკენ არიან მიდრეკილნი, რადგან 11 და 12 წლის ასაკში აზერბაიჯანელები აღარ თხოვდებიან.

უფრო მეტიც, ანზორ თოთაძის განმარტებით, დემოგრაფიაში ისიც ცნობილია, რომ ნაადრევი ქორწინება არ იწვევს შობადობის გაზრდას. პირიქით, შობადობა მცირდება. მართალია, ქვეყანათა უმრავლესობაში ქალებისთვის საქორწილო ასაკი უფრო დაბალია, ვიდრე ვაჟებისთვის, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში სრულწლოვანებასა და საქორწილო ასაკს შორის განსხვავება ზოგჯერ 3, 4 და 9 წელსაც კი აღწევს. ასე ხდება, მაგალითად, ჩილეში.

ამასთან, დემოგრაფის თქმით, თუ მეუღლეებმა გადაწყვიტეს, იყოლიონ მხოლოდ ორი ბავშვი, მესამე ბავშვის დაბადების ალბათობა, რაც არ უნდა ადრეულ ასაკში იყვნენ ისინი დაქორწინებულნი, ძალიან მწირია.

„დაქორწინებასა და პირველი შვილის დაბადებას შორის ინტერვალს დემოგრაფები პროტოგენეტიკურ ინტერვალს უწოდებენ. ეს ინტერვალი, არანაკლებ, ცხრა თვეს მოიცავს, თუმცა მძიმე ეკონომიკური და სხვა პირობების გამო მეუღლეებმა შეიძლება, პირმშოს დაბადება უფრო ხელსაყრელ დრომდე გადაავადონ. ამ შემთხვევაში, პროტოგენეტიკური ინტერვალი ცხრა თვეზე მეტი გამოდის. ეს ინტერვალი განსაკუთრებით დიდია იმ ქალებისთვის, რომლებიც 18 წლამდე ქორწინდებიან. ეს იმით აიხსნება, რომ მოზარდთა ნაყოფიერება დაბალია და მათ ხშირად საქორწინო ცხოვრების დაწყებიდან ბავშვი არა ცხრა თვეში, არამედ ბევრად უფრო გვიან უჩნდებათ“, - გვითხრა მეცნიერმა.

ანზორ თოთაძე აცხადებს, რომ ადრეულ ასაკში ქალის ორგანიზმი არ არის მზად ბავშვის დაბადებისთვის და ამიტომაც მთავრდება მშობიარობა მძიმე შედეგებით ჩვილისა და მელოგინე ქალისთვის. ნაადრევ ასაკში ქორწინება და მშობიარობა ხშირად იწვევს მძიმე გართულებებს, რის გამოც ქალს ერთ ბავშვზე მეტი აღარ უჩნდება. ხშირად 16-17 წლის გოგონების მენჯი აღწევს ისეთ ზომას, როდესაც შესაძლებელია საშუალო ზომის ნაყოფის დაბადება, მაგრამ მთავარი ეს როდია, ორსულობა და მშობიარობა მნიშვნელოვან ძვრებსა და ცვლილებებს იწვევს ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების მხრივ და ასეთ დროს მენჯის დამაკმაყოფილებელი სიდიდის შემთხვევაშიც კი, ჯანმრთელობის საფასურად არ უნდა დავუშვათ 14, 16 და კიდევ უფრო ადრეული ასაკის გოგონების ორსულობა და მშობიარობა.

მისი თქმით, სპეციალურ ლიტერატურაში სამართლიანად აღნიშნავენ, რომ ნაადრევი ქორწინების 18 წლამდე აკრძალვამ არა მარტო უაღრესად შეამცირა ბავშვთა მოკვდავობა, არამედ ქალს დიდი ხნის მანძილზე შეუნარჩუნა მშობიარობის უნარი და ხელი შეუწყო შობადობის გაზრდას.

კონკრეტულად, გაერთანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ბანგლადესში, სადაც ქალების 90% 18 წლამდე ასაკში ქორწინდება, მშობიარობისას, 15-19 წლის ასაკში დედათა სიკვდილიანობა ორჯერ მაღალია, ვიდრე 20-24 წლების ასაკში. იაპონიის მაგალითმაც დაადასტურა, რომ ნაადრევ ასაკში მშობიარობა უფრო ხშირად იწვევს ერთ წლამდე ასაკში ბავშვთა მოკვდავობას და იაპონიამ ამ მხრივ პლანეტაზე ყველაზე „მაღალ დონეს“ მიაღწია.

„მიუხედავად იმისა, რომ ნაადრევ ასაკში ქალის ორგანიზმი მზად არ არის სქესობრივი ცხოვრებისთვის და, მით უმეტეს, ბავშვის დაბადებისთვის, ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ცალკეული შემთხვევები მაინც ფიქსირდება. მაგალითად, მეცნიერმა ლენცმა შეკრიბა 5-დან 10 წლამდე ასაკის გოგონების მშობიარობის ათი შემთხვევა. ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევა, როცა 4 წლისა და ათი თვის გოგონა დაორსულდა და 5 წლისა და 7 თვის ასაკში მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს. 7 წლის ანა მომენტალერი გათხოვდა და ცხრა წლის ასაკში დაორსულდა, მაგრამ ასეთი ნაადრევი მომწიფება ადამიანის ნორმალური განვითარებიდან გადახრების შედეგია. კერძოდ, ზემოთაღწერილი პათოლოგიის მიზეზია ჰიპოთალამური სექსუალური ცენტრების ნაადრევი მომწიფება“, - აცხადებს დემოგრაფი.

მისივე თქმით, ნამდვილი სიყვარული ხანიერი და მარადიულია. ასეთ სიყვარულს საფუძვლად უდევს საერთო შეხედულებები, გრძნობები და მიზნები, ნაადრევი ქორწინების დროს კი ახალგაზრდებს უჭირთ თავიანთი გრძნობების შემოწმება, არ ჰყოფნით ცხოვრებისეული გამოცდილება, ხშირად სიყვარული ჰგონიათ გატაცება და ნაუცბათევად უკავშირებენ ერთმანეთს ბედს. შემდეგში კი აღმოჩნდება, რომ მათ სრულიად საწინააღმდეგო ფასეულობითი ორიენტაცია აქვთ და ამის გამო ხშირად ინგრევა ახალგაზრდა ოჯახები.

ამასთან, მეცნიერი საგანგაშოდ მიიჩნევს, რომ უკანასკნელ წლებში უაღრესად გაიზარდა ნაადრევი ქორწინებები, რადგან ზოგჯერ 18-19 წლის ქალს ერთი კი არა, არამედ ორი, სამი, ოთხი და ხუთი ბავშვიც ჰყავს. ეს კი საშინელებაა ბავშვისთვისაც და დედისთვისაც.