ზაზა ხატიაშვილი: “სააკაშვილს თავში ურო ჩაარტყეს“

ზაზა ხატიაშვილი: “სააკაშვილს თავში ურო ჩაარტყეს“

გარკვეულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიხეილ სააკაშვილს წერილობით მიმართეს და ადვოკატებზე დაწყებული დევნის შეჩერება და უკანონოდ დაპატიმრებული ადვოკატების გათავისუფლება მოთხოვეს. ამასთან, მათ აღიარეს, რომ საპატიმროებში სასჯელს უკანონოდ დაპატიმრებული ადვოკატები იხდიან, ხოლო დაპატიმრებას გადარჩენილები, კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ “მკვდარზე ვენოკებიც“ აღარ არიან. 

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის წერილი და ადვოკატთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის - ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის დასკვნა პრესაგე.ტვ-ს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა გააცნო, რომელიც მიიჩნევს, რომ
“დიპლომატიურ ენაზე ამ წერილით სააკაშვილს თავში ურო ჩაარტყეს და უთხრეს, გონს მოდიო“.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ხოსე-მარია დავო-ფერნანდესმა 21 დეკემბერს სააკაშვილს ოთხგვერდიანი წერილი გამოუგზავნა, რომლის დასკვნით ნაწილში ასეთი რამ წერია:

“ევროპის ადვოკატთა ასოციაცია - CCBE მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს დაუყოვნებელი და ქმედითი ზომები, ზემოთ აღნიშნული ფაქტების გამოსაძიებლად და გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული ადვოკატები, თუ მათ არ წაუყენებენ დასაბუთებულ სისხლის სამართლებრივ ბრალს. CCBE აგრეთვე მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ იქნას აღკვეთილი ადვოკატთა წინააღმდეგ მიმართული ყველანაირი ქმედება და მუქარა, რაც მათ ხელს უშლის პროფესიული მოვალეობების კანონიერ განხორციელებაში“.

ამ წერილის ასლი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის თხოვნით, ხოსე-მარია დავო-ფერნანდესმა ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს გადაუგზავნა: “მე ვთხოვე წერილის ასლი გადაეგზავნათ იმ ევროპული სტრუქტურებისთვის, რომელთა წარმომადგენლებსაც ეს ნეო-ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ხვდებიან. ევროპის ადვოკატთა ასოციაცია ორთვენახევარი სწავლობდა აქაური ადვოკატთა კორპუსის გარშემო შექმნილ მდგომარეობას. ხოსე-მარია დავო-ფერნანდესის მიერ სააკაშვილისთვის გამოგზავნილი წერილი იმის დადასტურებაა, რასაც მე მთელი წელი ვამბობდი, რომ საქართველოში ადვოკატთა კორპუსი ხელისუფლების მხრიდან ინსტიტუციონალურად იდევნება, ვინაიდან ადვოკატთა კორპუსი იყო ერთადერთი, ვინც ეს ხელისუფლება ამხილა ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევებში, დევნაში, წამებაში და ევრო სასამართლოს მეშვეობით დაამტკიცა, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა ადამიანის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას“.

რაც შეეხება ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის მიერ წარდგენილ 19-გვერდიან ანგარიშს, იგი ეფუძნება ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების სტუმრობას საქართველოში და ამ ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ მოკვლევას. უცხოელები სამი დღის განმავლობაში სწავლობდნენ დაპატიმრებული ადვოკატების საქმეებს, ისინი შეხვდნენ მათი ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, გაეცნენ საქმის მასალებს; ასევე შეხვდნენ იმ ადვოკატებს, რომლებზეც ხორციელდება ფიზიკური ზეწოლა, დევნა და დაკავება, ღირსების შემლახავი მოპყრობა. საერთაშორისო ობსერვატორიის წარმომადგენლები იყვნენ გლდანის საპყრობილესთან, რასაც შედეგად მოჰყვა ადვოკატთა უფლებების გაუმჯობესება, იმ კუთხით, რომ მერვე საპყრობილესთან აღარ უწევთ საათობით დგომა ხელოვნურად შექმნილ რიგში.

ქართველი ადვოკატების მდგომარეობის ირგვლივ საერთაშორისო ობსერვატორიის წარმომადგენლებმა დასკვნაში დაწერეს ის, რაც დღემდე არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ გაუკეთებია:

“ზოგადად, საქართველოში სუფევს იურიდიული პროფესიის სრული დესტაბილიზაცია. ადვოკატთა ყოველდღიური პრაქტიკა (საუბარი კლიენტებთან, ვიზიტი ციხეებში, საქმეებზე ხელმისაწვდომობა) სულ უფრო და უფრო რთული ხდება, რაც კლიენტის თვალში მათ დისკრედიტაციას უწყობს ხელს. ადვოკატის როლის შესუსტებას ხელს უწყობს ბრალმდებლის მიერ მნიშვნელოვანი ძალაუფლების ქონა და ბრალის აღიარების შესახებ გარიგების სისტემატური განზოგადება.

ამგვარად, დაცვის სტრატეგიები, რომლებიც ადვოკატის მიერ უნდა იქნას განხორციელებული, ძლიერ შეზღუდულია და ნაკარნახევია ბრალმდებლის მიერ. ევროპის დონეზე გასაჩივრების შესაძლებლობაც კი შესაძლოა იქნას შეფერხებული დაკავებულ კლიენტზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად. ამგვარად, თუ გამოვიყენებთ ადვოკატის როლის შესახებ ძირითადი პრინციპების ტერმინებს, დანაშაულებრივ სფეროში, ადვოკატი აღარ ითვლება მართლმსაჯულების აღსრულების არსებით მონაწილედ.

ადვოკატის როლის აბსოლუტური დესტაბილიზაციის შედეგია არა მხოლოდ მთლიანად პროფესიის არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაყენება, არამედ სასამართლო პროცესების სამართლიანობის და დაცვის უფლებების დასუსტება.
ადვოკატები, რომლებიც წინააღმდეგობის უნარს ინარჩუნებენ და სურთ საკუთარი პროფესიით თავისუფლად და დამოუკიდებლად მუშაობა, ან ისინი, ვინც გახმაურებულ და მნიშვნელოვან საქმეებში არიან ჩართულები, ძლიერი წნეხის ქვეშ ექცევიან, რასაც შედეგად მოაქვს სისხლის სამართლის პროცესები და თავისუფლების აღკვეთა...“

ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ადევოკატთა ასოციაციას, სამართლებრივი ბრძოლის გზაზე ერთადერთი სურვილი აქვს - რომ საქართველოს მისცეს ნორმალური მართლმსაჯულება და დამოუკიდებელი სასამართლო, რაც მისივე აზრით, მხოლოდ ადვოკატის როლის გაზრდითაა შესაძლებელი.

“როდესაც ასოციაციის თავმჯდომარე გავხდი, ხელისუფლებას მივმართე გამოძიებულიყო ვალერი ტაბაღუას, შალვა ხაჭაპურიძის, მანუჩარ თირქიას და კობა სოხაძის ვანდალური ცემის ფაქტები და დამნაშავეები დამსხდარიყვნენ საბრალდებო სკამზე. ხელისუფლებას კონკრეტული ვადაც მივეცი და ვთქვი, რომ თუ ადვოკატებზე დევნას არ შეწყვეტდნენ, დავიწყებდი იმის გაკეთებას, რაც ასოციაციას მანამდეც უნდა გაეკეთებინა. 1-ლ სექტემბერს საქართველოს ადვოკატთა კორპუსის შემაშფოთებელი მდგომარეობის შესახებ მივმართე ევროპის ადვოკატთა ასოციაციას, 3 სექტემბერს - პარიზის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს და მათთან ერთად სხვადასხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

9 სექტემბერს ბაზელში ვიყავი მიწვეული ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მთავარი კომიტეტის სხდომაზე, სადაც ჩემი წერილი განიხილეს და მომავალი სხდომისთვის მტკიცებულებების წარდგენა მომთხოვეს. ბრიუსელში, 25 ნოემბერს ეს მტკიცებულებები წარვადგინე. იქ წასვლამდე ადვოკატთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციას - ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიას მივწერე ადვოკატთა უფლებების დარღვევის, დაწიოკების და ცემა-ტყეპის ფაქტებზე...“, - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მხრიდან ამგვარი აქტიურობა უძღვოდა წინ საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციას, ქართველი ადვოკატების დევნის ფაქტებზე.

ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს და უახლოეს ხანში საქართველოს ხელისუფლებას უკეთეს “სიურპრიზებს“ მოუწყობს.