ცნობილი ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე ერთ შემთხვევას არაერთხელ იხსენებს:
„სურათს „ხევისბერი გოჩა“ ვიღებდით. გავიარეთ რეპეტიციები ცნობილი სცენისა, ონისეს რომ მარხილით მიჰყავს ძიძია, მაგრამ ის საშიშროება, პროჟექტორების ჩართვისას ცხენები რომ დაფრთხებოდნენ, ვერავინ გაითვალისწინა...
ჩართეს თუ არა ორი პროჟექტორი, ცხენები ერთბაშად ეცნენ მანქანას, რომელზეც ოპერატორებისთვის მოწყობილი ავანსცენა იყო და მარხილიც ზედ შეასკდა.
ამ ამბის თვითმხილველების მონათხრობით, თურმე, მე, ამ ჩემი თეთრი კაბით გამისროლა რაღაცამ. მე კი მახსოვს მხოლოდ, კარგა ხნის ფრენის შემდეგ თოვლში ჩავეფალი, ნუგზარ შარია სადღაც გადაგორდა და ფეხიც მოიტეხა.
მინდა თოვლიდან ამოსვლა, მაგრამ როგორ? დაახლოებით ოცი მეტრის სიღრმეში ვარ ჩაფლული, ცას ვხედავ მხოლოდ და ვარსკვლავებს, ვაითუ თოვლში ჩავიმარხო-მეთქი. მესმის ხმები: ლეილა, უუ! ძიძია უუ!... დადიან ფარნებით, მეძებენ.
ბოლოს როგორც იქნა, თოკებით ძლივს ამომიყვანეს. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებოდი, გაყინულ-გათოშილი, „ჟიპიტაური“ გადამაკვრევინეს, არყითაც დამზილეს და სურდო რაა, ისიც არ შემყრია...“