ცნობილია, რომ ფაშისტურ გერმანიას ამერიკისთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენების სურვილი ჰქონდა. ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ის მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც ჰიტლერი აშშ-ის დაჩოქებას გეგმავდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ გერმანელი მეცნიერების საიდუმლო გამოგონებები, მესამე რეიხის დაცემის შემდეგ, თავად ამერიკელებმა გამოიყენეს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ წინა საუკუნის 30-იან წლებში გერმანიაში სპეციალური რაკეტა შეიქმნა, რომელიც საწვავად თხევად წყალბადსა და კარტოფილიდან მიღებულ ალკოჰოლს იყენებდა. მისი სიჩქარე ოთხჯერ აღემატებოდა ბგერის სისწრაფეს და 300 კილომეტრის მანძილზე ერთი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა შეეძლო, ანუ, შეეძლო დაებომბა ლონდონი, ანტვერპენი და სხვა მოწინააღმდეგე ქალაქები, რომლებსაც ადვილად „მისწვდებოდა“.
თუმცა, ეს საკმარისი არ იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების დასაბომბად. ამიტომ, 1940 წელს, გერმანელებმა ახალი რაკეტა - „აგრეგატი 4“ შექმნეს. მხოლოდ ნახაზებზე არსებულ კონტინენტთაშორის რაკეტას 350 კილომეტრის სიმაღლეზე შეეძლო აწევა და 35 წუთში 5 ათას კილომეტრს გადალახავდა. თუმცა, ტექნიკურად მისი განხორციელება ომის დასრულებამდე ქაღალდზე დარჩა.
გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, ამერიკელებმა გააცნობიერეს, რა განძი ჩაუვარდათ ხელში და ეს პროექტები კოსმოსში განახორციელეს.
თუმცა ამერიკელები ნაცისტი კონსტრუქტორების გამოგონებებიდან, ბევრს მშვიდობიანი მიზნით ვერ გამოიყენებდნენ. მათი უმეტესობა სიკვდილის მანქანად დარჩა. მაგალითად, რეაქტიული თვითმფრინავი „ვერცხლისფერი ფრინველი“, რომელიც, თეორიულად, 20-ჯერ აღემატებოდა ბგერის სისწრაფეს. ჰიტლერის გერმანიას ის არ გამოუყენებია, თუმცა, აშშ-ში მან სენსაცია გამოიწვია. მას ბირთვული იარაღის გადასაზიდად იყენებენ.