„ნამოხვანზე უარის თქმა ქვეყნის ტრაგედიაა - მოსახლეობა რომ ებრძვის და ხელისუფლება ამას არ უპირისპირებს დასაბუთებულ წინამძღვრებს, ეს არის დიდი ტკივილი“

„ნამოხვანზე უარის თქმა ქვეყნის ტრაგედიაა - მოსახლეობა რომ ებრძვის და ხელისუფლება ამას არ უპირისპირებს დასაბუთებულ წინამძღვრებს, ეს არის დიდი ტკივილი“

„ენკას“ გადაწყვეტილებით, საქართველოში „ნამოხვანჰესი“ აღარ აშენდება. კომპანიამ საქართველოს სახელმწიფოსთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა და მიზეზად მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული სიტუაცია დაასახელა. სპეციალისტების ერთი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ეს ჰესი ქვეყნისა და მისი ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია. სწორედ ეს ნაწილი აცხადებს, რომ სახელომწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს მისი აშენება იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს მნიშვნელოვანი შანსი ხელიდან არ გაუშვას.

„კარგად ვიცი, რა არის ენერგეტიკა და განსაკუთრებით ჰიდროენერკეტიკა, რომელიც არის ჩვენი რესურსი და ჩვენი მდგრადობის, უსაფრთხოების გარანტი“, - აცხადებს ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა For.ge-სთან.

„ენკას“ განაცხადებში ვკითხულობთ: „შპს ENKA RENEWABLES-მა, რომელიც ჩვენი კომპანიის 90%-იანი შვილობილი კომპანიაა, შეატყობინა საქართველოს, რომ შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოსთან გაფორმებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება ნამოხვანის კასკადის პროექტის შემუშავების, მშენებლობის, საკუთრებისა და ექსპლუატაციის შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამჟღავნებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება „მატერიალური მოვლენების კომუნიკეთი“ გათვალისწინებულ პრინციპებს და ჩვენ პირადად ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ინფორმაციის გამჟღავნებაში“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ანზორ ჭითანავას თქმით, ხელისუფლება მნიშვნელოვნად არ ეკიდება „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის საკითხს. მისივე თქმით, ქვეყანაში ეს ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს.

„ამ ობიექტის შეჩერება ან მასზე უარის თქმა, ეს არ არის მხოლოდ ჩემი ტრაგედია, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა, ჩვენი სამომავლო გეგმების თავდაყირა დაყენება, რადგან მის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება, არც ტურისტი გვეყოლება, ვერც სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა გვექნება ნორმალური, ვერც საყოფაცხოვრებო და კომუნალური პირობები. მოსახლეობა ამას რომ ივიწყებს და ამას ებრძვის, ეს არის ძალიან დიდი ტკივილი და შეშფოთების საგანი. ხელისუფლება ამას არ უპირისპირებს არგუმენტირებულ და დასაბუთებულ წინამძღვრებს იმისათვის, რომ მოსახლეობა დარწმუნდეს, ეს არის საჭირო და აუცილებელი. მოსახლეობა არ არის ვალდებული ისე ერკვეოდეს საკითხში, როგორც სპეციალისტები.

ყოველი ჩავარდნა, რომელიც ხდება, არის არააკვალიფიციური ხელმძღვანელობის და მართვის შედეგი. ხეობის დამცველებს არ ვაკრიტიკებ, რადგან ის ხეობა მათია, იქ დაიბადნენ, გაიზარდნენ და უნდათ უკეთესად იცხოვრონ, მაგრამ სპეციალისტები უნდა მიდიოდნენ მათთან, რომ აუხნან რატომ კეთდება ეს ყველაფერი. თანადგომა უნდა თხოვონ და არა ის, გინდა თუ არა, უნდა გადაგასახლო აქედან.

პირადად მომხრე ვარ, რომ დიდი ობიექტების მშენებლობა თვითონ აიღოს თავის თავზე სახელმწიფომ და ნახოს ფორმები, როგორ ჩართოს მასში მოსახლეობა და ხალხი. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ყოველთვის იქნება გამართლებული და მოსახლეობა დაუდგება გვერდში. მეორე ობიექტია, რომელიც მოსახლეობამ დაბლოკა, - „ნამოხვანი“, რომელიც ბოლო პერიოდში მივიღეთ საჩუქრად, გაგრძელებაა. თუ ასე გავაგრძელეთ, გამოდის, რომ ჩვენ ჰესის აშენება არ გვინდა, არ გვსურს წინსვლა. სხვანაირად როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვრო, თუ ელექტროენერგია არ იქნება, რომელიც არის ყველაფრის თავი და ბოლო“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა For.ge-სთან.

ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მიიღო კომპანია „ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ. სამინისტროში იმედოვნებენ, რომ პროცესი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება.

„კომპანია ერთი თვისთავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას, რაც წინასწარ გვაცნობა. მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს - ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამოხვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და, რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება.

კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი, ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და, რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის“, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

ლაზი ჰესებისა და ელ. ენერგიის გამომუშავების ზრდის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება, მაგრამ ყველაფერის საზომი გაღებული ფასისა და მიღებული სარგებლის შეფარდებაა. ეს იყო (თუ ნამდვილად დაიხურა) ძალიან ცუდი პროექტი, როგორც ტექნიკურად (დაცვა ვერავინ აიღო თავის თავზე), ისე სახელმწიფოებრივ-ეროვნული ტვალსაზრისით. თუ ასე არ იყო, პროექტის ხელის მომწწერი გაყუჩულია და ერთ სიტყვასაც არ ამბობს, თავის ხელმოწწრილი პროექტის დასაცავად. ვიღაცებისაგან, მარტო იმის ძახილი, რომ ელ. ენერგია გვჭირდება, საკმარისი არ არის უვარსი პროექტის დასაცავად.
ასე რომ, თავზე ნაცარს ნუ იყრით და ნუ მოთქვამთ.
პროექტი უნდა შეადგინოს და პირობები განსაზღვროს სახელმწიფომ. ინვესტორი მესაკუთრედ კი არ უნდა მოდიოდეს, არამედ მეწარმედ. თანაც არა 99 (სამუდამოდ) წლით, არამედ მაქსიმუმ 25-30 წლით. რიონის ხეობისა და ნახევარი რაჭა ლეჩხუმის ინვესტორზე ჩუქების ფასად აშენებული ჰესი ვერასდროს იქნება ქართული სახელმწიფოსთვის მისაღები.
3 წლის უკან