გია ვოლსკი: აშშ-ის ზრუნვა გასაგებია, თუმცა, ერთი საკითხიც ალბათ, უნდა გაითვალისწინონ - ცნობები ზეწოლაზე შეიძლება ბევრი მიიღო, დადასტურებული ჯერ არცერთია

გია ვოლსკი: აშშ-ის ზრუნვა გასაგებია, თუმცა, ერთი საკითხიც ალბათ, უნდა გაითვალისწინონ - ცნობები ზეწოლაზე შეიძლება ბევრი მიიღო, დადასტურებული ჯერ არცერთია

აშშ-ის ზრუნვა გასაგებია, თუმცა, ერთი საკითხიც ალბათ, უნდა გაითვალისწინონ - ცნობები ზეწოლაზე შეიძლება ბევრი მიიღო, დადასტურებული ჯერ არცერთია, - ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი აშშ - ის საელჩოს განცხადებას დმანისში და რუსთავში მომხდარ ინციდენტებზე.

ვოლსკის თქმით, დაპირისპირების პროვოცირების არაერთი ფაქტი არსებობს და ეს სამწუხარო რეალობად იქცა.

„როცა დაიძაბა ურთიერთობა, ქუჩაში მიმდინარე პროცესები და ფიზიკური ძალადობა უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა, 2012 წლის წინა პერიოდში აშშ -ის ჩარევა იყო ძალიან ინტენსიური, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ეჭვი მეპარება, რომ სააკაშვილი პოზიციას დათმობდა, რომ არა სენატორების ჩამოსვლა და მათი ძალიან აქტიური მოქმედება, რაზეც სენატორმა შაჰინმაც განაცხადა.

ამჯერადაც ვფიქრობ, აშშ უფრთხის ისეთი პროცესების განვითარებას, რომელმაც შეიძლება ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიიყვანოს ქვეყანა და ჩამორჩეს საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც საქართველომ აიღო და მითუმეტეს, 2024 წლისთვის აქვს აღებული.

აქედან გამომდინარე, მისი ზრუნვა ამ საკითხზე გასაგებია, თუმცა, არის ერთი საკითხიც, რომელიც ალბათ, უნდა გაითვალისწინოს საელჩომ - ცნობები შეიძლება ბევრი მიიღო იმის თაობაზე, რომ ზეწოლა ხდება ამა თუ იმ უბანზე, რაიონში, მაგრამ 140 შემთხვევაზე, როცა პარტიები დატოვეს კონკრეტულმა პირებმა, ჯერ არც ერთი არის იმ პრიზმით განხილული, რომ იქ ზეწოლა მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ამის კვლევა მიმდინარეობს და იმ რაოდენობიდან, რაც დასახელებულია და შესწავლილია, არ დასტურდება, რომ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. მეორე საკითხია ის, რომ ძალიან რთულია საქართველოში 2012 წლის შემდეგ ვინმეზე ზეწოლა მოახდინო, რადგან მედია, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც საკმაოდ მტკიცედ დგანან შემმოწმებლის პოზიციაზე, არც ერთი ასეთი ფაქტი არ დაიმალება და ეს ყველამ კარგად იცის.

რაც შეეხება დმანისის თემას, სრულად ვეთანხმები იმ განცხადებას, რაც არათუ აშშ- მა, არამედ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააკეთეს და თუნდაც, ოპოზიციამ. სხვადასხვა ინტერპრეტაციაა გამოყენებული და ფორმულირებები, მაგრამ ფაქტი ერთია, თუ გვინდა დავაზიანოთ ქვეყანა და მითუმეტეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება", რასაკვირველია, უნდა მივმართოთ მუშტიკრივს. არც ერთი ჩვენი რეალური მომხრე არ უნდა წამოეგოს პროვოკაციას და პროვოკაციები იქნება, თუმცა, არსებობს კანონი და იქ მოყვანილ მუხლებს არანაირი ემოცია არ გააჩნიათ, მით უმეტეს პოლიტიკური კუთვნილება, მკაცრი ზომები იქნება მიღებული ყველას მიმართ, ვინც კანონს დაარღვევს, მაგრამ არაერთი ფაქტი გვაქვს დაპირისპირების პროვოცირების, რაც სამწუხარო რეალობად იქცა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, აშშ - ის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დმანისსა და რუსთავში".

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ეს და ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ.