„როგორც ქრისტიანი, თავის დაწვის მცდელობას ვნანობ“

„როგორც ქრისტიანი, თავის დაწვის მცდელობას ვნანობ“

პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას მამამ, თამაზ კვარაცხელიამ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა, თუმცა ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

კვარაცხელია პატიმარი შვილის გათავისუფლებას ითხოვს, რომელიც მისი თქმით, მძიმე ავადმყოფია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მამა აცხადებს, რომ 27 წლის პაპუნა კვარაცხელიამ სხეულის მძიმე დაზიანებები 2010 წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცემისა და წამების შედეგად მიიღო.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი პატიმრის მამას დახმარებას დაჰპირდა. თუმცა სუბარის უწყებაში განმარტავენ, რომ ამ კონკრეტული პატიმრის გათავისუფლების სამართლებრივი გზა არ არსებობს და ერთადერთი მექანიზმი პრეზიდენტის შეწყალებაა, თუმცა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს პატიმარმა, ან მისმა ოჯახმა უნდა მიმართოს.

თამაზ კვარაცხელია კი აცხადებს, რომ ის არ აპირებს შეწყალება სთხოვოს პრეზიდენტს, რომლის „ჯალათებმაც მისი შვილი აწამეს“.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას ძვირადღირებული მკურნალობა საზღვარგარეთ დააფინანსოს.

For.ge თამაზ კვარაცხელიას ესაუბრა.

თქვენ აცხადებთ, რომ თქვენი შვილი აწამეს. როგორ და რა ვითარებაში მოხდა მისი წამება?

- წამება მოხდა 2011 წლის 30 სექტემბერს. 40-მდე თანამშრომლის მიერ სასიკვდილოდ სცემეს ჩემი ვაჟი, უკვე გარდაცვლილი ეგონათ, მიატოვეს თანამშრომლებმა და გავიდნენ. თუმცა უფალმა გადაარჩინა, ბავშვი მეორედ დაიბადა. ამიტომ ტვინის ქვეშ განვითარებული აქვს კავერნოზული ანგიომა, ლოკალური კერები აქვს შუბლის შიგნით და მძიმე ტკივილების ქვეშ არის. ამასთან, მხედველობა დაქვეითებული აქვს, გააჩნია დაჟეჟილობები, ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთება, ნერვული აშლილობა. ამის შემდეგ მივმართე სასამართლოს და მათ არც ადვოკატს შეატყობინეს, არც სპეციალისტი მოიწვიეს, 28 მარტს გადაეგზავნათ საქმე, უკვე 1-ელ აპრილს მივედით და მოსამართლის თანაშემწე გვეუბნება, იმდენი საქმე გვაქვს, თვის ბოლომდე არ ჩატარდება სასამართლო პროცესი, ამიტომ ერთ კვირაში გადმორეკეთ ან ჩვენ შეგატყობინებთო. ჩვენ ამას გველაპარაკებოდა და ამ დროს ბავშვთან უკვე განჩინება იყო გადაგზავნილი და უარი უთხრეს.

ჩემი ბრიფინგის შემდეგ ეს ამბავი პრემიერ-მინისტრის ყურამდე მივიდა, საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. ახლაც თავის დაწვას არ ვაპირებდი, მაგრამ ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეს. პრემიერმა თქვა, ყველაფერს მე გავაკეთებ და დააწყნარეთ პატიმრის მამაო, მაგრამ თვითონ სასამართლოს საქციელით და კიდევ სხვადასხვა მიზეზის გამო თავის დაწვა მაინც გადავწყვიტე. ბატონ ბიძინას ამის გამო დილით ბოდიშიც მოვუხადე და ეს გადაწყვეტილება მაინც მივიღე. ეკა ბესელიას მადლიერი ვარ, მან გულთან მიიტანა და ჩაერია ამ საქმეში, რეკომენდაცია გამოგზავნა, ასევე, ვემადლიერები უჩა ნანუაშვილს. მოგვიანებით ბატონი სოზარი შემხვდა. როგორც მივხვდი, ინფორმირებული არ იყო და დეტალები რომ ავუხსენი, იმდენად განიცადა, კინაღამ ცრემლები წამოუვიდა. სიტყვა მომცა, კანონის ფარგლებში მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებს და შვილს საზღვარგარეთ წამაყვანინებენ. ზუსტი თანხა არ ვიცით, მაგრამ კავერნოზული ანგიომის მარტო ერთი სეანსი ჯდება 7 ათასი ევრო. რამდენი სეანსი დასჭირდება, არ ვიცი. ღვიძლზე აქვს გართულება, რადგან წყლით სავსე ბოთლით სცემდნენ და ხუთი დღის შემდეგ მორგში ჩაიყვანეს, ხელწერილს ძალით აწერინებდნენ, თითქოს, საწოლიდან ჩამოვარდა. ამას ხელს თუ არ მოაწერ, შენს მშობლებს ტანსაცმელი რომ შემოაქვთ, სუბოტექსს ჩავუდებთო. ამიტომ იძულებული გახდა, ხელი მოეწერა. ეს ყველაფერი ხდებოდა ოლეგ ფაცაციასა და მუხაძის ხელმძღვანელობით. მათ მკვდარი ეგონათ, რადგან სისხლის გუბეში იწვა. ორი თვის შემდეგაც სხეულზე  ფეხსაცმლის ზომა და ქუსლი ეტყობოდა, რადგან ზედ 40-მა კაცმა გადაუარა.

რატომ სცემეს?

- დეტალებზე სალაპარაკოდ ვერ ვხვდები ჩემს შვილს, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით ის კადრები, რაც ხდებოდა. ყოფილ პატიმრებს ვხვდები, გახსენება არ უნდათ, ისეთ დღეში არიან. დილით იყო სიწყნარე, საღამოს კი დათვრებოდნენ და რაღაც მიზეზზე გამოგიჭერდნენ და მიდიოდა პატიმრების სიკვდილამდე ცემა-ტყეპაო. ბიჭები ამბობენ, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ ერთ საღამოს ხუთი მიცვალებული გამოუსვენებიათო. 40-მა კაცმა რომ სცემა, ხუთი-ექვსი დღის განმავლობაში კაციშვილს ვერ ცნობდა, ისე ყოფილა. პატიმრებმა გადაარჩინეს, თორემ, ექიმებმა არც მედიკამენტები მიაღებინეს და არც გასინჯეს. მეექვსე დღეს ჩაიყვანეს მორგში. ბორკილებით ჩამოჰკიდეს და სცემეს წყლით სავსე ბოთლით მუცლის არეში.

ეს მისი პირველი ცემა იყო?

- აქამდეც, სანამ სასამართლო ჩატარდებოდა, ურტყამდნენ კისრის ქვემოთ, რათა სასამართლო პროცესზე მიყვანილ ბრალდებულს სახეზე არ დატყობოდა დაზიანება, ამიტომაც უფრთხილდებოდნენ მის სახეს. პროცესი რომ მორჩებოდა, არც თავის არეში ზოგავდნენ, არც სხეულზე. ვაჟა ცხვედიანი ჯალათად არის აღიარებული, ეს კაცი იყო მე-16 დაწესებულების უფროსი. 2012 წლის თებერვლის ბოლოს ჩემს შვილს ხელფეხი რომ წაერთვა, ვაჟა ცხვედიანმა მიმართა მთავარ ექიმს, რამდენი დღე დაგვჭირდება, საბუთები მოვაწესრიგოთ და თოდუას კლინიკაში გადავიყვანოთო. ერთი კვირის განმავლობაში, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იყო ბავშვი, რომ ცხვედიანმა გულთან მიიტანა, თავის თავზე აიღო მისი გადარჩენა და მეორე დღეს სასწრაფოდ გადაიყვანა თოდუას კლინიკაში, ეს იმ პიროვნებამ გააკეთა, რომელსაც ჯალათს უწოდებენ, მაგრამ მე პირადად მას მადლობას ვუხდი.

როგორ მიმდინარეობდა თქვენს შვილის სასამართლო პროცესები?

- ახლა ველოდები პარლამენტის კანონის მიღებას საქმის გადასინჯვასთან დაკავშირებით, პრეზტენზია მაქვს გამომძიებლებთან, მოსამართლესთან მიმართებით. პირველი ინსტანციის სასამართლოში (მოსამართლე მაია შხუბულიანი) და სააპელაციო სასამართლოში (მოსამართლე მაია ივანიძე) ისეთი პროცესები ჩაატარეს, გინდაც ახლახანს, რაც გააკეთა გიორგი გიგინაშვილმა და მისმა თამაშემწემ, ეს არის ობიექტური სასამართლო? კიდევ ძველი სასამართლოს გადმონაშთებია შემორჩენილი. სააპელაციო სასამართლო კი სამასხარაო იყო, საქმე არ ჰქონდათ წაკითხული. ამჯამად, არჩილ კბილაშვილისა და თეა წულუკიანის ადამიანობის მჯერა. ბატონი არჩილი თანამდებობაზე რომ დაინიშნა, მაშინვე მივმართეთ განცხადებით, მაგრამ ქვემდებარეობით ეს საქმე გადაეგზავნა გლდანი-ნაძლადევის პროკურატურას. საქმის გამოძიება ძალიან გაჭიანურდა. მგონია, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება და აწყობთ, რაც უფრო უკმაყოფილო ხალხი ეყოლება ამ მთავრობას. ზედა რგოლებში მინისტრები და მოადგილეები შეიცვალა, ქვედა რგოლებში კი ისევ ისე ძველი კადრია შემორჩენილი. ერთ-ერთ ინტერვიუში გამომძიებელი ამბობს, მამამისი დავკითხეთო. არადა, არავის დავუკითხივართ, არც ყოფილი ადვოკატი არ დაუკითხავთ, არც ბავშვის დედა, უფრო მეტიც, ამ ექვსი თვის თავზე ბავშვი დაზარალებულადაც არ უცნიათ. 

თავის დაწვის მცდელობას არ ნანობთ?

- როგორც ქრისტიანი, მონასტრის მრევლი და მარხვაზე მყოფი ადამიანი, ამ მხრივ ვნანობ. მთლიანობაში კი არ ვნანობ, რადგან სხვა გზა არ დამიტოვეს ქვედა რგოლებმა. დედამისმა ბავშვი რომ იხილა, მას შემდეგ ძალიან მძიმედ არის და მარტო ვერ ვტოვებ. ბატონ სოზართან შეხვედრის შემდეგ თავის დაწვა გადავიფიქრე. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს. ეს მარტო სოზარზე არ არის დამოკიდებული, თორემ იქვე მომცემდა ჩემი შვილის გათავისუფლების ფურცელს. იმედი მაქვს, ყველაფერი ადვილად მოგვარდება.

თქვენ აცხადებთ, რომ სიკვდილი გირჩევნიათ, ვიდრე სააკაშვილისთვის შვილის შეწყალების თხოვნა. პრეზიდენტის მიერ მის შეწყალებაზე უარს კვლავაც აცხადებთ?

- ჩემმა შვილმა კი არა, მე რომ მითხრან, მის მაგივრად შენ დაწერე თხოვნა შეწყალებაზეაო, არ დავწერ, რადგან წინა ხელისუფლების მიერ განადგურებული ადამიანი ვარ.

თქვენი შვილი ყაჩაღობისა და ნარკოტოკების გამო გაასამართეს. ეს შეთითხნილი ბრალდება იყო?

- ეს მე გამიკეთეს და ჩემს მეუღლეს. ბავშვი სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და დააბრალეს, ვითომ მიდიოდნენ ქალებში. სოდმა ამის შემდეგ სუბოტექსი ჩაუდო, მერე ნარკოლოგიურში წაიყვანეს, იქ ვითომ აღმოაჩენდნენ ნარკოტიკის მოხმარების კვალს, მაგრამ არ აღმოჩნდა. შემდეგ ნაბეღლავის ბოთლში გახსნილ ნარკოტიკს ძალით ალევინებდნენ, არ დალია, იქაც სცემეს და იმ დღიდან მოყოლებული, ჩემი შვილი შემთხვევითაა გადარჩენილი. სწორედ ჩემი და ჩემი მეუღლის მიმართ განხორციელდა  შურისძიება, ეს ქალბატონ ელენე თევდორაძესაც ავუხსენი და ის ცუდად გახდა. სასამართლო პროცესზე ჩემს შვილს 19 წელი როცა მიუსაჯეს, ერთ-ერთი მინისტრის მოადგილეს ვკითხე, ახალგაზრდა ბიჭი ხარ და რა იყო ამის მიზეზი-თქო. ჩემი ვერსია რომ ვუთხარი, არ მჯერა, ბატონო თამაზო. თუმცა, ოთხი დღის შემდეგ გაეცინა, მართალი ყოფილხარო, მიზეზი არის აგრესიული ოპოზიციონერობაო. საპროტესტო აქციებზე დავდიოდით, არცერთ აქციას არ ტოვებდა ჩემი მეუღლე და ეს იყო ამის მიზეზი.

ადვოკატი ნათია სირაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ პაპუნა კვარაცხელია 2010 წელს უკანონო ბრალდების გამო გაასამართლეს და მაქსიმუმი, 19 წელი მიუსაჯეს. ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდება ის იყო, თითქოს, მას ჩამოჰქონდა ნარკოტიკები, მაგრამ იგი უდანაშაულოა და ეს ცალკე დასადგენი თემაა.

მისი თქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წამების შედეგად ჩამოყალიბებული მისი დაავადება იმდენად რთულია, საუბარია სიმსივნეზე, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გასკდეს და ფატალური შედეგით დამთვრდეს მისი სიცოცხლე.

ამდენად, უკვე წელიწადნახევარია ეს ადამიანი სიკვდილის განაჩენს ელოდება. ამის შესახებ განცხადებაცაა შეტანილი პროკურატურაში და გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ჯერჯერობით ტენდენციურად მიმდინარეობს. დამნაშავეები გამომჟღავნებულები არიან, მაგრამ ჯერ დაზარალებულად არ არის პაპუნა კვარაცხელია ცნობილი და მხოლოდ დაკითხულია მოწმის სახით.

„ყოველდღიურად თუ დროგამოშვებით შედიოდნენ მასთან ფაცაცია თავისი ბანდით, ასევე, მუხაძე და სხვა ჯალათები, გამოჰყავდათ კამერიდან და უსაშინლესი წამების მეთოდებით აწამებდნენ, წიხლებით დგებოდნენ. ერთ-ერთი ცემისას, როცა 50 წიხლი მოხვდა და გრძნობა დაკარგა, ცოტათი რომ მოვიდა აზრზე, ფაცაციამ დამაფურთხაო. ასეთი დამამცირებელი და ღირსების დამპყრელი ცემა-წამება გამოიარა“, - აცხადებს ნათია სირაძე.

ადვოკატის თქმით, კვარაცხელიასგან არჩადენილი ყაჩაღობის აღიარებას ითხოვდნენ. ამჯერად პატიმარს სასწრაფოდ სჭირდება სხივური თერაპია, რომელიც  საქართველოში არ ტარდება. ქირურგიული ოპერცია ყოვლად გამორიცხულია, რადგან ისეთ ადგილას აქვს სიმსივნე, ტვინში, რომ იქ ოპერაციის ჩატარება წარმოუდგენელია.

„დედისერთა შვილია და როგორი ასატანია მშობლებისთვის, რომ შვილი უკვდებათ და ამ დროს ზოგიერთები თავის მართლებით ცდილობენ დახმარებისგან თავის არიდებას. პროკურატურაში საქმე ჭიანურდება, ამიტომ მივმართე თეა წულუკიანს, არჩილ კბილაშვილს, ეკა ბესელიას. ალბათ, საქმის ძიებას დაიწყებენ. ახლა მთავარია, ამ ბიჭის გათავისუფლება, რომ მისი რეაბილიტაცია სასწრაფოდ მოხდეს. ბიძინა ივანიშვილის  ჩარევა ამ საქმეში და მისი მკურნალობის დაფინანსება უდიდესი სიკეთეა“, - აღნიშნა ადვოკატმა.