რომან გოცირიძე: „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოუდგენლად დიდი სკანდალია

რომან გოცირიძე: „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოუდგენლად დიდი სკანდალია

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ენკას" მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტრაქტის შეწყვეტა დიდი სკანდალია.

მისივე თქმით, ამ ყველაფერში საქართველოს მთავრობაა დამნაშავე. როგორც გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მთავრობის პასუხისმგებლობაა პროექტის არასწორად გაფორმება და მისი ჩაშლა.

„ეს არის წარმოუდგენლად დიდი სკანდალი, შეიძლება, ეს ანაკლიის პროექტს შევადაროთ და ვთქვათ, რომ ეს არის „ანაკლია 2", როცა ინვესტორს მშენებლობის დაწყების უფლება მისცენ, გააჩერეს და ინვესტორი გაიქცა. ვინც ამას ხელი შეუწყო, ის არის ან შეუგნებელი მტერი, ან ხალხის მოღალატე. ამ ყველაფერში დამნაშავეა საქართველოს მთავრობა, 50-მდე პროექტია შეჩერებული და ენერგეტიკაში რამდენიმე მილიარდის ინვესტიციაა გაჩერებული. გაჩერებულია „ხუდონი", „ნენსკრა". ალბათ, კორეელი ინვესტორები ასევე გაიქცევიან, რადგან წლებია, ხელისუფლებისგან რაღაც პასუხს ელოდებიან. ხელისუფლება რუსეთის მიერ მართულ შავრაზმულ თამაშებთან თამაშობდა და მათ თბილისში მიტინგი გაამართვინა. აბა, მიდი, რუსთაველი გადაკეტე, მათ თავისუფლებისა და რუსთაველის გამზირები გადაკეტილი ჰქონდათ. ხელისუფლება ამ პროცესებს ჩუმად მართავდა, საბოლოო ჯამში, პროცესი იქამდე მიიყვანეს, რომ ქვეყანას შეიძლება, ასეულობით მილიონის ჯარიმა დაუწესდეს. ყველა დაისჯება, ვინც ამ ღალატის ტოლფასი ქმედება ჩაიდინა. ხელისუფლება იმიტომ არის დამნაშავე, რომ თავიდან ხარვეზები იყო. როცა დღეს წულუკიანი აცხადებს, რომ პროექტში შეცდომა იყო დაშვებულიო, მთავრობის წევრი თავად არ იყო? გიორგი გახარია არ იყო, რომ მას ხელი შეახოცონ. ანუ, მთავრობის პასუხისმგებლობაა პროექტის არასწორად გაფორმება და მისი ჩაშლა.

ამ ხელშეკრულების კორექტირება შეიძლებოდა, მაგრამ ინვესტორმა დაინახა, რომ ერთი წლის მანძილზე ხელისუფლებისა და რუსეთის მიერ მართული შავრაზმული ძალების მიერ ტერორის ქვეშ იყო. როცა ინვესტორმა დაინახა, რომ ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მოქმედებს და არა ინვესტიციების მოზიდვისთვის, ჩათვალეს, რომ მას პერსპექტივა არ აქვს. აბა, ივანიშვილის პროექტი ყოფილიყო, ხელისუფლება თუ გააჩერებდა. აბა, ვინმემ „პანორამა თბილისთან" პროტესტი დაიწყოს, მთებს გააჭრეს თავი და ამ პროექტის წინააღმდეგ ვინმე გამოდის?", - განცხადა რომან გოცირიძემ.