ოსკაროსანი მსახიობი და გაერთიანებული სამეფოს საპატიო წოდების მქონე შემსრულებელი სერ თომას შონ კონერი იმ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთია, რომელმაც წარმატების მისაღწევად ძალიან რთული, ამავდროულად კი საინტერესო და მრავალფეროვანი გზა განვლო. ყველასათვის კარგად ცნობილი აგენტი 007-ის პირველმა შესმრულებელმა კინემატოგრაფიის კოლექტიურ მეხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და მაყურებელს ნახევარსაუკუნოვანი კინომემკვიდრეობა დაუტოვა.
თომასი 1930 წლის 25 აგვისტოს ედინბურგში, შოტლანდიაში დაიბადა. შემსრულებელმა სკოლა ადრეულ ასაკში მიატოვა და მუშაობა დაიწყო. 1946 წელს შონი საზღვაო ძალებს შეუერთდა და 16 წლის ასაკში სამეფო ფლოტში ჩაირიცხა, თუმცა, სამედიცინო მიზეზების, კერძოდ კი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამო 19 წლის ასაკში სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
სამსახიობო კარიერის დაწყებამდე ახალგაზრდა შონი გაჭირვების გამო სხვადასხვა პროფესიას ირგებდა. სამეფო საზღვაო ფლოტის შემდეგ ის გარკვეული დროით სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა, იყო კურიერი, რომელსაც რძე დაჰქონდა, დაკავებული იყო ბოდიბილდინგით, შემდეგ კი ედინბურგის ხელოვნების კოლეჯში მენატურედ მუშაობდა, მის სამსახურეობრივ მოვალეობაში ერთი პერიოდი კუბოების გაპრიალებაც კი შედიოდა.
შონ კონერი ახალგაზრდობაში დაინტერესებული იყო სპორტული აქტივობებით, კერძოდ კი ფეხბურთის თამაშით. რა თქმა უნდა, ნიჭიერი ახალგაზრდა ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. Matt Bubsy-ის მისი თამაშის სტილი და მონაცემები იმდენად მოეწონა, რომ Manchester United-თან კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, შეთანხმების მიხედვით კონერს გუნდში კვირაში 25 ფუნტის ფასად უნდა ეთამაშა. ახალგაზრდა შემსრულებელი მიხვდა, რომ ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლე იქნებოდა და ხალგრძლივ წარმატებას ვერ მოუტანდა, ამიტომ მან შემოთავაზებაზე უარი თქვა და ბედი სცენაზე სცადა. შონ კონერმა რამდენიმე წლის შემდეგ საფეხბურთო გუნდის შემოთავაზების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და მას ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გონივრული ნაბიჯი უწოდა.
ჰოლივუდის ვარსკვლავური თაობის წარმოსადეგი მსახიობი ღარიბ ოჯახში დაიბადა, მისი სახლი ორი ოთახისგან შედგებოდა, რომელშიც ოჯახის წევრებთან ერთად იზრდებოდა. ადრინდელ ინტერვიუებში შემსრულებელი ხშირად აღნიშნავდა, რომ მის ოჯახს ეკონომიკურად ძალიან უჭირდა.
“ჩვენ ძალიან ღარიბები ვიყავით, თუმცა ამ ყველაფერს ბავშვობაში ვერ ვგრძნობდი, ვერ ვაცნობიერებდი რამდენად გვიჭირდა, რადგან მაშინ ყველა ჩვენნაირად ცხოვრობდა.”
1951 წელს ედინბურდის სამეფო თეატრის სცენაზე შონ კონერის დებიუტი შედგა, 1954 წელს კი მისი მონაწილეობით პირველი ფილმი Lilacs in the Spring გამოვიდა, რომელშიც მანე პიზოდური როლი შეასრულა. შონმა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები სამსახიობო კარიერაში 1957 წელს გადადგა, როდესაც მან No Road Back-ში ითამაშა, იმავე წელს კი მან Blood Money-ში მთავარი როლი მიიღო.
გლობალურ პოპვარსკვლავს კარიერის მანძილზე 70-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. 1950-იან წლებში ის უკვე ბრიტანეთის უამრავ ფილმსა და სატელევიზიო პროგრამებში იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად ბევრი წარმატებილი ფილმისა, მსახიობს საყოველთაო აღიარება და ცნობადობა ჯეიმს ბონდის როლმა ფილმიდან Dr. No მოუტანა, რომელიც 1962 წელს გამოვიდა. შონმა სამსახიობო კარიერის განმავლობაში შექმნა აგენტი 007-ის ორიგინალური სახე, რომელიც მან ფილმის შვიდივე ნაწილში მოირგო და პერსონაჟის მომავალი შემსრულებლებისთვის სამაგალითო გახდა.
შონ კონერის სამსახიობო კარიერა რამდენიმე ათწლეულს მოიცავს. მიუხედავად ბევრი განსხვავებული და მრავალფეროვანი როლისა, მსახიობს კინოაკადემიის ჯილდო ფილმ The Untouchables-ში შესრულებულმა როლმა მოაპოვებინა. მსახიობმა „ოსკარი“ მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ოსკაროსანი მსახიობი ბევრ საინტერესო ხელოვანთან ერთად მუშაობდა. საზოგადოების ნაწილისთვის დღესაც უცნობია, რომ შონ კონერმა ფილმ “წითელ კარავში” ითამაშა, რომელიც ქართველმა რეჟისორმა მიხეილ კალატოზიშვილმა გადაიღო.
ჰოლივუდის ვარსკვლავთა უმეტესობა კარიერის დასასრულს საჯარო განცხადებას აკეთებს იმ მოტივით, რომ კინოსამყაროს აღარ დაუბრუნდება, თუმცა საინტერესო პროექტის გამოჩენისთანავე ხშირად აზრს იცვლიან და გარკვეული მიზეზების გამო ტელეეკრანებს უბრუნდებიან. შონ კონერი აღნიშნულ მსახიობთა რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება.
ვარსკვლავმა პროფესიულ საქმიანობას თავი 2006 წელს დაანება, მას შემდეგ მიღებულ კინოშემოთავაზებებზე კი უარი თქვა, რომელთა შორის იყო სახალხოდ ცნობილი და წარმატებული ფილმის ინდიანა ჯონსის ბოლო ნაწილი, რომელშიც მსახიობს ჰენრი ჯონსის როლი უნდა შეესრულებინა. შონს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა რეჟისორ სტივენ სპილბერგთან, რაც კიდევ უფრო მეტად უჩენდა სურვილს მასთან ეთანამშრომლა, თუმცა მან დადებული პირობა შეასრულა და კინემატოგრაფიას აღარ დაუბრუნდა. შონის განცხადებით, რეჟისორს თავისი პერსონაჟის მოკვლაც კი შესთავაზა, რადგან მას მნიშვნელოვანი როლი შემდეგ ნაწილებში ისედაც აღარ ჰქონდა.
“ამ სამყაროში თუ რამეს შეეძლო ჩემი კინოსამყაროში დაბრუნება, ეს ალბათ ინდიანა ჯონსის ფილმი იქნებოდა. ფილმმა მაყურებელზეც შესანიშნავი ზეგავლენა მოახდინა, თუმცა ვფიქრობ ჰენრი ჯონსის შესახებ მოსაყოლი საინტერესო ისტორია აღარ დარჩა. სტივენ სპილბერგი გენიალური რეჟისორია, აღფრთოვანებული ვიყავი მასთან თანამშრომლობით. ზოგადად, მგონია, რომ სტივენს ცუდი ფილმის გადაღება არ შეუძლია. მაგრამ პენსიაზე ყოფნა ძალიან მომწონს, ამიტომაც არ ვაპირებ აზრი შევიცვალო.” – აღნიშნა მსახიობმა.
გაერთიანებული სამეფოსთვის კეთილი საქმის კეთებაში შეტანილი წვლილისთვის, კინოსა და დრამატურგიაში გაწეული სამსახურისთვის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ 2000 წელს რაინდად აკურთხა. 21-ე საუკუნე ეს არის დრო, როდესაც რაინდად კურთხევა რადიკალურად განსხვავდება ძველი დროის რაინდად კურთხევის ცერემონიისგან, მსგავი პატივი კი დღევანდელობაში ადამიანებს ძალიან იშვიათად ერგებათ.
შონ კონერი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის წევრი იყო და ქვეყნის დამოიუკიდებლობას ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს.
“მე არ ვარ ინგლისელი, არასდროს ვყოფილვარ და არც მინდა, რომ ვიყო. მე შოტლანდიელი ვიყავი, ვარ და მუდამ ვიქნები. ღრმად მწვამს, რომ ჩვენს ქვეყანას რამდენიმე ნაბიჯი აშორებს დამოუკიდებლობისა და თანასწორობისგან. მე არაერთ ქვეყანაში მიცხოვრია და მიმუშავია მსოფლიოს გარშემო, მაგრამ ყოველთვის ვბრუნდებოდი შოტლანდიაში, რადგან აქ ჩემი სახლია და ეს ადგილი ემოციურად არასდროს დამიტოვებია.”
სერ თომას შონ კონერი იყო მსახიობი, რომელმაც კინოსამყაროს ისტორიაში მნიშნელვოვანი ადგილი დაიკავა, შემსრულებელი 2020 წლის 31 ოქტომბერს ბაჰამის კუნძულებზე ყოფნის დროს, 90 წლის ასაკში, ძილში გარდაიცვალა.