საქართველოში „ვიკილიქსის“ მსგავსი სკანდალი განვითარდა. ცნობილი ვებგვერდის „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციებს აქვეყნებდა, მათ შორის, აშშ-ის დიპლომატებს შორის კერძო საუბრებს, მსოფლიოს ლიდერების გულწრფელ შეხედულებებს, ინფორმაციებს სამხედრო ოპერაციაზე ავღანეთსა და ერაყში. ხსენებული მასალები მას საიდუმლო სამსახურების არქივებიდან ჰქონდა მიღებული.
დაპატიმრების შემდეგ ჯულიან ასანჟი ვისთვის გმირად, ვისთვის კი დამნაშავედ იქცა. ფაქტია, ასანჟის მიერ გამოქვეყნებულმა მასალებმა დიდი უხერხულობა შეუქმნა აშშ-ის დიპლომატიას.
დღეს კი ქართული მასალების გამოქვეყნებამ ასეთივე უხერხული რეაქცია გამოიწვია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ დიპლომატებს შორის.
სუს-ის ფაილების გამო საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში დაიბარეს. პარალელურად, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დიპლომატიურად შეგვახსენა, რომ დასავლეთს არ მიაჩნია ბუნებრივად, რომ საქართველოს მსგავსი ახლო მეგობარი და პარტნიორი ამგვარ საქმიანობაში იქნებოდა ჩართული.
ჰარცელი ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს შეახსენებს, რომ მათ იმ საფრთხეებზე უნდა იმუშაონ, რაც ქვეყანას ემუქრება ტერორიზმთან, შპიონაჟთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი ძალიან ფრთხილად უნდა განხორციელდეს, ელჩებს კი ვენის კონვენცია იცავს, რომელიც დიპლომატიურ ურთიერთობებს აწესრიგებს.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ჩვენი ელჩის დაბარებით ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა, მამუკა ხაზარაძე კი ფიქრობს, რომ სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების მოსმენა მავნებლობა და დანაშაულია ქვეყნისა და საკუთარი ხალხის წინაშე.
კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ „უნდა მოუსმინონ მათ, ვინც მოსასმენია, მათ შორის, დიპლომატებსაც, თუ ასეა საჭირო“.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დიპლომატების მოსმენა უკვე სკანდალია. ეს არის კონკრეტულად ვენის 1961 წლის კონვენციის ოთხი მუხლის უხეში დარღვევა. ვენის 61 წლის კონვენცია დიპლომატებს იცავს, მათ ხელშეუხებლობა აქვთ, დიპლომატის ტვირთიც კი არ ისინჯება, თუკი თვითმფრინავით მიფრინავს დიპლომატი. ნახევარი საქართველოს ქონებაც რომ გაიტანოს, ვერ გავსინჯავთ მის ბარგს, თუკი ამისთვის სასამართლო დადგენილება არ არსებობს.
სოსო ცინცაძის თქმით, ორი-სამი წლის წინ ისიც გაირკვა, რომ ამერიკელები უსმენდნენ მერკელს. ისიც ცხადია, ორი ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენდნენ მერკელს, მაგრამ არ უნდა „დაეჭირათ“ ისინი მოსმენის დანაშაულში. თუ ამ საქმეში კონკრეტული პირები დაიჭირეს, მათ პასუხი უნდა აგონ. ქურდობის დროსაც იგივე ხდება, ქურდს თუ მოპარული შერჩა, ე.ი. შერჩა და გაიხარა, მაგრამ, თუ დაიჭირეს, ციხეში მიდის.
„შეიძლება, ვინმემ იკითხოს, დიპლომატებს ყველა ქვეყანაში არ უსმენენ? უსმენენ შერჩევით, ვინც აინტერესებთ. ბურკინა-ფასოს დიპლომატს არავინ მოუსმენს ამერიკაში, არც საქართველოს დიპლომატს არ მოუსმენენ ამერიკაში, ეს არავის აინტერესებს, მაგრამ ევროპის დიპლომატებს, მით უმეტეს, გერმანიის დიპლომატს, ჩინეთის საელჩოს, ცხადია, უსმენენ. ეს ყველამ იცის, საიდუმლოებას არ წარმოადგენს, ყველა ქვეყანა ცდილობს, ისე მოუსმინოს დიპლომატებს, არ ჩავარდეს. თუ ჩავარდა, სკანდალია, რომელიც ოფიციალურად ბოდიშის მოხდით მთავრდება. ყოველ შემთხვევაში, ამას ომები არ მოჰყოლია“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ დიპლომატების მოსმენა ვენის კონვენციის დარღვევას უკავშირდება, რომელიც 1961 წელს მიიღეს, სახელწოდებით, „დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ“. ეს კონვენცია დიპლომატის ყველანაირ დაცულობას უზრუნველყოფს, მისი იმუნიტეტის ფარგლებში, მათ შორის, საინფორმაციო უსაფრთხოებასაც. თუკი დიპლომატიურ კორპუსს უსმენდნენ, ეს არის მათ პირად ცხოვრებაში ჩარევა და, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებელია მასპინძელი, ანუ მიმღები ქვეყანა, საქართველო.
„ვფიქრობ, მოსმენების გამო საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟი შეილახა. დიპლომატებს ძირითადად დიქტატორულ ქვეყნებში უსმენენ, სადაც ეჭვები აქვთ, რომ კონკრეტული დიპლომატი სადაზვერვო საქმიანობას ეწევა. დემოკრატიულ ქვეყნებშიც ხორციელდება მოსმენები, ოღონდ სახელმწიფო ინტერესებიდან და არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე. დიდი ხნის წინ, როდესაც იყო უოტერგეიტის სკანდალი, მაშინ სხვანაირი ტექნოლოგიები იყო გამოყენებული, „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა შემდგომში სტატია, რომ დემოკრატიული პარტიის სხდომებს უსმენდნენ, ამის შემდეგ, სანამ იმპიჩმენტს მოუწყობდნენ, პრეზიდენტი ნიქსონი გადადგა თანამდებობიდან. დემოკრატიულ ქვეყნებში ვინმე თუ ჩადის მსგავსი ტიპის დარღვევას მოსმენებთან დაკავშირებით, ის აუცილებლად გადადგება და პასუხისმგებლობას იზიარებს“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ და განმარტა, რომ დიპლომატებს უსმენენ იმიტომ, რომ არ ენდობიან მათ, აინტერესებთ, რას საუბრობენ ისინი ძირითადად ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებით.
ეს მაშინ, როცა ჩვენი მეგობარი ქვეყნების დიპლომატთა საქმიანობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს. თუკი ეჭვები არსებობს, მაშინ ეს კონკრეტული პარტიის, კონკრეტული ადამიანის ინტერესშია და არა ქვეყნის ინტერესში. ზოგადად, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ეჭვების არსებობა პატარა ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. მათ ჰგონიათ, ყველა დასცინის, ზურგსუკან კონსპირაციას უმზადებენ, ესენი არიან პარანოიდული ლიდერების ტიპაჟები, რომლებიც რატომღაც უნდობლობით უყურებენ უახლოეს გარემოცვას, თუნდაც შესვენებაზე თანამშრომლის გასვლა აღიზიანებს ასეთ ლიდერებს.
„არ ვიცი, მნიშვნელოვანია, თუ უმნიშვნელო საქართველოში მოღვაწე დიპლომატებთან დაკავშირებული ჩანაწერები, მაგრამ მოსმენა იკრძალება საქართველოს კონსტიტუციითაც. საქართველოს კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ მიმოწერა თავისუფალია, გარდა კანონით გათვალისწინებული აუცილებლობისა. სასამართლოს დადგენილება უნდა არსებობდეს, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებას პრობლემა ემუქრება და, აქედან გამომდინარე, შეიძლება დასჭირდეთ მოსმენა. ცხადია, ამერიკაში ახორციელებენ მოსმენებს, ამის დასტურია „ვიკილიქსის“ სკანდალი, სნოუდენი და სხვა, მაგრამ იქ სახელმწიფო ინტერესებიდან და არა კონკრეტული ადამიანის პარანოიდული ინტერესებიდან გამომდინარე ხდებოდა ეს ყველაფერი“.