შალვა პაპუაშვილი: იმ პირობებში, როცა მედიის მხრიდან ხდება ჩანაწერების საკითხით აჟიტირება, განმარტებებს ვაძლევთ, მათ შორის დასავლელ პარტნიორებსაც

შალვა პაპუაშვილი: იმ პირობებში, როცა მედიის მხრიდან ხდება ჩანაწერების საკითხით აჟიტირება, განმარტებებს ვაძლევთ, მათ შორის დასავლელ პარტნიორებსაც

იმ პირობებში, როცა, სამწუხაროდ, მედიის მხრიდან ხდება ამ საკითხით აჟიტირება, რა თქმა უნდა, განმარტებებს ვაძლევთ, მათ შორის ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა გავრცელებული სავარაუდო ფარული ჩანაწერების თემაზე საქართველოს ელჩის ევროკავშირის ოფისში დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამაში არაფერი სკანდალური არ არის. კონკრეტულად ამ შეხვედრის შესახებ არ ვიცი, თუმცა, ასეთ პირობებში, როდესაც, სამწუხაროდ, მედიის მხრიდან ხდება ამ საკითხით აჟიტირება, რა თქმა უნდა, განმარტებებს ვაძლევთ, მათ შორის ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც. ეს საჭიროა და ამ კომუნიკაციაში ყველა ჩვენი არხებით ვართ, რათა განმარტებები მივცეთ. როგორც საზოგადოებას ვაძლევთ განმარტებას, ასევე ვაძლევთ განმარტებას ჩვენს დასავლელ პარტნიორებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ გავრცელებულ სავარაუდო ფარული ჩანაწერების თემასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.