არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ წევრი ნანა კაკაბაძე სავარაუდო ფარული ჩანაწერების საკითხს დღეს ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
ნანა კაკაბაძის თქმით, პროკურატურამ გამოძიება აღნიშნულ საქმეზე სხვა მუხლებითაც უნდა დაიწყოს. კაკაბაძე კერძო პირების მიმართ უფლებების დარღვევის შესახებ საუბრობს. იგი მომხდარზე რეაგირებას ომბუდსმენისა და სახელმწიფო ინსპექტორისგან ითხოვს.
„გამოძიება უნდა დაიწყოს 157 და 159-ე მუხლებით, რაც კერძო პირების ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება-გავრცელებას ითვალისწინებს, რომლის მსხვერპლი მეც გავხდი. მოსმენის ეგიდით ხდება რაღაც სხვა, უშინაარსო არაფრისმთქმელი დიალოგების გავრცელება. ჩემი და სხვების მისამართით ეთერებში გაუთავებლად მიდის ამ ინფორმაციის ტრიალი. რატომ არ დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება?! ომბუდსმენს დღემდე ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია“, - განაცხადა კაკაბაძემ.
საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.